საქართველოს მცირე მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
საფერავი

მდებარეობა:
დახასიათება:

საფერავი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს საფერავი იძლევა თავის სამშობლოში _ კახეთში, ხოლო საუკეთესო მაგარ და სადესერტო ღვინოს _ ყირიმსა და უზბეკეთში. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურულ წყაროებში და ადგილობრივ მევენახეთა შორის საფერავი ცნობილია ბევრი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებითაც. ეს აიხსნება იმით, რომ საფერავი მეტად ძველი ჯიშია, რის გამოც იგი მდიდარია სახეშეცვლილი ფორმებით _ ვარიაციებით. სწავლული მევენახეები ლ. ჯორჯაძე (7), ს. ქვარიანი (14) და პ. ავერკინი (8) ანსხვავებდნენ ნამდვილ საფერავს, მამალ საფერავს, დედალ  საფერავს, ბუდეშურისმაგვარ საფერავს, მსხვილმარცვალა საფერავს და წვრილმარცვალა საფერავს. ამ ვარიაციების მომეტებული ნაწილი გადარჩენილია და შეგროვილია მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე. საფერავი ქართული ვაზის ჯიშია, იგი წარმოქმნილია ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივ კერიდან. პირდაპირი მითითებანი საფერავის წარმოშობის დროისა და ადგილის შესახებ დაცული არაა. აკად. ივ. ჯავახიშვილის (6) ცნობით, საქართველოს სამეურნეო ისტორიის XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელი ძეგლები დაცული არაა. ამისდა მიუხედავად სხვა არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია საფერავის წარმოშობის ადგილისა და დროის მიახლოებით განსაზღვრა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებანი, რომელთა შორის, პირველ რიგში, მოსახსენებელია ჯიშის არაჩვეულებრივი სიმდიდრე ვარიაციებით, რაც საფერავის გარდა არც ერთ ქართულ ჯიშს არ ახასიათებს. ვარიაციების ასეთი სიმდიდრე შეიძლება აიხსნას საფერავის ძლიერ ხანგრძლივი კულტურის განმავლობაში გარემო პირობების ხშირი და მკვეთრი ცვალებადობით, რასაც შეეძლო გამოეწვია ამ განსხვავებული ფორმების წარმოქმნა. საფერავის უძველეს ჯიშად მიჩნევის საბუთს წარმოადგენს აგრეთვე მისი მორფოლოგიური ნიშნების _ ფოთლის ქვედა მხარის სქელი აბლაბუდისებრი (ქეჩისებრი) შებუსვა, მარცვლის მუქი, ინტენსიური შეფერვის და სხვა ნიშნების სიმყარე (დომინირება). საფერავის თვითგანაყოფიერებული თესლებიდან ზოგიერთი, ჩვეულებრივი ვაზისაგან განსხვავებული, დატოტვილი და მომრგვალო ფორმის თესლნერგის აღმოცენებამ საბუთი მისცა პროფ. ა. ნეგრულს (16) გამოეთქვა შეხედულება, რომ `ზოგიერთი ახლა გავრცელებული ჯიში შეიძლება წარმოადგენდეს იმ ძველ ფორმას, რომელიც საწყისს იღებს რამდენიმე ათასი წლის წინათ წარმოქმნილი თესლნერგისაგანო~. ასეთივე დასკვნამდე, მხოლოდ სულ სხვა გზით, სახელდობრ, გარეული და კულტურული ვაზის ჯიშების ყვავილის ტიპის შესწავლის საფუძველზე, მივიდნენ პროფ. ს. ჩოლოყაშვილი და დოც. ნ. ჩახნაშვილი (20). მათი აზრით, `ეს ჯიშები (საფერავი, რქაწითელი და ჭყაპა) შესაძლოა წარმოადგენდნენ იმ ჯიშების პროტოტიპს, რომლებიც გარდამავალ საფეხურზეა გარეულ და კულტურულ ვაზებს შორის და ამის მიხედვით ერთ_ერთი უძველესი ჯიშთაგანია~. ძველი ისტორიკოსები _ ქსენოფონტეს, ჰეროდოტეს, სტრაბონისა და სხვათა გადმოცემით, ევროპულ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრების გარიჟრაჟზე, საქართველოში ფართოდ იყო განვითარებული მევენახეობა და მეღვინეობა. ყოველივე ეს საბაბს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ზოგიერთი დღეს გავრცელებული ჯიში უძველესია ან უძველესი ჯიშების უახლოესი შთამომავალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ცნობები საფერავის წარმოშობის შესახებ, განსაკუთრებით უცხოური, ზოგჯერ არასწორია და დამახინჯებულია. მაგალითისათვის საკმარისია მოვიყვანოთ უცნაური ცნობა გერმანულ ჟურნალ “ჭეინლაუბე”–დან, რომლის მიხედვით საფერავი რეკომენდებულია გერმანიისათვის `როგორც საბერძნეთის და ყირიმის ჯიში, გავრცელებული კახეთის მთებში~. სამწუხაროდ, აკად. ს. კორჟინსკის (15) ნაშრომში `ყირიმის ამპელოგრაფიაშიაც~ არ არის სწორად გაშუქებული საფერავის წარმოშობის საკითხი. იქ საფერავის შესახებ შემდეგი წერია: `საფერავი დასავლეთ აზიის ჯიშია. იგი ძლიერ გავრცელებულია კავკასიაში; გუიონმა იგი მიიღო პალესტინიდან. მაასსმა და პიულამ საფერავის სახელწოდებით მიიღეს კავკასიიდან 5 სხვადასხვა, მაგრამ მონათესავე ვარიაცია~. რასაკვირველია ასეთი ცნობები მხოლოდ გაუგებრობაზე უნდა იყოს აგებული. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ საფერავის მასობრივი გავრცელება კახეთში, ჯიშის დამახასიათებელი თვისების აღმნიშვნელი მისი ქართული სახელწოდება, განსხვავებული ფორმებით დიდი სიმდიდრე და ის, რომ იგი ადგილობრივი ჯიშების უმეტესობის მორფოლოგიური და სამეურნეო_ტექნოლოგიური თვისებების მატარებელია, ნათლად ადასტურებს საფერავის ადგილობრივ წარმოშობას და მის დიდ ხნიერებას. აკად. ივ. ჯავახიშვილის (6) ცნობით, თავდაპირველად საფერავი ძველ ქართულ პროვინციაში _ შავშეთ_კლარჯეთში ყოფილა გავრცელებული. აქ იგი რამდენიმე საუკუნით უფრო ადრე ყოფილა გავრცელებული, ვიდრე ქართლში. ქართლში საფერავი მხოლოდ XVII საუკუნის დასაწყისშია ნახსენები. იგი `ვახტანგ VI დასტურლამალში გვხვდება ატენის ზვრების შესახებ დებულებაში, მაგრამ სახელის გარდა სხვა არაფერი მოიპოვება~.

