ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ამავე ჯიშისგან დამზადებული ღვიანოები
მწვანე კახური

მდებარეობა:
დახასიათება:

                                            მწვანე კახური

მწვანე კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშია, იძლევა ევროპული და კახური ტიპის მაღალხარისხოვან თეთრ სუფრის ღვინოს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო_მწვანე ფერის გამო. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ადგილობრივ მევენახეთა გადმოცემით მწვანე ძველად ბევრი სხვა (დამატებითი) სახელითაც ყოფილა ცნობილი. სწავლული მევენახე ლ. ჯორჯაძე (8) მას იხსენიებს მჭკნარასა და საფენას სახელწოდებით; აგრონომი ს. ქვარიანი (15) ურთიერთისაგან ასხვავებს მამალ და დედალ მწვანეს; ცნობილი რუსი მკვლევარი ფრ. კოლენატი მწვანის სამ სახესხვაობას არჩევდა: Zuanica major,Z. minory et Z. carris. საზღვარგარეთულ ამპელოგრაფიებში მწვანე მოკლედ აღწერილი და დახასიათებულია Mtzwane–ს Mtzwani–ის Mzoanis. სახელწოდებით (21). მწვანე ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივ კერიდან. ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს ჯიშის მორფოლოგიური და სამეურნეო თვისებები და შედარებითი ამპელოგრაფიის მონაცემები, რომელთა მიხედვით იგი ძლიერ ემსგავსება სხვა ადგილობრივ ვაზის ჯიშების prol pontic, sub prol. georgica Negr.-ის ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს (17). უფრო მეტ სიძნელეს წარმოადგენს ჯიშის წარმოშობის დროის ანუ მისი ხნიერების განსაზღვრა. სამწუხაროდ, ამის დასადგენად საჭირო მატერიალური კულტურის ძეგლები შემონახული არაა. მაგრამ ამ საკითხის გადაჭრა სხვა გზითაც არის შესაძლებელი, სახელდობრ ზოგიერთი მორფოლოგიური ნიშან_თვისებების ანალიზის საშუალებით. საერთოდ, რაც უფრო ძველია ჯიში, მით უფრო ძლიერ და უფრო ხანგრძლივად (საუკუნეთა განმავლობაში) განიცდიდა ცვალებად გარემო პირობებისა და ადამიანის გავლენას, რის შედეგად იგი უფრო მეტად იცვლებოდა და წარმოქმნიდა განსხვავებულ ფორმებს. თუ ჯიშის ამ ბიოლოგიურ თვისებას დავეყრდნობით, მწვანე საკმაოდ დიდი ხნიერების მქონე ჯიშად უნდა ვიგულვოთ. სადღეისოდ მწვანის ექვსზე მეტი ვარიაციაა და კლონია გამოვლენილი, რაც მის საკმაოდ დიდ ხნიერებაზე მიგვითითებს. ამის მიხედვით მწვანე რქაწითელზე უფრო ხნიერებაზე მიგვითითებს. ამის მიხედვით მწვანე რქაწითელზე უფრო ხნიერი ჯიში ჩანს. აკად. ივ. ჯავახიშვილმა (7) ენობრივი მასალის ანალიზზე დაყრდნობით რქაწითელი ახალი ერის V და მომდევნო საუკუნეში წარმოშობილად მიიჩნია, მაშასადამე, მწვანე მასზე უფრო ადრინდელი ჯიში უნდა იყოს. ძველად, სოკოვან ავადმყოფობათა შემოჭრამდე, კახეთში მწვანე მეტად ფართოდ იყო გავრცელებული. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, აგრონომ ს. ქვარიანის (15) ცნობით _`მწვანე ძლიერ გავრცელებულია მთელ კახეთში, ტფილისის მაზრაში კი ივრისპირა სოფლებში~. ამასვე აღნიშნავენ ვ. გეევსკი და გ. შარერი (11) და დასძენენ, რომ ნაცრის მოქმედებით მწვანე თითქმის გადაშენების გზაზეა დამდგარი და, რადგან კახეთში არავითარ ზომებს ნაცრის წინააღმდეგ არ იღებენ, ბუნებრივია მწვანე თანდათან ისპობაო. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე კახურ თეთრ ჯიშებში ყველაზე უკეთესია და მოსავლიანი, მოსახლეობა მაინც გაურბოდა მის გაშენებას ამ ჯიშის ძირითადად ნაცრის მიმართ და აგრეთვე გარემო პირობებისადმი მგრძნობიარობის გამო. მევენახეობისა და ხარისხოვანი მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ჯიში 1936 წლიდან შეტანილია კახეთის საწარმოო სტანდარტულ ასორტიმენტში და დაგეგმილია მისი აღდგენა_განვითარება დიდ ფართობებზე. ამჟამად მწვანე გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ძირითადი ფართობი (96%) კახეთშია, ხოლო ამ ჯიშის მთლიანი ფართობის 83% მოქცეულია მხოლოდ ორ (თელავისა და საგარეჯოს) რაიონში, დარჩენილი 17% კი დანარჩენ ხუთ რაიონში. ვენახების 1953 წლის აღწერის მასალების მიხედვით საქართველოში მწვანეს ეკავა 1,184 ჰექტარი. ეს ფართობი საქართველოში შემდეგნაირადაა განაწილებული. კახეთში მწვანეს 1039 ჰა, ანუ საერთო ფართობის 6,7% უჭირავს, ქვემო ქართლში _ 15 ჰა, _ 0,6%, შიდა ქართლში 62 ჰა, ანუ 1,0%, დასავლეთ საქართველოში კი სულ 68 ჰექტარი. ამგვარად 1953 წლისათვის ყოფილა 1184 ჰექტარი, ანუ ვენახების საერთო ფართობის 2,5%. საქართველოში მწვანის წმინდა ფართობი (ქართლის, იმერეთისა და რაჭა_ლეჩხუმის საეჭვო ნარგავების გამოკლებით) 1054 ჰექტარამდე აღწევს, კახეთში მისი ფართობი 1039 ჰექტარს უდრის, რაც ვენახების მთლიანი ფართობის მხოლოდ 6,7% შეადგენს. დასავლეთ საქართველოში მწვანე არ არის გავრცელებული, იგი მხოლოდ საკოლექციო და ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე მოიპოვება. საქართველოს გარეთ მწვანე აგრეთვე საკოლექციო და ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე გვხვდება, მაგალითად, შუა აზიის რესპუბლიკებში, უკრაინაში, ყირიმში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში (საბჭოთა მეურნეობა`წითელ პარტიზანში~ 1,8 ჰექტარ ფართობზე). მწვანის შედარებით მცირედ გავრცელება როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ ძირითადად იმით აიხსნება, რომ იგი დიდ მგრძნობიარობას იჩენს ნაცრის მიმართ, მისთივს ნიადაგისა და ჰავის შესაფერი პირობებიც აუცილებელია, ზოგჯერ კი ადგილი აქვს აგრეთვე მის შეუფასებლობას.

