საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ჩვენ შესახებ

ჩვენ საქმიანობა 2013 წელს დავიწყეთ. ანდრო ბარნოვის თაოსნობით და სააკაშვილის საპრეზიდენტო ფონდის მხარდაჭერით დავიწყეთ სიარული მთელ საქართველოში და ვეძებდით ამბიციურ მეღვინეებს, ვისაც უნდოდა, რომ საკუთარი ღვინის ხარისხით სახელი გაეთქვა.

პირველ ეტაპზე 218 მეღვინის პროდუქცია შევარჩიეთ და დავიწყეთ ანალიზი. აღმოჩნდა, რომ საჭირო სტანდარტს მხოლოდ 3 შეესაბამებოდა. ეს რა დაბრკოლებააო, ვიფიქრეთ და წელს იმავე ხალხმა 30-ზე მეტი შესანიშნავი ღვინო აწარმოა.

როგორ? როგორ და, კარგად ვიცით, რა უჭირს გლეხს. არც საჭირო ჭურჭელია აქვს, არც ხელსაწყოები, არც ახალ ინფორმაციას აწვდის ვინმე, ღვინის შენახვა კი კლიმატის ცვლილებასთან ერთად სულ უფრო რთულდება.

ამიტომ, მოვუყარეთ თავი ამ შესანიშნავ ხალხს, დავნაწილდით ასოციაციებად კახეთში, ქართლში, რაჭასა და ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთსა და მესხეთში, მოვიწვიეთ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და მთელი წელი ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში გავატარეთ.

შევიძინეთ ხელსაწყოები. ცხადია, ყველას საკუთრად ვერ ვუყიდიდით, ამიტომ ასოციაციებში მოვუყარეთ ყველაფერს თავი და ვისაც სჭირდება, იქ თხოულობს.

ამის გარდა, ჩვენს წევრებს მუდმივ კონსულტაციებს ვაწვდით, მივდივართ, ვნახულობთ ვენახს, მარანს, ჭურჭელს; ვეკითხებით რას როგორ აკეთებს და ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ.

შემდეგ ამ ფანტასტიურ ხალხს ფესტივალებზე ვიწვევთ, თავიანთი ფანტასტიური ღვინოებით. მარტო შარშან სამი ფესტივალი ჩავატარეთ ქართლში, იმერეთში და რაჭაში. ასევე, მონაწილეობა მივიღეთ კახეთის ფესტივალში. წელს კიდევ ჩავატარებთ ფესტივალებს და ასე გავაგრძელებთ მუდმივად.

ამასობაში ჩვენი წევრების რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. მათი პროდუქცია, ვინც ფეხი აგვიწყო და კარგი ღვინო აწარმოა, უკვე იყიდება თბილისში, ბათუმში, ახალციხეში და ონში. ასევე, გავაკეთეთ ძალიან მაგარი ვებგვერდი www.enoteca.ge, სადაც ყველა ჩვენი ღონისძიების გაცნობაც შეიძლება, ღვინოსა და ვაზზე დეტალური ინფორმაციის მიღებაც და ღვინის ყიდვაც.

მოკლედ, კარგ საქმეს ვაკეთებთ, ძალიან გვიხარია, რომ მთელ საქართველოში უამრავი ძალიან მაგარი ადამიანი გავიცანით, ერთად დავდექით და საქმეს ვაკეთებთ. ახლა ტურიზმში ჩართვასაც ვიწყებთ და ნელ-ნელა საერთაშორისო ბაზრებზეც გავდივართ.

ჩვენი წევრები ყველაზე მაგარი ხალხია! საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, მეღვინეებს გაუმარჯოს!