ამის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ საფერავი ფორმათა წარმოქმნის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს _ ძველი კოლხეთის _ კერიდან უნდა იყოს წარმოშობილი, შემდეგ აღმოსავლეთისა და სამხრეთ_აღმოსავლეთისაკენ გადმონაცვლებით, ქართლზე გავლით, იგი საბოლოოდ დამკვიდრებულა კახეთში უკვე XVII საუკუნის ბოლოს. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ძირითადად ჯიშის ბოტანიკური ნიშნები (ფოთლის ქვედა მხარის სქელი ქეჩისებრი შებუსვა და სხვ. ნიშნები), რომლის მიხედვით იგი უფრო ახლო დგას კოლხეთის, ვიდრე ალაზნის ხეობის ფორმათა წარმოშობის კერის ჯიშებთან.

საქართველოდან საფერავი თანდათან გავრცელდა მეზობელ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანში იგი გავრცელდა, ძირითადად, ძველ ქართულ პროვინცია _ საინგილოდან, სადაც საფერავი და რქაწითელი ახლაც ბლომად მოიპოვება საკუთარ ძირზე, როგორც დაბლარად, ისე ნაწილობრივ, მაღლარადაც. სომხეთში საფერავი უფრო ნაკლებად არის გავრცელებული. იგი ძირითადად საქართველოს მოსაზღვრე ალავერდის, შამშადინის და იჯევანის რაიონებში გვხვდება. დაღესტანში საფერავი კახეთიდან გავრცელდა, ძირითადად დარუბანდისა და მახაჩყალის რაიონებში.

ყირიმში საფერავი უშუალოდ საქართველოდანაა შეტანილი, იგი პირველად `მაგარაჩში~ გაუშენებიათ 80_100 ძირის რაოდენობით 1853 წელს. ჩვენი აზრით, საფერავი ყირიმში უფრო ადრე უნდა იყოს შეტანილი. აკად. ივ. ჯავახიშვილს (6) აღნიშნული აქვს, რომ ისტორიკოს იასე ცინცაძის მიერ მეფისნაცვლის არქივში ნაპოვნია საქმე # 1752, საიდანაც ირკვევა, რომ 1847 წელს ყირიმიდან საქართველოში მოვლინებული ყოფილა მებაღე ი. ფრიკი და ს. ფედოროვი თესლებისა და მცენარეების შესაგროვებლად. მათვე ჰქონდათ დავალებული ქართული ვაზის ჯიშების აღწერა, დახასიათება, სახელწოდებათა ფიქსირება და სხვ. როგორც იქვეა მოხსენიებული, აღნიშნული პირები დაბრუნებულან იალტაში 1847 წლის 14 ნოემბერს 5 დიდ ყუთში ჩალაგებული შეგროვილი მასალით.

დასაშვებია, რომ სწორედ ი. ფრიკისა და ს. ფედოროვის მიერ იყოს საფერავი პირველად ყირიმში ჩატანილი 1847 წელს. გ. ცაბელის მიერ მითითებული 1853 წელი უნდა იყოს საფერავის არა პირველად შეტანის, არამედ მისი შემდგომი გამრავლების წელი, რადგან 80_100 ძირის რაოდენობით უცნობ ჯიშს არ გამოცდიდნენ.

საქართველოდან და ყირიმიდან საფერავი თანდათან ვრცელდებოდა რუსეთში, მევენახეობის დანარჩენ რაიონებში. ახლანდელ კრასნოდარის მხარეში საფერავი გავრცელებულია ძირითადად შავი ზღვის სანაპირო რაიონებში. დონზე საფრეავი პირველად გააშენეს რაზდორის მევენახეობის სკოლის ნაკვეთზე, ხუტორ პუხლიაკოვსკში, დაახლოებით 1906 წელს. შუა აზიის რესპუბლიკებში საფერავი შეტანილია ევროპულ ჯიშებთან ერთად დაახლოებით 1860 წლიდან.

საზღვარგარეთ, ძირითადად საფრანგეთში, საფერავი მოხვდა ქ. ქუთაისში დასახლებულ ფრანგ ლონგეილის საშუალებით. უკანასკნელი სისტემატურად უგზავნიდა ქართულ ვაზის ჯიშებს საფრანგეთში ამპელოგრაფ პიულას. მაგალითად, 1868 წელს ლონგეილმა 25 იმერეთის ჯიში გაუგზავნა პიულას. მათ შორის საფერავი წარმოდგენილი იყო 3 სხვადასხვა სახესხვაობით. 1875 წელს გაგზავნილ ახალ ამანათში საფერავის ორი სახესხვაობა იყო მოხვედრილი, სახელდობრ: `კახეთის საფერავი~ და `საფერავი კრიკრინა~. პიულას გარდა საფერავი ჰქონდათ გაშენებული გუილონს, ოდარს და სხვებსაც. საფრანგეთში, ამპელოგრაფ ოდარის ცნობით, ჯერ კიდევ 1874 წელს საფერავის ნერგების შეძენა შეიძლებოდა ბორდოში ჩჰარტონს–თან, მონპელიეში Mარეს _თან და აგრეთვე ბელგიაში Pაპელეუხ–თან.

საფერავის შედარებით ფართოდ გავრცლეება როგორც საბჭოთა კავშირის მევენახეობის რაიონებში, ისე, ნაწილობრივ, საზღვარგარეთაც გამოწვეულია ამ ჯიშის უდავოდ მაღალი სამეურნეო_ტექნოლოგიური თვისებებით (მოსავლიანობა, ღვინის ხარისხი, ყინვაგამძლეობა და სხვა).

ნიკიტის ბაღის დირექტორი ჰარტვისი, გ. ცაბელი, ფრანგი ამპელოგრაფი ოდარი და სხვები საფერავს მეტად მაღალ შეფასებას აძლევენ. მაგალითად, ამპელოგრაფი ოდარი ჰარტვისის ცნობაზე დაყრდნობით შემდეგს წერს: `ყველაფერი უფლებას მაძლევს ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ყურძნის ჯიშს სჯობია და შემიძლია იგი სრულიად შეგნებულად გირჩიოთ ფართოდ საცდელადო~.

საფერავი გავრცელებულია საბჭოთა კავშირის მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში. ჯიშის ძირითადი მასივები თავმოყრილია საქართველოში, ძირითადად კახეთისა და ქართლის რაიონებში.

ვენახების მთლიანი პასპორტიზაციისა და აღრიცხვის მასალების მიხედვით 1940 წლის 1.IX_თვის საქართველოში საფერავს ეჭირა 2737,6 ჰექტარი, ხოლო ვენახების 1953 წლის აღწერის მონაცემებით მისი ფართობი 2540 ჰექტარს უდრიდა. საფერავის ვენახები საქართველოს ვენახების მთელი ფართობის მხოლოდ 4,8% შეადგენს, ხოლო კახეთში მისი ფართობი (1872 ჰექტ) ვენახების საერთო ფართობის 11% არ აღემატება (იხ. ცხრ. 1).