ბოტანიკური აღწერა

მწვანე აღწერილია მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში. საკოლექციო ვენახი გაშენებულია ცივ_გომბორის მთის სუსტად დაქანებულ ჩრდილო_აღმოსავლეთ ფერდობზე 565 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარ_მავთულზეა გამართული და შპალერული წესითაა გაფორმებული.ახალგაზრდა ყლორტი. მოზარდი (15_20 სმ) ყლორტის წვერი გვირგვინითაა და ჯერ კიდევ გაუშლელი ორი პირველი ფოთოლაკითურთ შებუსვილია ყველა მხრიდან სქელი ქეჩისმაგვარი ბეწვებით, შეფერილია თეთრად და სუსტი ვარდისფერი არშია აკრავს ფოთოლაკების ირგვლივ და ყუნწის გასწვრივ. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შებუსვილია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვებით, აქვს მოყვითალო_მწვანე ფერი მოვარდისფრო იერით, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეზე _ ქეჩისებრი შებუსვა და მოვარდისფრო_მორუხო_თეთრი ფერი.ერთწლიანი რქა. ერთწლიანი რქები შემოდგომაზე მორუხო ყვითელი ფერისაა, ხოლო მზის მხარეზე მონაცრისფრო_რუხია. მუხლთშორისების სიგრძე მერყეობს 6_10 სმ შორის და უფრო ხშირად 8 სმ უდრის. მუხლების ფერი არ განირჩევა მუხლთაშორისების ფერისაგან; ზოლები მუხლთშორისების გასწვრივ სუსტადაა გამოსახული.ფოთოლი. შუა იარუსის (9_12) ფოთლები საშუალო ზომისაა (18_18,5 სმ) და მუქი მწვანეა. ფოთლის მოხაზულობა მომრგვალოა, იშვიათად იგი ოდნავ ოვალურიცაა. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად იგი წვრილბურთულებიანია. უფრო ხშირად ფოთლები ხუთნაკვეთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი ფოთლებიც გვხვდება. მეორადი დანაკვთვა სუსტადაა გამოსახული. ფოთლის ფირფიტა არ არის სწორი, იგი ძაბრისებრ_ღარისებრი ან მიხრილ_მოხრილია.

ზედა ამონაკვეთების სიღრმე სხვადასხვაგვარია. უფრო ხშირად გვხვდება საშუალო სიღრმის ან ღრმა ამონაკვეთები. მათი ფორმა ცვალებადობს ღია ნაპრალისებურიდან _ დახურულ ოვალურთვლიანამდე. უფრო ხშირად ამონაკვეთები დახურულია, კვერცხისებრთვლიანია და აქვს მომრგვალო ან წაწვეტებული ფუძე, იშვიათად იგი ჩანგისმაგვარი, თითქმის პარალელურგვერდებიანი და წაწვეტებულფუძიანია, ამონაკვეთის ფუძე ხშირად ცალკბილაა, იშვიათად ორკბილიანიც გვხვდება.

ქვედა ამონაკვეთები მეტწილად ღიაა, უფრო ხშირად პატარა, ზოგჯერ საშუალო სიდიდისაც გვხვდება. ამონაკვეთების ფორმა ჩანგისებრია, შევიწროვებულყელიანი და მომრგვალო ან წაწვეტებულფუძიანი, რომელთაც იშვიათად შეჭრილი კუთხის ფორმა აქვთ. ამონაკვეთის ფუძე იშვიათად ცალკბილაა.

ყუნწის ამონაკვეთის ფორმაც საგრძნობლად ცვალებადობს. კარგად განვითარებული ფოთლების ყუნწის ამონაკვეთი იცვლება დახურულ თითისტარისებურთვლიანიდან _ ღია თაღისებრამდე. უფრო ხშირად დახურული ელიფსურთვლიანი ან ჩანგისმაგვარი წაწვეტებულფუძიანი ამონაკვეთები და იშვიათადა ცალდეზიანი ყუნწის ამონაკვეთებიც გვხვდება.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება სწორი სამკუთხედისებრი მახვილწვერიანი კბილებით. იშვიათად გვხვდება გამოზნექილი გვერდებით მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი კბილებიც. გვერდითი კბილები სამკუთხედისებრი ან ხერხისებრია, გამოზნექილგვერდიანი და მახვილწვერიანი.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებრია. ქვემოდან იგი მოფენილია საშუალო სისქის თხელი ჯაგრისებრი ბუსუსით. შებუსვის ინტენსივობა მატულობს ზემოდან ქვემოთ. ქვედა სართულის ფოთლების შებუსვა უფრო სქელია, ძირითადად ჯაგრისებრი ბუსუსის გახშირების გამო.

