ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
ქართველი მეღვინეები საზოგადოებას მოუწოდებენ
ქართველი მეღვინეები საზოგადოებას მოუწოდებენ
2022-03-06
აგრესორ რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების ფლირტს ქართველმა მეღვინეებმა ზურგის შექცევით უპასუხეს. იმ დროს, როცა საქართველოს მაღალი ხელისუფლების პირები სანქციების შერბილებასა და ქართული ბიზნესისთვის გახსნილ„ახალ შესაძლებლობებზე“ ალაპარაკდნენ, ქართველმა მეღვინეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ რუსეთის მიერ სანქციების მოხსნა მათ არ აღელვებთ. მეტიც, ისინი აცხადებენ, რომ არც მომავალში აპირებენ რაიმე სახის თანამშრომლობას ოკუპანტთან.
„ქართველი მეღვინეები ზურგს ვაქცევთ საქართველოსთვის დაწესებული რუსული სანქციების თვალთმაქცურ შერბილებას და უარს ვაცხადებთ ოკუპანტთან ყველანაირ თანამშრომლობაზე“, - ეს მოკლე განცხადება ასოციაცია „ღვინის ოსტატების“ დამფუძნებელმა, ანდრო ბარნოვმა, „ღვინის ოსტატების“ ოფიციალურ facebook გვერდზე განათავსა და მას მალევე მრავალმა მეღვინემ შეუერთა თავისი ხელმოწერა (პროცესი კვლავ გრძელდება). კამპანიას ძირითადად უერთდებიან მცირე მარნები, თუმცა ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ქართული მეღვინეობის ყველაზე ხმამაღალი სახელებია თავმოყრილი. მეღვინეების ამ უარით რუსეთის ბაზარი ნამდვილი ქართული ღვინის გარეშე რჩება.
 