ძველად, ფილოქსერის გავრცელებამდე, კახეთში საფერავის ხვედრითი წონა გაცილებით უფრო დიდი იყო და 25% აღწევდა. საფერავი, როგორც ფილოქსერის სუსტი გამძლე, ადრე ამოვარდა და ამის შედეგად უნებლიეთ გაიზარდა ხვედრითი წონა რქაწითელისა, რომლის უმყნობი ვენახები ახლაც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა კახეთში. აღნიშნულის გამო აუცილებლად უნდა გაიზარდოს ამ ძვირფასი ჯიშის ვენახები ფილოქსერგამძლე საძირეებზე დამყნობის გზით.

საქართველოს მეზობელ რესპუბლიკებს შორის საფერავი უფრო გავრცელებულია აზერბაიჯანში, ძირითადად კახის, ზაქათალის, შამქორისა და კიროვაბადის რაიონებში, დაახლოებით 75 ჰექტ. ფართობზე.

სომხეთში საფერავი შედარებით მცირე ფართობზეა გავრცელებული და ისიც ჩრდილო_აღმოსავლეთ რაიონებში. 1927 წლიდან დაიწყეს საფერავის გაშენება ფართო მასშტაბით არარატის ტრესტის საბჭოთა მეურნეობაში. დაღესტანში საფერავი გავრცელებულია ძირითადად საბჭოთა და კოლექტიურ მეურნეობებში დაახლოებით 33,6 ჰექტარ ფართობზე, უმთავრესად დარუბანდისა და მახაჩყალის რაიონებში.

ყველაზე მეტად საფერავი გავრცელებულია ყირიმში, იქ მას ვენახების მთელი ფართობის 3% უჭირავს. 1940 წლის 1 იანვრისათვის საფერავის ფართობი ყირიმში 300 ჰექტარს აღწევდა. საფერავის ძირითადი მასივები განლაგებულია ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე და ყირიმის ტრამალიან ველების კოლმეურნეობებში.

შუა აზიის რესპუბლიკებს შორის საფერავი უფრო მეტად გავრცელებულია უზბეკეთში _ ორჯონიკიძის, კალინინის, ზემო ჩირჩიკის, იანგი_ულის, ჩიპაზის და ბულუნგურის რაიონებში. 1940 წლის ვენახების აღწერის მიხედვით საფერავს უზბეკეთში 255,2 ჰექტარი ფართობი ეჭირა. აქედან მარტო `უზბეკღვინოს~ 10 საბჭოთა მეურნეობაში _ 147 ჰექტარი. ყაზახეთში საფერავს 61,3 ჰექტარი ფართობი უჭირავს. შუა აზიის დანარჩენ რესპუბლიკებში საფერავი უფრო ნაკლებადაა გავრცელებული და შედარებით მცირე ფართობი უკავია.

რუსეთის სფსრ_ში უფრო მეტად საფერავი გავრცელებულია ორჯონიკიძისა და კრასნოდარის მხარეში. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იგი გაშენებულია დაახლოებით 156 ჰექტარზე, ამ მხარის დანარჩენ რაიონებში კი 20 ჰექტარზე. დონზე საფერავი ცოტაა, ძირითადად საკოლექციო და ჯიშთაგამოცდის ნაკვეთებზე გვხვდება. დაახლოებით ასევე მცირე ფართობზე (12,7 ჰექტარი) გაშენებულია საფერავი უკრაინაში. სულ საბჭოთა კავშირში საფერავის ვენახებს 3600 ჰექტარი უჭირავს.

ბოტანიკური აღწერა

საფერავის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში. საკოლექციო ვენახი გაშენებულია ცივ_გომბორის მთის კალთაზე, 556 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ნიადაგი ნეშომპალა_კარბონატულია და შეიცავს კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას (20%_დან A ჰორიზონტში _ 75%_მდე ჩ ჰორიზონტში). მექანიკური შედგენილობით იგი მძიმე ქვეთიხნარია და საშუალო რაოდენობით შეიცავს ჩონჩხს ზედა ჰორიზონტში. ვენახი დაბლარია, გაშენებულია 1926 წელს, ვაზი გაფორმებულია ორმხრივი შპალერის წესით სარ_მავთულზე. ვაზის კვების არე 2,15 მ2, ხოლო შტამბის სიმაღლე 50_55 სმ უდრის. ვაზი დამყნობილია ბერლანდიერიXრიპარია # 420ა საძირეზე.ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა, 15_20 სმ სიგრძის მოზარდი ყლორტის წვერი გვირგვინითა და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკითურთ დაფარულია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, შეფერილია თეთრად და ღია ვარდისფერი არშია აქვს ახალგაზრდა ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის ფოთლებზე (3_4) შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და ფოთლები მოყვითალო_მწვანე ფერისა ხდება, ქვედა მხრიდან კი შებუსვის შეუმცირებლობის გამო ისინი ინარჩუნებს მორუხო_თეთრ ფერს სუსტი მოვარდისფრო ელფერით. ახალგაზრდა ყლორტი ფუძისაკენ თანდთან კარგავს შებუსვას და ბაცი მწვანე ფერისა ხდება. ფოთლის იღლიებში ახალგაზრდა კვირტებს აგრეთვე ვარდისფერი არშია აქვს.ერთწლიანი რქა. შემოსული ერთწლიანი რქა საკმაოდ მსხვილია (7,5X8,0 მმ) და ჯიშისათვის დამახასიათებელი ფხვიერი მერქანი აქვს. შემოდგომით, ყურძნის სავსებით დამწიფების შემდეგ, რქა მოწითალო_ვარდისფერი ხდება. მუხლთაშორისები საშუალო სიგრძისაა (8_10 სმ), მუხლები კარგადაა გამოსახული, რომლებიც მუხლთაშორისებზე უფრო მსხვილი და მუქია.ფოთოლი. ზრდადამთავრებული, შუა იარუსის (9_12) ფოთლები საშუალო ზომისაა (22X20 სმ). ფოთლის ფირფიტა მომრგვალოა, იშვიათად კვერცხისებრიც გვხვდება, ღია მწვანე ფერისაა და საკმაოდ უხეში. უფრო ხშირად ფოთლები სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი ან ოდნავ დანაკვთული _ თითქმის მთლიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად წვრილბურთულებიანიცაა. ფოთლის ნაკვთები განიერი და ოდნავ ზემოთ წამოწეულია.

ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, ან უფრო ხშირად ზეზეურია. ამონაკვეთები ხშირად ვიწროყელიანი ჩანგისებრია ან დახურული ოვალურთვლიანია. ამონაკვეთებს მახვილი ფუძე აქვს. იშვიათად ამონაკვეთი ოდნავ შესამჩნევია ან, პირიქით, მომრგვალოთვლიანია ერთი მეორეზე გადაბმული ნაკვთებით.