ფოთლის ყუნწი შეუბუსველია; იშვიათად მასზე შეიმჩნევა თხელი აბლაბუდისებრი ბეწვები. ყუნწი სიგრძით ფოთლის მთავარი ძარღვის ტოლია ან მასზე ოდნავ მოკლე. ყუნწი ღია ღვინისფერია და მომწვანო ზოლები აქვს სიგრძეზე გაყოლებით.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანი, ნორმალური აგებულებისაა. მტვრიანები სწორმდგომია, ყვავილში იგი ხუთია, მაგრამ იშვიათად ექვსიც გვხვდება. მტვრიანათა ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან უდრის 1,25, იშვიათად 1,5 აღწევს. ბუტკო მომრგვალო_კონუსისებრია, აქვს კარგად გამოსახული ყელი (სვეტი) და ხშირად ორად გაყოფილი დინგი.მტევანი. მწვანის მტევანი ჩვეულებრივ საშუალო ზომისაა; მისი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 12_17 სმ შორის, ხოლო სიგანე _ 9_15 სმ შორის. საშუალო მტევნის ზომა 14X10,5 სმ უდრის. მტევანი განიერი კონუსისებრი ფორმისაა და მხრიანია. ზოგჯერ მხრების სიგრძე ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარს ან ორ მესამედს აღწევს. მტევნები ჩვეულებრივ საშუალო სიმკვრივისაა, მაგრამ იშვიათად უფრო მეჩხერი მტევნებიც გვხვდება. მტევნის საშუალო წონა 165_170 გ აღწევს. მტევანში საშუალოდ 118 მარცვალია. მათგან ნახევარზე მეტი მსხვილია, დანარჩენი საშუალო და წვრილი. მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს 3,5_6,0 სმ შორის და საშუალოდ 4,5 სმ უდრის. მტევნის ყუნწი მწვანე_გაუხევებელია, ფუძესთან იგი ხევდება და რქის ფერისა ხდება. მტევნის მოწყვეტა ხელით ადვილია. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე 0,4_0,6 სმ შორის მერყეობს. მარცვლის ბალიში ხორკლიანია და განიერი კონუსის ფორმისაა. მარცვლების მიმაგრება ყუნწზე დამაკმაყოფილებელია.მარცვალი. მარცვლების დიდი უმრავლესობა საშუალო ზომისაა. მარცვლის სიგრძე საშუალოდ მერყეობს 1,35_დან 1,8 სმ_მდე, ხოლო სიგანე 1,2_დან 1,6 სმ_მდე. საშუალო მარცვლის ზომა 1,45X1,25 სმ უდრის. მარცვლის ფორმა ოვალურია, იგი შუა წელში განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალო აქვს. კანი თხელია და ადვილად ცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი და მდნარია, _ წვენი უფერული. მარცვალი მოყვითალო_მწვანე ფერისაა. ცვლისებრი ფიფქი საკმაოდ სქელია, იგი ნაზ მომწვანო იერს აძლევს მარცვლებს. წვენი ტკბილი და სასიამოვნოა, მეტად ნაზი ჯიშური არომატით შემკული.წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1_დან 4_მდე. საშუალოდ მწვანის 1000 მარცვალში ერთწიპწიანები _ 6% შეადგენს, ორწიპწიანები _ 64%, სამწიპწიანები _ 26% და ოთხწიპწიანები _ 4%. წიპწის სიგრძე უდრის 6_7 მმ, განი _ 4_4,3 მმ, ხოლო ნისკარტის სიგრძე 2,0_2,5 მმ. წიპწის სხეული მომრგვალო_ოვალურია და მოწაბლისფრო_ყვითელი ფერისაა. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილშია, იგი მომრგვალო და შიგნით შეზნექილია _ სხეულისაგან გამიჯნულია ლილვაკით. ღარტაფი ქალაძიდან წიპწის სხეულის ზედა ნაწილისაკენ კარგადაა გამოსახული, იგი ღრმაა და სხეულის ზედა ნაწილს შუაზე ჰყოფს. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარის ღარები ღრმაა და ურთიერთის პარალელურადაა განწყობილი. ღარის ფუძე ყვითელი ფერისაა, ნისკარტის ზემო ნაწილი ოდნავ განიერია, ხოლო შუა ნაწილი გაწვრილებულია. ნისკარტი ზედა მხრიდან ღია_წაბლისფერია, ქვედა მხრიდან კი მოყვითალო_ნარინჯისფერია.

აგრობიოლოგიური დახასიათებასავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში. მწვანის სავეგეტაციო ფაზების მსვლელობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია _ კახეთში, უკრაინაში, შუა აზიასა და დაღესტანში წარმოებულ დაკვირვებათა შედეგები (იხ. ცხრ. 1).

როგორც 1_ლი ცხრილიდან ჩანს, დასახელებულ ოთხ პუნქტში სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა საკმაოდ განსხვავდება ურთიერთისაგან. თელავსა და ოდესას შორის ეს განსხვავება ერთ კვირას აღწევს, ხოლო თელავსა და დერბენტს შორის _ მეტია და 16 დღეს უდრის. ეს გამოწვეულია იმით, რომ დერბენტის მიმართ ნაჩვენებია ფიზიოლოგიური სიმწიფე, რაც 10_12 დღით უფრო ადრე დგება, ვიდრე სრული სიმწიფე. შედარებით ნაკლებად ცვალებადობს აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. თელავში იგი უდრის 3,199º, ოდესაში _ 3,170º, ხოლო დერბენტში იგი შეადგენს 3,019º. ყველაზე ადრე (26 აგვისტოსათვის) მწვანე შუა აზიაში (ტაშკენტი) მწიფდება, შემდეგ დაღესტანში და თელავში, ყველაზე გვიან კი _ ოდესაში. ამრიგად, აქტიურ ტემპერატურათა ჯამს თამამად შეიძლება დავეყრდნოთ, როგორც საიმედო საზომს ჯიშის ახალ რაიონში გამოსაცდელად შეტანის დროს.

რქის მომწიფების საკითხი კახეთის პირობებში არ დგას მწვავედ, რადგან იქ დიდია აქტიურ ტემპერატურათა ჯამი და შესაბამისად ხანგრძლივია სავეგეტაციო პერიოდი. მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მევენახეობის უფრო ცივ რაიონებში. უკრაინაში (ოდესის რ_ნი), სადაც ბუნებრივ ფოთოლცვენას ადგილი არა აქვს და ვაზის ვეგეტაცია წყდება შემოდგომის ყინვების დაწყებისთანავე, რქების მომწიფების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. ე. კომაროვას (16) დაკვირვებით მწვანის რქები ოდესაში ასწრებს მომწიფებას. დერბენტში მწვანე თავისუფლად ასწრებს რქების მომწიფებას, რადგან სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 183 დღეს უდრის, ხოლო ტემპერატურის ჯამი 3,754º აღწევს.