რამდენად იზარალებენ ამ უარით თავად ქართველი მეღვინეები? ამ კითხვას ამ დღეებში მრავალი ჩვენი თანამოქალაქე სვამდა...
ანდრო ბარნოვი, ასოციაცია „ღვინის ოსტატების“ დამფუძნებელი:
კამპანიის მიზანია, გავემიჯნოთ ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციას და მოვუწოდოთ ჩვენი ქვეყნის სხვა პროფესიულ ჯგუფებს, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსირონ მათი პოზიცია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ვხდებით რუსეთის აგრესიისა და სისასტიკის მოწმე, ჩვენი ხელისუფლება მოულოდნელად გარკვეულ მოლაპარაკებებს იწყებს რუსეთთან, თითქოს, რუსულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანის მიზნით. ჩვენ არ ვაპირებთ, ამ ბინძურ თამაშში ჩავყვეთ კოლაბორაციონისტ მთავრობას. ჩვენ საქართველოს, ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, რომელმაც საკუთარ თავზეც იწვნია, თუ რას ნიშნავს ამ ამორალურ მონსტრთან ომი და ოკუპაცია. ცხადია, ყველას გვაქვს უდიდესი პროტესტი იმ აგრესიისა და სისასტიკის მიმართ, რასაც პუტინის რუსეთი ამჟამად ახორციელებს თავისუფლებისმოყვარე, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ უკრაინაში და არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულმა სამარცხვინო ადამიანებმა თავისი უღირსი საქციელით მთელ საზოგადოებას მოსცხონ ჩირქი.
ამიტომ, მათი ამორალური პოზიციის საპირისპიროდ, ჩვენ დეკლარირებულად ზურგს ვაქცევთ რუსულ ბაზარს. მეც, და ყველა მეღვინეს, რომლებიც ამ განცხადებას შეუერთდნენ, გვწამს, რომ არ უნდა გავხდეთ ხელისუფლების კულუარული თამაშის ნაწილი, ვემიჯნებით ყველანაირ ფლირტს აგრესორთან და ვაცხადებთ, რომ არ მივცემთ უფლებას ამ კოლაბორაციონისტებს, რომ მთელი საზოგადოების სახელით ილაპარაკონ.
როგორც ვიცით, ქართული რძის მწარმოებელთა ასოციაციამაც გამოხატა თავისი პოზიცია და გაემიჯნა ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციას. ასე უნდა მოიქცეს რაც შეიძლება მეტი პროფესიული ჯგუფი საქართველოში!
-თუ არ ვცდები, ღვინის დიდი ქართული კომპანიები დიდწილად, სწორედ რუსულ ბაზარზე იყვნენ მიბმული. საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ მცირე მარნებში? რამდენად იყვნენ დამოკიდებულები ღვინის მცირე მეწარმეები რუსეთის ბაზარზე?
ცხადია, მასობრივი ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები გაცილებით მეტ ღვინოს ყიდდნენ რუსეთში, განსაკუთრებით 2-3 კომპანია, რომლებიც განსაკუთრებით მდარე ხარიხის ღვინოს აწარმოებენ. თუმცა ის დიდი კომპანიები, რომლებიც უფრო ყურადღებით ეკიდებიან მათი პროდუქციის ხარისხს, წარმატებით ყიდიან მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, რაც პრაქტიკულად ყველა კონტინენტს მოიცავს.
რაც შეეხება საავტორო ღვინის მწარმოებელ მცირე მარნებს, ჩვენი სამიზნე არასოდეს ყოფილა მაინცდამაინც რუსული ბაზარი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსული ბაზარი ძალიან გაიზარდა ხარისხიანი ღვინის მიმართ და ჩვენი მეგობრების საგრძნობი ნაწილი საკმაო მოცულობითაც ყიდდა ღვინოს რუსეთში. ამ განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არაერთია ისეთი მეღვინე, რომლებსაც ჯერ კიდევ ასაღები აქვთ რუსეთში გაგზავნილი ღვინის საფასური, თუმცა, ვერ გადავიდნენ ადამიანურ, მორალურ ზღვარს და ძალიან ღირსეულად მიუერთდნენ ამ საერთო პოზიციას. რუსები უბრალოდ ვეღარ ეღირსებიან ნამდვილ ქართულ ღვინოს, სანამ ბოროტმოქმედს ემონებიან!
-არსებობს ქართული ღვინის რუსული ბაზრიდან მსოფლიო ბაზარზე გადატყორცნის შანსი? რა უნდა გახდეს ქართველი მეღვინეებისთვის მსოფლიო ბაზარზე მიბმის გარანტი?
ეს ტყუილი შიშებია, რასაც ჩემთვის გაუგებრად ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ავრცელებს. ხარისხიან ქართულ ღვინოს გასაღების პრობლემა დიდი ხანია, არ აქვს. პირიქით, მოთხოვნა გაცილებით დიდია მიწოდებასთან შედარებით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბაზარზე უარის თქმით ჩვენ კი არ ვზარალდებით, არამედ- თავად რუსეთის ბაზარი. ჩვენ დღეს რეალურად სანქციას ვადებთ ვაჭრობას რუსეთთან და ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ თავად რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის და საქართველოს ოკუპაციას. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ვითანამშრომლებთ მთელი მსოფლიოს მეღვინეებთან და მივაღწევთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი საერთოდ აღარ შევა რუსეთში.
თუმცა, მთავარი ჩვენი საზოგადოებაა და კიდევ ერთხელ, იმავეს გავიმეორებ, რომ მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის პროფესიულ ჯგუფებს, გაემიჯნონ ხელისუფლების ყველა სამარცხვინო ქმედებას. ჩვენ ვქმნით ამ საზოგადოების ქსოვილს და არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მიერ. მოგიწოდებთ ყველას, მეგობრებო, ამოიღეთ ხმა და გაემიჯნეთ მათ სამარცხვინო ქცევას!
 
შორენა მერკვილაძე
 
 
სიახლეები