ქვედა ამონაკვეთები ზედა ამონაკვეთზე უფრო სუსტადაა განვითარებული, ჩვეულებრივ უფრო პატარაა ან სულ არ არის წარმოდგენილი. ამონაკვეთის ფორმა ხშირად ნაპრალისებრი ან პარალელურგვერდებიანი ჩანგისებრია; იშვიათად იგი ოდნავ შესამჩნევია ან შეჭრილი კუთხისებრია.

ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ცვალებადობს ღია თაღისებრიდან ვიწრო ელიფსურთვლებიან დახურულ ამონაკვეთამდე. უფრო ხშირად ვიწროყელიანი და მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები გვხვდება. ხოლო უფრო იშვიათად დახურული ამონაკვთები თითისტარისებრი (ოვალური) თვალით. თავისუფალ მდგომარეობაში, გვერდითი ნაკვეთების წინ (ზეზე) წამოწევის გამო, ყუნწის ამონაკვეთი ხშირად დახურულს წააგავს.

ფოთლის მთავარი ძარღვები უფრო ხშირად ბოლოვდება გამოწეულგვერდებიანი მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ან გუმბათისმაგვარი ფორმის კბილებით. გვერდითი კბილები გამოწეულგვერდებიანი, მახვილწვერიანი სამკუთხედისებრია ან, უფრო იშვიათად, ხერხკბილა_სამკუთხედისებრია.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია, იგი უფრო ქეჩისებრია, ვიდრე აბლაბუდისებრი, რომელიც შედგება ჰორიზონტალურად გართხმული აბლაბუდისებრი ბეწვისა და ვერტიკალურად მდგომი ჯაგრისმაგვარი ბუსუსებისაგან. ფოთლის ზედა მხარე შიშველია ან ოდნავ შესამჩნევი აბლაბუდისებრი ბეწვი დაჰყვება ძარღვების გასწვრივ.

ფოთლის ყუნწს ალაგ_ალაგ დაჰყვება ოდნავ შესამჩნევი აბლაბუდისებრი ბეწვი, იშვიათად, და ისიც ქვედა იარუსის ფოთლებზე ემჩნევა თხელი ჯაგრისებრი ბუსუსი. ყუნწი ჩვეულებრივ ფოთლის მთავარ ძარღვზე მოკლეა ან, იშვიათად, მისი ტოლია. ყუნწი მომწვანო ფერისაა, ხოლო იშვიათად მოწითალო_ღვინისფერია.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. მას კარგად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად 6 და უფრო იშვიათად 4 მტვრიანიანი ყვავილებიც გვხვდება. მტვრიანები ოდნავ უფრო გრძელია ბუტკოზე. მტვრიანას სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,0_1,2 შეადგენს, იშვიათ შემვთხვევაში კი ეს შეფარდება 1,5 და მეტსაც აღწევს. ნასკვი პატარა სურისმაგვარი ფორმისაა; დინგი კარგადაა გამოსახული, სვეტი კი მოკლეა.მტევანი. მტევნები საშუალო ზომისაა. მათი სიგრძე მერყეობს საფერავის საშუალოდ 13_დან 21 სანტიმეტრამდე, ხოლო სიგანე 7,5_დან 12 სანტიმეტრამდე. მტევნის ფორმა დიდად არ ცვალებადობს. ჩვეულებრივ მტევანი განიერ კონუსისებრია და ფუძესთან დატოტვილი. იშვიათად მტევნის მხრების გადაზრდის გამო იგი კარგავს თავის ფორმას და უფორმო ხდება. მეტწილად საფერავის მტევანი მეჩხერია, იშვიათად კი საშუალო სიმკვრივისაც გვხდება. მტევანში საშუალოდ 100_120 მარცვალია. მტევნის საშუალო წონა კახეთში 140_160 გ აღწევს. მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს 4_დან 6 სმ_მდე, საშუალოდ კი 4_5 სმ უდრის. მწვანე ყუნწი ადვილად მოსაწყვეტი, ბალახისებრია, ხოლო ბოლოში იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი წვრილია, მოგრძო (6_8მმ) და გლუვი. მარცვლის ყუნწის ბალიში ვიწრო კონუსისებრია, იშვიათად განიერ კონუსისებრი, ხშირად ხორკლებიანია, იშვიათად კი გლუვი. მარცვლის ყუნწის ბალიში ღია_წითელია. მარცვლების სიმწიფისას მარცვლის ყუნწიც ღია_წითელი ხდება.მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 1,3_დან 2,0 სმ_მდე, ხოლო სიგანე 1,2_დან 1,85 სმ_მდე. საშუალო მარცვლის ზომა 1,6X1,45 სმ უდრის. მარცვალი ოვალურია, შუა წელში კი განიერი, ხოლო ბოლო მომრგვალო აქვს. მარცვალი მუქი ლურჯია, თითქმის შავი. ცვილისებრი ფიფქი მარცვალზე საკმაოდ სქელია, მარცვლის კანი თხელია, მაგრამ მკვრივი. რბილობი წვნიანი და მდნარია, ოდნავ მკვრივი წიპწების ირგვლივ. მარცვალს სასიამოვნოდ ტკბილი გემო აქვს.წიპწა. წიპწების რიცხვი მარცვალში თცალებადობს 1_დან 4_მდე. 1000 მარცვალში ერთწიპწიანები შეადგენს 20%, ორწიპწიანები _ 56%, სამწიპწიანები _ 21% და ოთხიპწიანები _ 3%. ამრიგად, საშუალოდ მარცვალზე მოდის 2,04 წიპწა. წიპწის სხეული მომრგვალოა, ნისკარტის მიმართულებით კი თანდათან ვიწროვდება და მოგრძო ფორმისა ხდება. წიპწის სიგრძე საშუალოდ 7,0 მმ, ხოლო განი 4,0 მმ შეადგენს. წიპწის სხეული ღია ყავისფერია, ნისკარტისაკენ კი მოყვითალო ხდება. ქალაძა მომრგვალოა და ოდნავ ჩაზნექილი, ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ სუსტადაა გამოსახული. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია. ღარები მუცლის მხარეზე საკმაოდ ღრმაა და ყვითელი ფერი აქვს. ნისკარტის სიგრძე საშუალოდ 2 მმ უდრის. იგი ზემოდან ღია ყავისფერია, ქვემოდან კი ოდნავ ნარინჯისფერი. ნისკარტი მეჭეჭებიანია, მისი წვერი მოხრილია მუცლის მხრისაკენ.

აგრობიოლოგიური დახასიათებასავეგეტაციო ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის ჯიშების საკოლექციო ვენახში, რომელიც გაშენებულია ცივ_გომბორის სუსტად დაქანებულ ფერდობზე, სოფ. კურდღელაურში, 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ფენო_ფაზების მსვლელობა დაკავშირებულია ვენახის მახლობლად მოწყობილ მეტეოროლოგიურ სადგურის მონაცემებთან. წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით საფერავი სიმწიფის საშუალო პერიოდის ჯიშია, კახეთში ცალკეულ წლების მიხედვით იგი სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე მწიფდება. ყველაზე ადრე საფერავი უზბეკეთში მწიფდება. აქ იგი იკრიფება აგვისტოს ბოლო რიცხვებში სუფრის, ხოლო სექტემბრის დასაწყისში მაგარი და სადესერტო ღვინის დასაყენებლად. სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა მოცემულია ქვემოთ მოყვანილ მე_2 ცხრილში.