ვაზის სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით მწვანის ზრდის სიძლიერე საშუალოდ ჩაითვლება. მევენახეობის სხვა რაიონებშიაც _ უკრაინაში და დაღესტანში მწვანის ზრდა საშუალო სიძლიერით ხასიათდება. შუა აზიის რესპუბლიკებში, კერძოდ, უზბეკეთში, 52 მ კვების არეზე, მწვანე ძლიერი ზრდით ხასიათდება, მაგრამ ამავე კვების არეზე სხვა ჯიშებთან შედარებით მისი ზრდა მაინც საშუალო სიძლიერისაა.მოსავლიანობა. მწვანე კახეთის ვაზის ჯიშების უმეტესი ნაწილის მსგავსად ადრე იძლევა პირველ მოსავალს. დარგვის მეორე წელს იგი უკვე პირველ ნიშანს იძლევა, მომდევნო წელს მოსავალს. ამ თვისებას მწვანე ინარჩუნებს მევენახეობის სხვა რაიონებშიაც. ასე, მაგალითად, უზბეკეთში დარგვიდან მეორე წელს მან მოისხა 212 მტევანი 157 რქაზე, ანუ 1,35 მტევანი ერთ რქაზე. იმავე პირობებში სრულმოსავლიან მწვანემ 475 რქაზე მოისხა 740 მტევანი ანუ 1,55 მტევანი ერთ რქაზე. უკრაინაში, ე. კომაროვას (16) ცნობით, მოსავლის პირველ ნიშანს მწვანე მესამე წლიდან იძლევა. დერბენტშიაც, მ. პეიტელის ცნობით, პირველ მოსავალს მწვანე მე_3, მე_4 წელს იძლევა. საერთოდ დროული მოვლა და კარგი კვება საგრძნობლად აჩქარებს ვაზის პირველ მოსავალს.

ჯიში მწვანე ხასიათდება შედარებით მაღალი მოსავლიანობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. მრავალი წლის დაკვირვებათა მონაცემების მიხედვით მწვანე მოსავლიანობით არ ჩამოუვარდება რქაწითელსა და საფერავს.

უცხოეთიდან სოკოვან ავადმყოფობათა შემოჭრის შემდეგ მწვანის შედარებით მცირე გავრცელება აიხსნება მისი ნაცრისადმი მგრძნობიარობით და გარემო პირობებისადმი მეტი მოთხოვნილებით. სხვა ჯიშებთან შედარებით თანაბრად მოვლილი მწვანის ვაზების მოსავალი საგრძნობლად მცირეა ნაცრის ზემოქმედების გამო. მაგრამ მოწინავე აგროტექნიკის გამოყენების პირობებში მწვანე, როგორც მოსავლის რაოდენობით, ისე პროდუქციის ხარისხით, არ ჩამორჩება მის მეტოქე რქაწითელს. ასე, მაგალითად, ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობაში, სანიორის ნაკვეთზე 6 ჰექტარ ფართობიდან მწვანე მოსავლით ყოველწლიურად აჭარბებდა რქაწითელს და იძლეოდა მეტად მაღალი ღირსების ღვინოს. მწვანის მოსავლიანობის მონაცემები მოყვანილია ქვემოთ (იხ. ცხრ. 2).

როგორც მოტანილ ცნობებიდან ჩანს, მწვანე ცალკეულ წლების მიხედვით საკმაოდ მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. კარგ მოსავალს იძლევა მწვანე მუკუზანში 35,6_52,6 ცენტ. ჰექტარზე, მანავში _ 46,4_55,9 ცენტნერს (ხოლო 1948 წელს 66 ცენტ.) და საშუალოზე მაღალ მოსავალს 56,2_114 ცენტნერამდე მწვანე იძლევა ყულარში, გურჯაანში და ხირსის საბჭოთა მეურნეობაში. შედარებით მაღალ მოსავალს ინარჩუნებს მწვანე მევენახეობის სხვა რაიონებშიაც. ასე, მაგალითად, დერბენტში, მ. პეიტელის ცნობით, მწვანის მოსავლიანობა ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე მერყეობდა 39,24_დან 92,8 ცენტნერამდე. სამი წლის საშუალომ შეადგინა 59,57 ცენტნერი. საკოლექციო ვენახში მწვანის გადაანგარიშებულმა მოსავლიანობამ 126,4 ცენტნერს მიაღწია. იქვე საბჭოთა მეურნეობა `წითელ პარტიზანში~ 1947 წ. მიღებულია 92 ცენტ. 1948 წ. _ 102 ცენტ. და 1949 წ. _ 168 ცენტ. ყურძენი 1 ჰექტარიდან. ოდესაში ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე მწვანის საშუალო მოსავალმა შეადგინა 60_70 ცენტნერი, უზბეკეთში (ტარნაუში) მწვანის მოსავალმა ჰექტარზე გადაანგარიშებით 170 ცენტნერს მიაღწია.

მოსავლიანობის დასაზუსტებლად ყოველწლიურად ტარდებოდა აღრიცხვა ჯიში მწვანეს ვაზებზე _ რქების, მტევნების, ნაყოფიან ყლორტების რაოდენობის დასადგენად და მტევნის საშუალო წონის გამოსაყვანად. ამ მონაცემებით მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა მერყეობს 61,8%_დან (ოდესა) 80%_მდე (დერბენტი), ხოლო თელავში იგი 75% უდრის. მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,24_დან (დერბენტი) _ 1,4_მდე (ოდესა), თელავში იგი 1,30 უდრის. მტევნის საშუალო წონა 137 გ_დან (ოდესა) 172 გ_მდე (თელავი). მოსავალი ერთ ჰექტარზე მერყეობს 60,7 ცენტნერიდან (უკრაინა) 124,4 ცენტნერამდე (დერბენტი), ხოლო თელავში იგი 74,4 ცენტ. შეადგენდა, რაც საკმაოდ ახლოა საბჭოთა მეურნეობის საშუალო მოსავალთან.

მწვანე ნორმალურზე მეტი ყვავილცვენით ხასიათდება. ჯიშის ყვავილცვენის ოდენობის დასადგენად ცდები ტარდებოდა მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში; საცდელი ვაზები შერჩეული იყო საკოლექციო ვენახში, რომელიც გაშენებულია 1926 წ. გამართულია სარ_მავთულზე შპალერის წესით 2,15 მ კვების არეზე. ვაზები დამყნობილია რიპარია X ბერლანდიერი # 420ა_ზე. მიღებული შედეგები მოყვანილია მე_3 ცხრილში.

