ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
სამი საათი და თხუთმეტი წუთი
სამი საათი და თხუთმეტი წუთი
2020-08-17

დილით გავიღვიძე და ვნახე, რომ მაგვიანდება, სწრაფად მოვაგვარე ტრადიციული რუტინა და სწრაფადვე გამოვედი სახლიდან. მაგისტრალზე ვარ და თან ვნერვიულობ. გარეთ საცობია, მე კი ძალიან მაგვიანდება, რადგან დათქმულ დროს უკვე საკმარისად გადავაცილე.
მოულოდნელად ჩემმა ქვეცნობიერმა შემომძახა: “- რა განერვიულებს, არ იცი სად მიდიხარ? “ ამის გაფიქრება და ჩემს უკმაყოფილო სახეზე ღიმილიც გამოჩნდა. მე ხომ “ღვინის ოსტატებში” მივდივარ. იქ, სადაც ყოველთვის გელოდებიან, დაგვიანების შემთხვევაში კი არ ბრაზდებიან, ანდაც, როგორ გინდა გაბრაზდე, როცა წედისში გაშენებულ ჰარმონიასა და საოცარ არომატებში გაჟღენთილი ცხოვრებით იკვებები.
მოკლედ, გორში ჩავედი, კიდევ შვიდი კილომეტრი გავიარე და “ღვინის ოსტატების” მეღვინეს, ჩემს მასპინძელ ანდრო ბარნოვს შევხვდი. ტრადიციას არც ახლა ვუღალატეთ და მარნისკენ დავიძარით.
დეგუსტაციის პროცესში ანდრომ გიდობა გამიწია და დეტალურად ამიხსნა,  რა გზას გადის ღვინო ვენახიდან-სასმისამდე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი ის გახლდათ, რომ “ღვინის ოსტატები”-ს მარანში ყველა ღვინო ნატურალურია, რაც ნიშნავს, რომ არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, არ იფილტრება და ველურ საფუარზეა დაყენებული. დიდ ყურადღებას აქცევენ ტერუარს და სხვადასხვა ვენახის ღვინოს ერთმანეთში არ ურევენ, თვითონ კი 15 ჯიში აქვთ გაშენებული 5 ჰექტარზე და წელს პირველ რთველს იზეიმებენ მთავარ ვენახში. დაწურვის შემდეგ ღვინოს ათავსებენ ქვევრში, რომელიც შესაბამის ტემპერატურას ნიადაგის დახმარებით ინარჩუნებს. დუღილის პროცესისთვის სასმელი ქვევრში 8-9 თვეს ატარებს, ამ დროის განმავლობაში სამ ქვევრს გამოიცვლის და ქვევრშივე გამოიზამთრებს.
ზამთარ გამოვლილი ღვინისთვის გაზაფხულზე ახალი ეტაპი იწყება. ქვევრიდან იღებენ ღვინოს და უჟანგავი ფოლადის ავზებში გადააქვთ, სადაც კიდევ ერთ წელს ტოვებენ დასაკვირვებლად. ქვევრიდან ამოღებისას, თუ ანდრო იტყვის, ღვინოს ჟანგბადი დაკლებიაო (რასაც, თურმე, მიკროოქსიდაცია ჰქვია), მაშინ ამ კონკრეტულ ღვინოს მუხის ძველ კასრში გადაიტანენ (ქვევრისგან განსხვავებით, მეტ ჟანგბადს აწვდის ღვინოსო) და თვენახევარი დატოვებენ, შემდეგ კი ამასაც უჟანგავ ავზში შეინახავენ მომდევნო აპრილამდე, როდესაც კიდევ ერთხელ შეუცვლიან ადგილს (მარნის სხვა, მესამე სივრცეში გადააქვთ) და შემდეგ კი ბოთლებში ჩამოასხამენ. ამ დროს ღვინო თითქმის  ორი წლისაა, მაგრამ ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს, მაინც არ უკეთებენ რეალიზაციას მაშინვე. მესამე ზამთარი ბოთლში უნდა გაიაროსო, ასე ამბობს მასპინძელი.  ყინვა რომ მოუშვებს და ღვინო გაიღვიძებს, იწყება პირველი პიკი, ასეთი სურნელი ღვინოს მანამდე არასოდეს ქონიაო. სწორედ ამ დროს იწყებენ გაყიდვას, თუ რამე გადაურჩა დალევას :)
მოკლედ, ბევრი საოცარი ღვინო გავსინჯე. ცოცხალი, ჩვეულებრივად ცოცხალი და ხასიათიანი ღვინოები. ხან ჩინური-მწვანეს მინდვრის ყვავილების სიომ დამიბერა, ხან ხაშმის რქაწითელი მაფრქვევდა მის სანთლისა და ფორთოხლის კანის არომატებს, ხანაც ანდროს მეგობრის მოტკბო “ტვიშით” ვიკოკლოზინებდი ყელს-“ახლა ჩამომიტანა, ნამდვილი ნატურალური ტვიშია, ასეთს ვერსად დალევო”, მარწმუნებს. კიდევ ორი მეგობრის ღვინოები გამასინჯა, საზანოდან და ბაღდათიდან, ნაზი, საოცრად არომატული ღვინოები, ესენიც ახლა ჩამოიტანეს, ერთობლივი დეგუსტაციებს ვატარებთ ხოლმეო - იცინის. ანდრო კი იცინის, მაგრამ მე მივხვდი, რომ ასეთი ღვინოების პოვნა თბილისში შეუძლებელია. მთელი საღამოს განმავლობაში ბევრს მიყვებოდა მის მეღვინე მეგობრებზე და მივხვდი, რომ ღვინის ოსტატების მარნები ღვინის ტაძრებივითაა, ეს ადამიანები ღვინის ცხოვრებით ცხოვრობენ და მარნიდან თითქმის არ გამოდიან. რა გასაკვირია, რომ ღვინო ასე ღრმად ესმით და ასეთი არაჩვეულებრივიც გამოსდით.
უცნაური კია, მაგრამ ეს ხალხი თითქოს არც ფიქრობს ღვინის გაყიდვაზე, უბრალოდ ემსახურებიან ღვინის საქმეს და ამბობენ, თავისით იყიდებაო! :) მხოლოდ სულ ახლახან შეკრებილან ტერუარული ღვინის საზოგადოების ხალხი და ერთობლივ ონლაინ გაყიდვებს ვგეგმავთო. ტერუარულ საზოგადოებაზე მერე მოგიყვებით.
მოკლედ, თუ გადაწყვეტთ, ჩემი თავგადასავალი თქვენს თავზეც გამოსცადოთ, შეგიძლიათ ეწვიოთ “ღვინის ოსტატებს” ან შეუკვეთოთ სასურველი ღვინო ონლაინ მაღაზიაში, რომელსაც, როგორც ანდრომ მითხრა, რამდენიმე დღეში აამუშავებენ.
დღეს ჩემი სტუმრობა მხოლოდ ღვინოების დეგუსტაციით შემოიფარგლებოდა, რომელმაც საბოლოოდ შეძლო და დამავიწყებინა ქაოტურად დაწყებული დღე, არომატების ზეიმმა კი უამრავი ემოცია შემომიკრიბა გარშემო. ასე დადებითად დამუხტულმა და გაოცებულმა დავტოვე “ღვინის ოსტატების” მარანი.

 

სიახლეები