როგორც მე_2 ცხრილიდან ჩანს, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა (კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე) ცალკეული რაიონების მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს. რაც უფრო ჩრდილოეთისაკენაა მევენახეობის რაიონი, მით უფრო გრძელია ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი, რადგან ძნელდება ყურძნის მომწიფებისათვის საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამის დაგროვება. სამხრეთ განედებზე, პირიქით, მაღალი დღეღამური ტემპერატურის გამო სავეგეტაციო პერიოდი საგრძნობლად მოკლეა. მაგალითად, უკრაინაში საფერავის სავეგეტაციო პერიოდი გრძელდება 172 დღემდე მაშინ, როდესაც შუა აზიის რესპუბლიკებში იგი 34 დღით მცირდება და შეადგენს 138 დღეს.

ჩრდილო რაიონებში საფერავის მარცვლების სრულ მომწიფებისათვის საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი განისაზღვრება საშუალოდ 3200 გრადუსით (ნოვოჩერკასკი _ 3037º, ოდესა _ 3290º), სამხრეთ რაიონებში კი თბიერების სწრაფად დაგროვების გამო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი იზრდება 3500º–მდე, ალბათ ვაზის მიერ გამოუყენებელი თბიერების ხარჯზე.

ამის გამო ახალ რაიონებში საფერავის გაშენებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჯიშის სრული მომწიფებისათვის საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, რაც ადვილი დასადგენია მევენახეობის ჩრდილო რაიონებში და საფერავისათვის საშუალოდ 3200º შეადგენს.

კახეთში საფერავის ერთწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის სავსებით ასწრებს მომწიფებას. ყველგან, სადაც კი საფერავის მარცვლები სრულად მწიფდება, მისი რქები ფოთოლცვენის მომენტისათვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას 100_120 სმ სიგრძეზე.

საფერავის ზრდის სიძლიერის მიხედვით უნდა მიეკუთვნოს საშუალო ზრდის ჯიშების ჯგუფს. ზოგიერთ რაიონში, ჰავისა და ნიადაგის პირობების გამო, საფერავი უფრო ძლიერ იზრდება. ასეა, მაგალითად, შუა აზიის რესპუბლიკებში, კრასნოდარის მხარეში, დონზე, ძირითადად ღონიერ და ნოყიერ ნიადაგებიან ნაკვეთებზე.მოსავლიანობა. საფერავი სხვა ქართული ჯიშების მსგავსად ადრე იძლევა პირველ მოსავალს. პირველ ნიშანს საფერავი დარგვიდან მეორე წელს იძლევა, მესამე წელს იგი ისხამს მთელი მოსავლის თითქმის ნახევარს. ხოლო სრულ მოსავალს საფერავი დარგვის მეოთხე წლიდან იძლევა. კახეთში საფერავი საშუალოზე მეტ მოსავალს იძლევა. კახეთის ყოფილ საუფლისწულო მამულებში საფერავის უმყნობი ვენახები 2 მ2 კვების არეზე საშუალოდ იძლეოდა 65_70 ცენტნერს ყურძენს. ყველაზე დიდ მოსავალს საფერავი იძლეოდა მუკუზნის, შემდეგ წინანდლისა და ნაფარეულის მეურნეობებში. ზოგიერთ ნოყიერი ნიადაგიან ნაკვეთებზე 100_150 ცენტნერი ყურძენი იკრიფებოდა ერთ ჰექტარზე. ასეთი იყო ჩუმლაყი და კიკიანთეული მუკუზნის ვენახების ჯგუფში. ხოლო ზურაბაანთეული და სანიორე _ ნაფარეულის საბჭოთა მეურნეობის ვენახების ჯგუფში.

ამავე ადგილებში საბჭოთა მეურნეობების ნამყენი ვენახები ვაზების ოპტიმალური დატვირთვის შემოღებამდე შედარებით უფრო ნაკლებ მოსავალს იძლეოდა, გარდა ხირსის, გურჯაანისა და ყულარის საბჭოთა მეურნეობებისა. ეს აიხსნება ერთი მხრივ, რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ვაზის უცვლელი კულტურისაგან ნიადაგის გაღარიებებით და, მეორე მხრივ, ვაზის კვების არის გადიდებით, რის შესაბამისად არ წარმოებდა მოსავლიანობის სხვა ფაქტორების შესაბამისი გადიდება (ორგანულ_მინერალური სასუქების შეტანა, მათი დოზების გაზრდა და ვაზების კვირტებით დატვირთვის სათანადოდ გადიდება).

უკანასკნელ წლებში გადამწყვეტ აგროღონისძიებათა ჩატარებით მკვეთრად გაუმჯობესდა ვენახების მოვლა_დამუშავება, რის გამოც მოსავალმა საგრძნობლად გადააჭარბა ომის წინადროინდელ დონეს.

საფერავის სამეურნეო თვისებების დასახასიათებლად მოგვყავს მონაცემები საფერავის მოსავლიანობის შესახებ სამტრესტის საბჭოთა მეურნეობებში (იხ. ცხრ. 3).

როგორც მე_3 ცხრილიდან ჩანს, საფერავი კარგად ისხამს კახეთში, უხვ მოსავალს იძლევა საფერავი მევენახეობის სხვა რაიონებშიაც. ყირიმში საფერავმა 15 გამოცდილ ჯიშს შორის მოსავლიანობით მეოთხე ადგილი, ხოლო წითელ ჯიშებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. კრასნოდარის მხარეში საფერავის მოსავლიანობა მერყეობს 35,2_დან (პრასკოვეის სკოლა) _ 70_78,4 ცენტნერამდე (მისხაკო, კრასნოდარის მხარე).

პროფ. გ. გოგოლ_იანოვსკის (10) ცნობით, საბჭოთა მეურნეობა `აბრეუ_დურსოში~ საფერავმა 1924 წელს პირველი ადგილი დაიკავა მოსავლიანობით (118 ცენტ.) და ისეთ მაღალმოსავლიან ჯიშს გადააჭარბა, როგორიცაა ალიგოტე. ამ მეურნეობებში 10 წლის საშუალო მოსავალი შეადგენდა 56 ცენტნერს, ხოლო 1951 წელს _ 90 ცენტნერს.

კარგ მოსავალს იძლევა საფერავი აზერბაიჯანშიაც. აზერბაიჯანის საბჭოთა მეურნეობების ტრესტის ცნობით, საფერავის 5 წლის საშუალო მოსავალი საბჭოთა მეურნეობა `ყარაერიში~ უდრიდა 70,92 ცენტნერს.