როგორც მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, მარცვლების გამონასკვის პროცენტი მერყეობს 36,1_დან 41,2_მდე და შეადგენს საშუალოდ 38,7%. მარცვლების ამ რაოდენობის გამონასკვის შემთხვევაში მწვანე იძლევა საშუალო სიმკვრივის მტევნებს. მარცვლების ამაზე ნაკლები რაოდენობით გამონასკვისას მწვანე იძლევა თხელ მტევნებს. ასეთი შემთხვევებში საჭიროა ვაზებს ყვავილობის წინ ან მის დასაწყისში წაეწყვიტოს მოზარდი ყლორტის წვერები, ყვავილების უფრო უხვად გამონასკვის მიზნით.ჯიშის გამძლეობა გარემოს სხვადასხვა ფაქტორების მიმართ. კახური სტანდარტული ჯიშებიდან მწვანე და ხიხვი ყველაზე ნაკლებად უძლებს ნაცარს. თელავიდან ახმეტის მიმართულებით მდებარე ზოლში მწვანე და ხიხვი შედარებით უფრო ნაკლებ ზიანდება ნაცრისაგან, განსაკუთრებით ძველ ნარევ ვენახებში. ვაზის ჭრაქს (მილდიუმს) მწვანე კარგად უძლებს. ჩვეულებრივ სამი ან ოთხი შეწამვლა ბორდოს ხსნარით სავსებით საკმარისია მოსავლის გადასარჩენად. შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება მწვანე ფილოქსერის მიმართ, ამ მხრივ მას კახური ვაზის ჯიშებში პირველი ადგილი უჭირავს. კარგი მოვლა_დამუშავების პირობებში მწვანეს შეუძლია სხვაზე უფრო დიდხანს გაუძლოს ფილოქსერას. მწვანე ყურძნის ჭიასაც შედარებით კარგად უძლებს და ზამთრის ყინვებსაც შედარებით კარგად იტანს. 1935 წელს ბაკურციხე_კარდანაძის, თელავ_ნასომხარის და ვაზისუბნის ვენახებში ჩატარებულმა აღრიცხვამ ეს დაადასტურა და მწვანემ ამ მხრივ მეორე ადგილი დაიჭირა რქაწითელის შემდეგ. ასეთივე მაღალი გამძლეობა გვიჩვენა მწვანემ დერბენტში საბჭოთა მეურნეობა `წითელ პარტიზანში~. ამ მეურნეობაში მთავრობის კომისიის მიერ ჩატარებულ აღრიცხვის შედეგად მწვანემ რისლინგრის შემდეგ მეორე ადგილი დაიჭირა და ოდნავ წააჭარბა რქაწითელს, საგრძნობლად საფერავს და სხვა ადგილობრივ ჯიშებს.

კახეთის სხვა სტანდარტულ ვაზის ჯიშებთან შედარებით, მწვანე უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს გარემო პირობებს და მასთან ერთად დროულ და ხარისხოვან მოვლა_დამუშავებას მოითხოვს. უხვ და ხარისხოვან მოსავალს იძლევა მისთვის შესაფერ ჰავის, ნიადაგისა და კარგი მოვლა_დამუშავების პირობებში.

ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მწვანე მასობრივად კახეთის მხოლოდ განსაზღვრულ (თელავის და საგარეჯოს და ნაწილობრივ ახმეტისა და გურჯაანის) რაიონებშია გავრცელებული, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონებში მწვანე თითქმის არ გვხვდება, ხოლო სიღნაღისა და წითელწყაროს რაიონში მას ძლიერ მცირე ფართობი უჭირავს. ეს აიხსნება იმით, რომ საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის რაიონები, სხვა რაიონებთან შედარებით მაღალი მდებარეობის გამო, უფრო რბილი და ზომიერი ჰავით ხასიათდება. შესაფერ პირობებში მწვანე, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, გაცილებით ნაკლებად ზიანდება ნაცრისაგან, კარგ ზრდა_განვითარებას აღწევს და უფრო მეტ და მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა. აღნიშნულის გამო საჭიროა მწვანისათვის კახეთის რაიონებში შეირჩეს მთის კალთები და მთისწინა ზოლის შემაღლებული ფერდობი ადგილები, სადაც იგი ნაკლებად დაზიანდება ნაცრისაგან და ღვინოც მაღალი ხარისხის მიიღება. საჭიროა ვენახების დროული და კარგი მოვლა_დამუშავება; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დროულ და წესიერ წამლობას. ნაცრიან წლებში ერთი_ორი დამატებითი წამლობა გოგირდით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. მწვანეს, როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ახასიათებს ზედმეტი ყვავილცვენა, რომლის წინააღმ დეგ საჭიროა ყვავილობის დაწყებამდე ან მის დასაწყისში მოზარდ ყლორტებზე წვერების წაწყვეტა და ნორჩი ნამხრევების გაცლა. ამ ოპერაციის ჩატარებით საგრძნობლად გადიდდება მარცვლების გამონასკვა და შესაბამისად ვენახის მოსავლიანობა.

ვაზის დაყენების და ფორმირების ყველაზე შესაფერ და ნაცად წესად ქართული უნდა მივიჩნიოთ, რომელიც მევენახეობის ლიტერატურაში გუიოს ფორმის სახელწოდებითაა ცნობილი. შესაბამისად კვების არის სიდიდისა და ნიადაგის სინოყივრისა მწვანეს უნდა მიეცეს ორი 2_3 კვირტიანი ნეკი და ორი 10_12 კვირტიანი საკავებელი, ხოლო როცა კვების არე დიდია და ნაკვეთი სარწყავია, უმჯობესია ორმხრივი მოკლე კორდონი 4 სასხლავი რგოლით, ვაზზე _ 30_40 კვირტის დატოვებით, გასხვლის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მწვანის შტამბიდან ამონაყრებს (რქებს), რომლებიც მომეტებულ შემთხვევებში ნაყოფიანია.

ტექნოლოგიური დახასიათება

მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ისე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინო. ნაწილობრივ მწვანეს იყენებენ აგრეთვე როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს. ძველად მწვანეს, მისი მაღალი ღირსების გამო, ფართოდ იყენებდნენ სხვა თეთრი ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად _ მათთვის არომატულობისა და სინაზის მისაცემად.ყურძნის მექანიკური შედგენილობა. მტევნის გარეგნული შეხედულებით, ყურძნის მექანიკური შედგენილობითა და წვენის ქიმიური შეცულობით მწვანე უდავოდ წმინდა საღვინე ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს. წარმოებაშიაც მას ძირითადად ამ მიმართულებით იყენებენ. ქვემოთ მე_4 ცხრილში მოცემულია მწვანის ყურძნის მექანიკური ანალიზის მაჩვენებლები.

როგორც მე_4 ცხრილიდან ჩანს, მტევნის შემადგენელი ნაწილების _ კლერტის, წვენის, რბილობის, წიპწის და კანის (ჩენჩოს) ნაჩვენები შეფარდება ერთხელ კიდევ ადასტურებს ყურძნის საღვინედ გამოყენების სრულ მიზანშეწონილობას.

მტევნის შემადგენელი ნაწილების შეფარდებიდან ირკვევა, რომ ლაბორატორიულ პირობებში მას წვენისა და რბილობის შედარებით მაღალი გამოსავლიანობა ახასიათებს.

