ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
მზისფერი ბედნიერება ჭიქაში
მზისფერი ბედნიერება ჭიქაში
2020-08-18

როცა საქმე ღვინოს ეხება, მე ყველაზე არაკომპეტენტური ვარ. რა მაკავშირებს ღვინოსთან, გარდა იმისა რომ ქართველი ვარ, ანუ ღვინის სამშობლოს ქვეყნის შვილი? ბევრი არაფერი _ მოგონებები ბაბუსათან, რომელიც როცა თბილისთან ახლოს მიწას ეძებდა სააგარაკედ, ერთადერთი კითხვა ჰქონდა _ აქ ვაზი თუ ხარობსო, ჰოდა ამ ნიშნით საგურამოში იყიდა მიწა და სწორედ იქ შედგა ჩემი პირველი შეხება ვაზთან და მის ნაჟურთან, მახსოვს გოგირდის ბოლის სუნი, ქვევრიდან ღვინის ამოღების სცენა და ის უცნაური ჭურჭელი, ამისთვის რომ იყენებდა ბაბუა. ასევე ოჯახური სადილები, რომელსაც აუცილებლად ჭიქა ღვინოსთან ერთად მივირთმევდით.

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ბიოღვინო _ ღვინო, როგორც ცოცხალი ორგანიზმი და ადამიანი, რომელიც ღვინოს მთელი გულით ქმნის და მას საკუთარი შვილივით ეპყრობა. მერე მრავალი უნიკალური ღვინო დავაგემოვნე და თითოეულის საოცარი ისტორია მოვისმინე. ერთი თავკვერის ისტორია ჩემი ცხოვრების ისტორიასაც კი მივამსგავსე. ჰოდა შემიყვარდა... ცოცხალი ღვინო შემიყვარდა და იმის მერე მივხვდი, მკვდარ ღვინოს ვეღარ დავლევდი. მეტიც ძალიან მომინდა ყველასთვის მეთქვა, რომ ჭიქაში მზისფერი ბედნიერება აქვე ჩვენთან ახლოს არსებობს და ჩვენ კი, შესაძლოა, არც კი ვიცოდეთ ამის შესახებ.

"ღვინის ოსტატების" (და ეს სახელი შემთხვევითი არ არის, აქ მართლა ოსტატობასთან გვაქვს საქმე) მარანში იმ დღეს ბევრი ღვინო დავლიე, იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე _ ჩინური, შავკაპიტო, რქაწითელი, გორული მწვანე, თავკვერი... უცნაური იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ყოველი ახალი გემო, არომატი და ისტორია, საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში მეხმარებოდა, ვეღარც კი გავიგე - მე ვსინჯავდი და ვაგემოვნებდი მათ თუ ისინი - მე. უჩვეულო კიდევ ის იყო, რომ მეორე დღეს, დილას, თავი სულ არ მტკიოდა, ე.წ. ნაბახუსევი საერთოდ არ მქონდა.

ხშირად მსმენია სიყვარულზე უთქვამთ _ სიყვარული კარგია, მაგრამ შემდეგ ნაბახუსევი მოსდევსო. კარგ ღვინოს, ნამდვილ ღვინოს, ცოცხალ ღვინოს ნაბახუსევი არ მოსდევს! ჰოდა სიყვარულზეც ასეა!

ზუსტად არ ვიცი, რამდენმა იცით, რომ თბილისიდან 90 კმ-ის მოშორებით, გორის ულამაზეს ატენის ხეობაში, სოფელ წედისში, ერთი ნიჭიერი ადამიანი ქმნის ქართულ ნატურალურ ღვინოს, რომელიც საქართველოდან 8000კმ-ში, იაპონიაშიც კი იყიდება, მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად_ ბედნიერებაა, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს, საქმეს, რომელიც კარგად გამოგდის, საქმეს, რომელიც მნიშვნელოვანია შენთვის და სამყაროსთვის!

ჰოდა, ამ ბედნიერების ენერგიით სავსე ღვინოს ქმნიან სწორედ ასე ოსტატურად ,,ღვინის ოსტატებში".

 

ნინო ეფხოშვილი

 

იხილეთ ორიგინალური ბლოგი

სიახლეები