უფრო მეტ მოსავალს იძლევა საფერავი დაღესტანში. მევენახეობის ზონალური სადგურის ცნობით, დარუბანდში საფერავის უკნასკნელი სამი წლის მოსავლის საშუალო უდრიდა 102_1 ცენტნერს, ხოლო ყიზლარის რაიონში საბჭოთა მეურნეობა `პროლეტარში~ ორი წლის საშუალო 140 ცენტნერს.

სომხეთში `არარატტრესტის~ საბჭოთა მეურნეობებში ყურძნის მოსავალი 20_22% შაქრიანობისას 100_110 ცენტ. უდრიდა, ხოლო მიქოიანის სახელობის კოლმეურნეობაში 184 ცენტნერი ყურძენი მოიკრიფა ერთ ჰექტარიდან.

უზბეკეთში ტრესტი `უზბეკღვინოს~ საბჭოთა მეურნეობებში საფერავის მოსავალი საშუალოდ 84 ცენტნერს უდრიდა, ხოლო ცალკეულ ნაკვეთებზე 145 ცენტნერს მიაღწია. სხვა საბჭოთა მეურნეობებში (# 6, 7, 10 და `ბულუნგურში~) საშუალოდ მიიღეს 122_164 ცენტნერი, ხოლო მოწინავეთა ნაკვეთებზე 220_250 ცენტნერი ყურძენი ჰექტარზე.

ყირგიზეთის საბჭოთა მეურნეობა `ვასილევსკში~ საშუალოდ 68 ცენტნერი საფერავის ყურძენი მიიღეს, ხოლო უდიდესი მოსავალი 105 ცენტ. აღწევდა. ყაზახეთის საბჭოთა მეურნეობა `ისიკში~ 85 ცენტ. ყურძენი მოკრიფეს, ცალკეულ ნაკვეთებზე კი 124 ცენტ. ჰექტარზე.

ყველაზე უფრო მეტ მოსავალს საფერავი შუა აზიის რესპუბლიკებში იძლევა. უზბეკეთში, აკ_კოვაკის საცდელ სადგურზე, მევენახე რიზამატ მუსა მუხამედოვმა თითოეულ ჰექტარზე მიიღო 230 ცენტნერი საფერავის ყურძენი.

ამრიგად, როგორც მოყვანილი ცნობებიდან ირკვევა, საფერავი მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება და პირველ ადგილს იჭერს ადგილობრივ ვაზის ჯიშებს შორის.ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანობა. ყვავილცვენა ჩვეულებრივ ვაზის ყველა ჯიშს ახასიათებს, მაგრამ ზოგიერთმა ჯიშმა ნორმალურზე ჭარბი ყვავილცვენა იცის. საფერავიც ამ ჯიშთაწყებას ეკუთვნის. მისი ყვავილცვენის სიძლიერე საგრძნობლად ცვალებადობს რაიონის, საძირის, ასაკისა, ჰავის და სხვა ფაქტორთა გავლენით. ქვემოთ მოყვანილია მარცვლის გამონასკვის მაჩვენებლები მევენახეობის სხვადასხვა რაიონის მიხედვით (იხ. ცხრ. 4).

როგორც მე_4 ცხრილიდან გვიჩვენებს, მარცვლის გამონასკვა მერყეობს საშუალოდ 24,3_დან 45,65%_მდე. შედარებით დაბალი გამონასაკვა თელავში საძირე რუპესტრის დულოს გავლენას უნდა მიეწეროს. ამ მონაცემების საფუძველზე საფერავი შეიძლება მიეკუთვნოს ჯიშთა იმ ჯგუფს, რომელსაც ახასიათებს მარცვლების გამონასკვის საშუალო უნარი.

წვრილმარცვლიანობა საფერავს არ ახასიათებს. არახელსაყრელი ამინდის შემთხვევაში საფერავის წვრილმარცვლიანობა საშუალოდ 5_6% არ აღემატება. ნორმალურზე მეტი ყვავილცვენისა და წვრილმარცვლიანობის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოყენებულ იქნეს მოზარდი ყლორტების წაწყვეტა ყვავილობის წინ ან მის დასაწყისში.გამძლეობა სხვადასხვა ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ. ჭრაქსა (მილდიუმი) და ნაცარს საფერავი შედარებით კარგად უძლებს. განსაკუთრებით კარგად უძლებს იგი ნაცარს. ამ მხრივ საფერავი პირველ ადგილს იჭერს კახეთის სტანდარტული ვაზის ჯიშების _ რქაწითელის, მწვანის, ხიხვის და კაბერნეს _ შორის. შედარებით სუსტად უძლებს საფერავი მილდიუმს დასავლეთ საქართველოში და ნაცარს ყირიმსა და დაღესტანში. მევენახეობის ყველა დანარჩენ რაიონში საფერავს შედარებით კარგი გამძლეობა ახასიათებს. ფილოქსერის საფერავი თითქმის ყველგან (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა) სუსტად უძლებს და პირველ რიგში ზიანდება მისგან.

ყინვას საფერავი შედარებით კარგად უძლებს. როგორც ცნობილია, ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია ჯიშზე, ნაკვეთის ექსპოზიციასა და რელიეფზე, ერთწლიანი რქების მომწიფებისა და მათი გამოკვების ხარისხზე. ნიადაგის თვისებებზე და სხვა ფაქტორებზე. თავის სამშობლოში _ კახეთში, მთავარ საწარმოო ჯიშებთან: რქაწითელთან და მწვანესთან შედარებით საფერავი ნაკლები ყინვაგამძლეა და უფრო ძლიერ ზიანდება მისგან. მევენახეობის სხვა რაიონებში, დასავლეთ ევროპის ჯიშებთან შედარებით, საფერავი ყინვაგამძელობის მიხედვით საპატიო ადგილს იჭერს. ყირიმის მთიან რაიონებში, პროფ. პ. ბოლგარევის ცნობით, 1933/34 წლის განსაკუთრებით ცივ ზამთარში საფერავმა _ 19,8º დროს სხვა ჯიშებს შორის მეოთხე ადგილი დაიჭირა. იმავე ყირიმში, ალუშტის მეურნეობაში, ნ. ხილკევიჩის ცნობით, 1939_1940 წლის ზამთარს, როცა ტემპერატურა _ 27º–მდე დაეცა, საფერავმა პირველი ადგილი დაიჭირა (კვირტები დაზიანდა 26%) ყველაზე უფრო ყინვაგამძლე ჯიშ რისლინგის შემდეგ (კვირტები დაზიანდა 20%). კიროვაბადის რაიონში (ა. გუკასოვის ცნობით, 11), ანაპაში, დარუბანდში და შუა აზიის რესპუბლიკებში საფერავი ყინვას კარგად უძლებს. პროფ. ა. ნეგრულისა (16) და ი. კონდოს მიერ ჩატარებული სპეციალური ცდების დროს, ვაზის სხვადასხვა ჯიშების ხელოვნური გაყინვის პირობებში (8 დღე_ღამის განმავლობაში _ 20º ყინვის დროს) საფერავმა პირველი ადგილი დაიკავა, ყველაზე უფრო ყინვაგამძლე ჯიშ რისლინგთან ერთად.