ღვინის გამოსავალი წარმოების პირობებში ყურძნის გადამუშავების დროს უფრო ნაკლებია და ცალკეული წლებისა და რთველის ვადის მიხედვით შეადგენს 70_72 დეკალიტრ ღვინოს ტონა ყურძნიდან. საერთოდ მწვანე უფრო მეტი გამოსავლიანია, ვიდრე რქაწითელი, განსაკუთრებით, თუ იგი კახური წესით არის დაყენებული.ყურძნის წვენის ქიმიური შეცულობა. ყურძნის წვენის ქიმიურ შეცულობას ყურძნის მექანიკური შედგენილობის მაჩვენებლებთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯიშის საწარმოო მიმართულების დასადგენდა. მას დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მეღვინეობის მიმართულების (ღვინის ტიპის) განსაზღვრისათვისაც. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მწვანეს შაქრის დაგროვების დიდი უნარი აქვს და ყურძნის გადამწიფებისას იგი ადვილად ჩამიჩდება, რითაც საგრძნობლად დიდდება მარცვალში შაქრის რაოდენობა. თელავის რაიონში რთველის პერიოდში მწვანის შაქრიანობა 22% აღწევს. კახეთის სამხრეთ_აღმოსავლეთ ნაწილში მისი შაქრიანობა მატულობს _ კარდანახის საბჭოთა მეურნეობაში იგი 24% და მეტს აღწევს. უფრო მეტი შაქრის დაგროვების უნარი გამოიჩინა მწვანემ საბჭოთა კავშირის მევენახეობის როგორც ჩრდილო_დასავლეთ, ისე სამხრეთ_აღმოსავლეთ რაიონებში. მაგალითად უკრაინაში, ოდესის რაიონში მწვანის შაქრიანობა ცალკეულ წლებში 25,5%_მდე, ხოლო უზბეკეთში 28,66% მიაღწია.

აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მე_5 ცხრილში მოყვანილია მწვანის შაქრიანობა_მჟავიანობის მაჩვენებელი.

როგორც მე_5 ცხრილიდან ჩანს, მწვანე თითქმის ყველა მევენახეობის რაიონში ინარჩუნებს შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარს.ყურძნის გამოყენება და პროდუქციის ხარისხი. მწვანიდან ძირითადად მზადდება ევროპული და კახური ტიპის სასუფრე ღვინო. მწვანეს ძველთაგანვე იყენებდნენ აგრეთვე სხვა თეთრი ყურძნის ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად _ სხვა ჯიშის ყურძენს მწვანეს მიუმატებდნენ ან მის ჭაჭაზე სხვა ჯიშის ყურძნის წვენს დაადუღებდნენ. ორივე შემთხვევაში გასაუმჯობესებელ ჯიშს მწვანე მატებდა სინაზეს და არომატულობას. ნაწილობრივ მწვანის ყურძენს იყენებენ აგრეთვე როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს. საშამპანურე მასალისათვის კახეთში (იყალთო) დამზადებული მწვანე ოდნავ ჭარბსხეულიანი და ნაკლებხალისიანი გამოდგა. სადეგუსტაციო კომისიის მიერ იგი შეფასებული იყო 6,4 ნიშნით და მოწონებული როგორც საკუპაჟე მასალა. უკრაინის მწვანე კი უკეთეს მასალას იძლევა შამპანურისათვის, ვიდრე სასუფრე ღვინისათვის.

მწვანე ძველთაგანვე შერჩეულია თეთრი სასუფრე ღვინისათვის და ამ მხრივ მას კახეთში სწორი არ მოეპოვება. ევროპული წესით (მარტო ყურძნის წვენისაგან) დამზადებული მწვანის ღვინო მომწვანო ღია ჩალისფერია, აქვს ხალისიანი, ნაზი, ჰარმონიული გემო. დაძველებისას იგი ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს, რომელშიაც მკაფიოდ გამოსჭვივის ხილის არომატი. კახური წესით (ყურძნის ყველა შემადგენელი ნაწილის მონაწილეობით) დამზადებული ღვინო მუქი ჩაისფერია; იგი უფრო სრული, მდიდარი ღვინოა, არომატი უფრო ძლიერი და სასიამოვნო აქვს.

მწვანიდან `სამტრესტი~ ორნაირ ღვინოს ამზადებს, ორივეს ევროპული ტიპისას. პირველი ცნობილია `წინანდლის~ სახელწოდებით და მზადდება წინანდლის, ნაფარეულის და იყალთოს საბჭოთა მეურნეობების მწვანისა და რქაწითელის ყურძნიდან. იგი მომწვანო_ჩალისფერია, ბუკეტი სუფთა, ხილის არომატიანი, გემო ნაზი, საკმაოდ ხალისიანი და ჰარმონიული აქვს. შეიცავს 10,5_12% ალკოჰოლს და 6_8‰ სიმჟავეს. მეორე ცნობილია `გურჯაანის~ სახელწოდებით. მზადდება მანავის, გურჯაანის, მუკუზნის მწვანისა და რქაწითელიდან. ხასიათდება მომწვანო_ჩალისფერით, სინაზით, სიხალისით და ჰარმონიულობით. ბუკეტი ნაზი, ჯიშისათვის დამახასიათებელი ხილის ძლიერი არომატით.

არც ისე შორეულ წარსულში, XIX საუკუნის მიწურულში, ვ. გეევსკისა და გ. შარერის (11) ცნობით `კახეთში საუკეთესო ღირსების ღვინო წმინდა მწვანისაგან დგებოდა _ ახმეტაში ნ. ჩოლოყაშვილის, ხოლო ხორხელში თ. ანდრონიკაშვილის ზვრებიდან. მათი ღვინო ადგილზე იყიდებოდა ვედრო ექვს მანეთ_ნახევრად მაშინ, როცა ღვინის საშუალო ფასი კახეთში ორ_ოთხ მანეთს არ აღემატებოდა~. კახეთში არა მარტო ახმეტასა და ხორხელში, არამედ მთელ ზოლზე თელავიდან ახმეტამდე მწვანე როგორც წმინდა, ისე რქაწითელთან და ჯანანურასთან (ხიხვი) შერეულიც მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა. ამ ზოლზე, დასახელებულ სოფლებს გარდა, ღვინის მაღალი ღირსებით ცნობილია აგრეთვე სოფლები _ იყალთო, რუისპირი, ზემო_ხოდაშენი, ქისტაური და სხვ.

ალაზნის გაღმა მაღალი ღირსების ღვინო ნაფარეულში, სანიორეში და ართანაში დგება. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სოფ. სანიორეს მწვანე ტიზენჰაუზენის ყოფილი ზვრიდან, რომელიც შედიოდა ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობის შემადგენლობაში. ცნობილი სპეციალისტი, სამტრესტის ყოფილი მთავარი მეღვინე ვ. კანდელაკი (14) მას მუდამ მაღალ შეფასებას აძლევდა. პროფ. გ. გოგოლ_იანოვსკი (12) ამ ღვინის 1927 წლის მოსავლით განცვიფრებული დარჩა და მას ქართული რისლინგი უწოდა.

მეორე მხარე, სადაც მწვანე მაღალი ღირსების სუფრის ევროპული და კახური ტიპის ღვინოებს იძლევა, არის ზოლი თელავიდან მუკუზნამდე _ კურდღელაურის, კონდოლის, წინანდლის, ვაზისუბნის და მუკუზნის უბნები. ამ რაიონიდან მზადდება ცნობილი სამარკო ღვინო `წინანდალი~. დასასრულ, მესამე რაიონი, სადაც მწვანემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, არის საგარეჯოს რაიონი, ძირითადად მანავის მიკრორაიონი. აქ ძველად მეფეებსაც კი ჰქონდათ ზვრები, სადაც მეტად მაღალი ღირსების ღვინოები მზადდებოდა ჯიშ მწვანესაგან. ამჟამადაც მანავის მიკრორაიონი იძლევა საუკეთესო ღირსების მწვანის ღვინოს.

დიდ როლს ასრულებს მწვანე აგრეთვე სხვა თეთრი ჯიშების, ძირითადად რქაწითელის, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში. როგორც ძველად, ისე ახლაც, ძველ, უმყნობ ვენახებში რქაწითელთან ერთად გვხვდება ნარევის სახით _ მწვანე, ჯანანურა (ხიხვი), ქისი, ჩიტისთვალა და სხვა ჯიშები. ცალკეულ რაიონში სხვადასხვა ჯიშები სხვადასხვა რაოდენობითაა. ასე მაგალითად, სოფ. რუისპირის კოლმეურნეობა `ყურძენთავთავის~ ძველ, უმყნობ ვენახებში რქაწითელთან ერთად გვხვდება ძირითადად მწვანე და ჯანანურა (ხიხვი), სხვადასხვა ნაკვეთზე სხვადასხვა შეფარდებით. ზოგ ნაკვეთზე მწვანე და ჯანანურა დაახლოებით რქაწითელის ნახევარს შეადგენს. ცნობილ `გრძელმინდორზე~ წინანდალში ძირითადად ჯიში რქაწითელი იყო გაშენებული, ხოლო მწვანე ერთ მეოთხედს აღწევდა ნარგავში.

ძველად მწვანის ჭაჭასაც კი იყენებდნენ (ჯორჯაძე, 8, გეევსკი და შარერი, 11) სხვა ჯიშის ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელსაც სინაზეს და არომატულობას მატებდა.

მწვანის ბუნების გასაცნობად და ღვინის ღირსების ყოველმხრივ შეფასებისათვის, ქვემოთ მოყვანილ მე_6 ცხრილში მოცემულია ღვინის ქიმიური ანალიზის მაჩვენებლები ჯიშის გავრცელების სხვადასხვა რაიონიდან.

მე_6 ცხრილში მოყვანილი მონაცემები ნათელყოფენ მწვანის ღვინის ქიმიური ბუნების სიმდიდრეს როგორც ალკოჰოლიანობით, ისე ექსტრაქტითა და მჟავიანობით; ამ მხრივ მწვანის ღვინოები კარგადაა შეზავებული. დასასრულ, უნდა აღინიშნოს მწვანის ღვინის მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებები. სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე, როგორც თბილისში ისე მოსკოვში, მწვანე მუდამ ღებულობდა და ღებულობს მაღალ შეფასებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწვანის ღვინოები შენახვის დიდი ხანგრძლიობით ხასიათდება. დავარგება_დაძველების პროცესში მწვანე კარგავს სპეციფიკურ ჯიშურ არომატს და მის ნაცვლად ივითარებს იშვიათ ნაზსა და სიძველის ძლიერი ბუკეტს, რომელშიაც მკაფიოდ გამოკრთის ხილის სასიამოვნო არომატი.

მწვანე მდიდარი ვარიაციებითა და კლონებით, რაც ჯიშის დიდი ხნიერებით აიხსნება. ძველთაგანვე ცნობილი იყო მწვანის სამი ვარიაცია: ყვითელი ანუ უფიფქო მწვანე, ნაცარა მწვანე და მჭკნარა მწვანე. ამ ვარიაციებიდან გამოვლენილია ყვითელი მწვანე, რომელიც ახლაც გვხვდება ძველ ვენახებში, ხოლო ნაცარა და მჭკნარა ჯერჯერობით გამოვლენილი არაა. მწვანე მომეტებულ შემთხვევებში ინაცრება და ჭკნება კიდეც გადამწიფებისას, ასე რომ ამ ნიშნებით მკვეთრად განსხვავებული ფორმები ჯერ არ არის შემჩნეული. სამაგიეროდ, მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის უფრ. მეცნ. თანამშრომლის ვ. ლოლაძის (2) მიერ გამოვლენილია გადაკვთულფოთლიანი, მთლიანფოთლიანი და მოკლემტევანა მწვანე და მისი რამდენიმე კლონი. ამ ვარიაციების და კლონების გასაცნობად ქვემოთ მოყვანილია მათი მოკლე დახასიათება.

1. ყვითელი მწვანე განსხვავდება ძირითად მწვანისაგან ფიფქის სისქით. მარცვლების ყვითელი შეფერვა გამოწვეულია ცვილისებრი თხელი ფიფქით, სქელი ფიფქით კი დაფარულია ჩვეულებრივი მწვანის მარცვლები, ამიტომ მას აგრეთვე უფიფქო მწვანესაც ეძახიან. სამეურნეო თვისებებით, მოსავლიანობით და ღვინის ხარისხით იგი ჩამორჩება ჩვეულებრივ მწვანეს. იგი კარგი ღირსების უალკოჰოლო ყურძნის წვენს იძლევა. საერთოდ აღნიშნული ვარიაცია ნაკლებ პერსპექტიულია.