ტექნოლოგიური დახასიათება

საფერავი ტიპიური საღვინე ჯიშია. მისი გადამუშავების ძირითადი მიმართულება, პირველ რიგში, რაიონის ეკოლოგიური პირობებით განისაზღვრება: ზომიერ თბილჰავიან რაიონებში ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობის შესაბამისად საფერავისაგან სასუფრე წითელ ღვინოს, ხოლო ცხელჰავიან რაიონებში ძირითადად მაგარ და სადესერტო ღვინოს აყენებენ.ყურძნის მექანიკური შედგენილობა. თუმცა ყურძნის მექანიკური და ქიმიური შედგენილობის მაჩვენებლები საგრძნობლად ცვალებადობს ადგილმდებარეობის, წლის მეტეოროლოგიური პირობების, რთველის ვადისა და სხვა ფაქტორების გავლენით, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მაჩვენებლები ძირითადად მაინც საზღვრავს ყურძნის გადამუშავების მიმართულებას. მასალების ყურძნის მექანიკური შედგენილობის გასაცნობად და მევენახეობის რაიონებში მისი ცვალებადობის დასანახად მოცემულია მე_5 ცხრილში.

ქიმიური ანალიზის მოყვანილი მაჩვენებლები უფლებას გვაძლევს საფერავი წმინდა საღვინე ვაზის ჯიშების ჯგუფს მივაკუთვნოთ.

ცალკეული რაიონებისა და წლების ეკოლოგიური პირობების შესაბამისად საგრძნობლად ცვალებადობს ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. ცნობები ცალკეულ წლებისა და რაიონების მიხედვით ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობის ცვალებადობის შესახებ მოტანილია მე_6 ცხრილში, რომლიდანაც ჩანს, რომ საფერავი თითქმის ყველა რაიონში კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება: მაღალშაქრიანობასთან ერთად იგი ინარჩუნებს ხარისხოვანი სასუფრე ღვინის მისაღებად ეგზომ საჭირო ზომიერ მჟავიანობას.

ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება. საფერავი შესანიშნავი საღვინე ჯიშია, იგი საუკეთესო მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის. თავის მაღალ თვისებებს საფერავი სრულად მხოლოდ განსაზღვრულ მაკრო და მიკრორაიონის ნიადაგურ და ჰავის პირობებში ამჟღავნებს.

ეს პირობები მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად სრულად არის მოცემული სასუფრე ღვინისათვის _ კახეთში, ხოლო სადესერტო ღვინისათვის _ უზბეკეთში. კახეთის წითელი ღვინოები ჯიშ საფერავიდან თავისი ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერით, ზომიერი სიმაგრით, ენერგიით, სისრულითა და სიხალისით, აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატითა და ძლიერი ბუკეტით სიძველეში არ ჩამოუვარდება მსოფლიოში საუკეთესოდ მიჩნეულ ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოებს.

იგივე შეიძლება ითქვას საფერავისაგან დაყენებულ (კაგორის ტიპის) უზბეკურ სადესერტო ღვინოზედაც. მართლაც, სამარკო ღვინო `უზბეკისტანი~ თავისი ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერვით, სისრულით, ჰარმონიულობით, ხავერდოვნებით, დამახასიათებელი ჯიშური არომატითა და ძლიერი ბუკეტით, რომელშიაც გამოსჭვივის შავი მოცხარის იერი, არ ჩამოუვარდება საუკეთესო კაგორებს _ ამ ტიპის ცნობილი საზღვარგარეთული ნიმუშების ჩათვლით.

კახეთში ბურგუნდიის ტიპის საუკეთესო წითელი სუფრის ღვინოებს იძლევა საფერავი ალაზნის მარჯვენამხარეს _ ცივ_გომბორის მთების სუსტად დაქანებულ კალთებზე, ძირითადად საშუალო და ძლიერ ჩონჩხიან ნეშომპალა_კარბონატულ ნიადაგებზე. ასეთია: ზემო ხოდაშენის, წინანდლის, შაშიანის, ვაზისუბნის, ახაშენის, მუკუზნის, გურჯაანისა და სხვა ადგილების კლასიკური წითელი ღვინოები.

შედარებით უფრო რბილ, ბორდოს ტიპის, სრულ, ჰარმონიულ, ხავერდოვან ღვინოებს იძლევა საფერავი ალაზნის მარცხენა მხარეზე _ მთავარი კავკასიონის მთისწინა ზოლში, ძირითადად საშუალო ჩონჩხიან ალუვიურ_კარბონატულ და ალუვიურ_არაკარბონატულ ნიადაგებზე. ასეთია: ყვარლის (ქინძმარაული), ნაფარეულის, საბუის, ართანის (სანავარდო) და სხვა ადგილების მაღალი ღირსების წითელი ღვინოები.

ადგილობრივი _ კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა კარდანახისა და ბაკურციხის მიკრორაიონში ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე. მექანიკური შედგენილობით ეს ნიადაგები არაა მძიმე, მასთან საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმის კარბონატებს, რკინას და კაჟნარს, რაც ღვინოს მატებს ინტენსიურ შეფერვას, სხეულს, სისრულეს, ჰარმონიულობას და ბუკეტს.

საფერავის ღვინის მაღალი თვისებები აღნიშნული აქვთ ცნობილ მეღვინეებს: პროფ. კ. მოდებაძე (2) საფერავის ღვინოს ახასიათებს, როგორც `ინტენსიურად შეფერილს, სრულს, სიძველეში ხავერდოვანს, რომელიც ევროპული წესით დაყენებისას არ ჩამოუვარდება საფრანგეთის საუკეთესო ღვინოებს~. სამტრესტის მთავარი მეღვინის ვალ. კანდელაკის შეფასებით `კახეთის წითელი ღვინოები საუკეთესოა კავშირში, ინტენსიურად შეფერილია, სრულია, ხავერდოვანი და სიძველეში ძალიან უახლოვდებიან ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოებს~. ასეთსავე მაღალ შეფასებას აძლევენ საფერავის ღვინოს მეღვინეები _ პროფესორები: მ. ხოვრენკო (19), გ. გოგოლ_იანოვსკი (10), მ. გერასიმოვი (9) და სხვ.

მართლაც, საფერავი თავისი მაღალი ორგანოლეპტიკური თვისებებით, ინტენსიური შეფერვით, სხეულით, სისრულით, შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით და სიძველეში ძლიერი ბუკეტით პირველ ადგილს იჭერს მსოფლიოში საუკეთესო წითელ ღვინოებს შორის.