2. ღრმად დანაკვთილფოთლიანი მწვანე განსხვავდება ჩვეულებრივი მწვანისაგან ფოთლების ღრმა დანაკვთით და ყუნწის ღია ამონაკვეთით. ეს ფორმა მცირემოსავლიანია. სელექციის წარმოებისას, როგორც უარყოფითი მოდგმა, იგი უნდა ამოძირკულ იქნეს ვენახებიდან.

3. მთლიანფოთლიანი მწვანე ხასიათდება ძლიერ სუსტად ან სულ დაუნაკვთავი ფოთლებით, ძლიერი ზრდით, პატარა მტევნებითა და მცირე მოსავლიანობით. უპერსპექტივო ვარიაციაა.

4. მოკლემტევანა მწვანე ხასიათდება სუსტი ზრდით. მას ფოთლის კბილები ნემსისებრ წაწვეტებული აქვს, კვირტის გაშლა ნაგვიანევად იცის. მტევნები თხელი და პატარა აქვს. უხეირო მოდგმაა.

5. ყვავილმცვენი მწვანე განსხვავდება ძირითად ფორმისაგან ყვავილის აგებულებით. იგი ხასიათდება მტვრიანის მოხრილი ტეხილი ძაფით, მტევნები მეჩხერი და პატარა აქვს. მტევანზე რამდენიმე მსხვილ მარცვალს ივითარებს, დანარჩენები წვრილი და განუვითარებელი რჩება. უვარგისი მოდგმაა და გამოძევებული უნდა იქნეს ჩვენი ვენახებიდან.

6. მწვანე #12 _ გამოვლენილია, როგორც მაღალმოსავლიანი მოდგმა, ხასიათდება ფოთლის საშუალო დანაკვთით, მეორადი ნაკვთების განვითარებით და მაღალი მოსავლიანობით, 20_25%_ით უფრო მეტს ისხამს, ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე, უდავოდ პერსპექტიული ფორმაა, წარმატებით გაიარა კლონთა გამოცდის საფეხური და ახლა იგი ინერგება კოლმეურნეობის და საბჭოთა მეურნეობის ფართობებზე. კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში უკვე გაშენებულია მისი სადედე ვენახები.

საერთო შეფასება და დარაიონება

მწვანე მაღალხარისხოვანი, სიმწიფის III პერიოდის ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ძირითადად კახეთში, იძლევა მაღალი ღირსების სასუფრე ევროპული და კახური ტიპის თეთრ ღვინოს. ევროპულად დაყენებული ღვინო მომწვანო ჩალისფერია, გემო ნაზი, ხალისიანი და ჰარმონიული აქვს. ბუკეტი წმინდა ჯიშური, ხილის ძლიერი არომატით. კახური წესით დაყენებული იგი მუქი ჩაისფერი, სრული, სხეულიანი და ენერგიულია. გემო ჰარმონიული სასიამოვნო აქვს. არომატი ნაზი ჯიშური, რომელშიც სიძველეში წარმოიქმნება ნაზი ბუკეტი ხილის მკაფიო არომატით. ღვინის ძლიერი არომატულობისა და სინაზის გამო მეღვინეთა წრეში მას ქართული რისლინგი შეარქვეს.

მაღალი ღირსების ღვინოს მწვანე იძლევა თელავის, საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის და (ნაწილობრივ) სიღნაღის რაიონებში, ძირითადად მთებისწინა ზოლის შემაღლებულ და ფერდობ ადგილებზე, უმთავრესად ნეშომპალა_კარბონატულ, ალუვიურ_კარბონატულ და ალუვიურ_არაკარბონატულ ნიადაგებზე. განსაკუთრებით გამოირჩევა და ფართოდ ცნობილია ახმეტის, მანავის, იყალთოს, რუისპირის, ნაფარეულის, სანიორის, წინანდლის, ვაზისუბნის და სხვა ადგილების მწვანე. ზოგიერთ წელს ამ ადგილებიდან ევროპული წესით დაყენებული მწვანე არ ჩამოუვარდება მსოფლიოში ცნობილ რეინის და ბორდოს თეთრ ღვინოებს.

მწვანის დადებითი თვისებებია: შედარებით მაღალი მოსავლიანობა მისი გავრცელების თითქმის ყველა რაიონში, ღვინის მაღალი ხარისხი, ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინის დასამზადებლად, შედარებით მაღალი გამძლეობა ფილოქსერისა და კარგი გამძლეობა ზამთრის ყინვებისა და ჭრაქის მიმართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია აგრეთვე მწვანის დიდი ღირსება სხვა თეთრი ჯიშების ღვინის ხარისხის ამაღლება_გაუმჯობესების საქმეში. ისტორიულად ცნობილ ღვინოების _ ახმეტურას, ბითაანის, გორგორების, ალექსაურების, გრძელმინდორების და სხვათა მაღალი ხარისხი შედეგია მწვანის მონაწილეობისა, რომლის ვაზები ამ ადგილების რქაწითელის ვენახებში 25% და ზოგჯერ მეტს შეადგენდა.

მწვანის უარყოფითი თვისებებია: მისი შედარებით სუსტი გამძლეობა ნაცრის მიმართ, ზოგ ადგილას ნორმალურზე მეტი ყვავილცვენა, რის გამო მტევნები ძალზე მეჩხერი გამოდის, და გარემო პირობებისადმი ზედმეტი მგრძნობიარობა, მწვანის ეს უარყოფითი თვისებები ადვილი დასაძლევია _ პირველი, ნაცრიან წლებში ერთი ან ორი დამატებითი წამლობის ჩატარებით; მეორე შემთხვევაში _ ყვავილობის დაწყებამდე ან მის დასაწყისში ახალგაზრდა მოზარდი ყლორტების წვერების წამტვრევით და მესამე _ ჯიშისათვის შესაფერი რაიონისა და ადგილმდებარეობის მოფიქრებული შერჩევით. მწვანე შედის ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში.

მწვანის შემდგომი გავრცელება სასურველია კახეთის ყველა რაიონში და ქართლის სამხრეთ_აღმოსავლეთ ნაწილში. ამ რაიონებში მწვანისათვის უნდა შეირჩეს ფერდობი და შემაღლებული ადგილები არამშრალი ნიადაგებით. საქართველოს გარეთ მწვანე კარგ შედეგებს იძლევა უკრაინაში (ოდესის რ_ნი), დაღესტანსა და ყირიმში _ ზღვისპირა მთიან ნაწილში. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე მოლდავეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მხარეში ფართო საწარმოო გამოცდის შემდეგ გასავრცელებლად.