საფერავის ღვინის გემური თვისებებისა და საერთოდ მისი ხარისხის დასახასიათებლად მე_7 ცხრილში მოყვანილია ამონაწერები ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიის სხდომების ოქმებიდან (იხ. ცხრ. 7).

მაღლა ორგანოლეპტიკური თვისებების გარდა საფერავის ღვინო ხასიათდება შემადგენელი ნაწილების კარგი შერწყმით. მაღალ ალკოჰოლიანობასთან ერთად იგი შეიცავს საკმაო მჟავიანობას, სხეულს და სხვა შემადგენელ ნაწილებს. კახური საფერავის ქიმიური ბუნების დასახასიათებლად მე_8 ცხრილში მოცემულია სხვადასხვა ადგილებიდან აღებული ღვინის ნიმუშების ქიმიური შედგენილობის მაჩვენებლები (იხ. ცხრ. 8).

საფერავი გარემო პირობებს კარგად ეგუება, იგი მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში ხაროს, იძლევა კარგ მოსავალს და შედარებით მაღალხარისხოვან ღვინოს.

ყირიმში საფერავი შესანიშნავ სადესერტო და სუფრის ღვინოს იძლევა, მისგან ოთხი სამარკო ღვინო მზადდება: 1) სადესერტო ღვინო `აიუ_დაგი~ კაგორის ტიპისა, რომელიც შეიცავს 18_20% შაქარს და 16º სპირტს; 2) კაგორი ყირიმის მრეწველობის ტრესტისა; 3) სუფრის წითელი ღვინო `მასანდრა~ და 4) სუფრის წითელი ღვინო `საფერავი~.

პროფ. მ. ხოვრენკოს (13) გადმოცემით, საფერავი ყირიმში იძლევა პროდუქტს, რომელშიაც ყველა პირობაა მოცემული თავისებური ტიპის ნაზი სუფრის ღვინის მისაღებად, რომელიც ერთგან ბურგუნდიის ღვინოს გვაგონებს (ყვარელი) და მეორეგან ბორდოს იერი გადაჰკრავს (ყირიმი, ორეანდა).

მშვენიერ შედეგს იძლევა საფერავი უზბეკეთში. აქ საფერავი იძლევა საუკეთესო კაგორს `უზბეკისტანს~. მან უკვე მოიხვეჭა სახელი, როგორც მაღალხარისხოვანმა სადესერტო ღვინომ. მოსკოვში სადეგუსტაციო კომისიის სხდომაზე 1942 წ. 5 აგვისტოს ამ ღვინომ მიიღო საშუალო ბალი 9,5 ზოგიერთების მიერ იგი შეფასებული იყო 9,8 ბალითაც.

კარგ შედეგებს იძლევა საფერავი უკრაინაშიაც. მეღვინე ნ. ოხრემენკოს შეფასებით `ჯიში ხასიათდება ხარისხის დიდი სიმკვიდრით, შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაშიაც მასში სინაზე შერწყმულია სისრულესთან, ხოლო ღვინის ხასიათი _ ორიგინალობასთან და მთლიანობასთან).

დონზე, რუსეთის მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ცნობით `საფერავი იძლევა მუქ, სრულ, ჰარმონიულ, საკმაო სხეულიან და ხალისიან სუფრის ღვინოს~. დონის კარგი საფერავის ღვინის სიმაგრე 12_13%, ხოლო მჟავიანობა 5_7‰ უდრის.

აზერბაიჯანში და სომხეთში საფერავი მუქად შეფერილ კარგ ღვინოს იძლევა, რომელსაც აკლია სისრულე და ჰარმონიულობა.

ყაზახეთში საფერავისგან მზადდება მშრალი და სადესერტო ღვინოები. მეურნეობა `ისიკის~ საფერავის სუფრის ღვინო შეფასებული იყო სადეგუსტაციო კომისიის მიერ მოსკოვში 7,3 და 7,5 ბალით. ყაზახეთში საფერავის ღვინო მუქი ბროწეულის ფერია, სხეული და ჯიშური არომატი აქვს, მაგრამ როგორც სუფრის ღვინო ცოტა მძიმეა.

უკეთესი ღირსების ღვინოს იძლევა საფერავი ყირგიზეთში, სადაც მისგან მიღებული იყო მაღალხარისხოვანი მასალა კაგორისათვის, რომელსაც ახასიათებდა შავი მოცხარის იერი, ძლიერი არომატი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიულობა. სადეგუსტაციო კომისიის სხდომაზე მან მაღალი შეფასება (9 ბალი) მიიღო. კარგი დადგა აგრეთვე შემდეგ წლებშიაც სადესერტო საფერავი. იგი მუქი ლალისფერი იყო, ჰქონდა ჯიშური არომატი, რომელშიაც ჩართული იყო შავი მოცხარის იერი და ნაზი ჰარმონიული გემო.ვარიაციები და კლონები. ქართულ ვაზის ჯიშებს შორის საფერავი ყველაზე უფრო მდიდარია ვარიაციებით. ძველად ცნობილი მრავალი ვარიაციებიდან სადღეისოდ შენარჩუნებულია და ხარობს მევენახეობის ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთებზე:

1. საფერავი_ბუდეშური. ამ სახელწოდებით არის იგი პირველად აღწერილი ივრისპირა სოფლებში 1895 წ. ს. ქვარიანის (12) მიერ. იგი განირჩევა ჩვეულებრივი საფერავისაგან ძირითადად უფრო მოგრძო ბუდეშურისმაგვარი ბოლოებწაწვეტებული მარცვლებით და ცოტა უფრო ნაადრევი სიმწიფით. სამეურნეო ნიშან_თვისებებით ეს ვარიაცია საყურადღებოა, იცის კარგი მოსავალი, ღვინოს ინტენსიური ფერი აქვს და უფრო მცირე სხეული, ვიდრე ჩვეულებრივ საფერავს. ეს ვარიაცია მეცნ. კანდიდატ. ვ. ლოლაძის მიერ უკვე გამრავლებულია და ახლო მომავალში გაშენდება მისი ვენახები საბჭოთა და კოლექტიურ მეურნეობებში ჩვეულებრივ საფერავთან ერთად გამოცდისა და წარმოებაში დანერგვის მიზნით. ჯიში პერსპექტიულია კახეთზე უფრო გრილჰავიან რაიონებისათვის (უკრაინა, მოლდავეთი, ჩრდილო კავკასია).

2. დიდთანაყვავილოვანი საფერავი. ეს ვარიაცია პირველად აღმოჩენილი იყო 1936 წელს ინსტიუტტის საწარმოო ნაკვეთზე ქ. თელავში 3 ძირის რაოდენობით. შემდეგ წლებში იგი აღმოჩნდა სოფ. ნასომხარში. ბეღანასფშაზე და შაშიანში. გავრცელებული ვარიაციაა, ხაისათდება უზარმაზარი დატოტვილი თანაყვავილით, რომლის სიგრძე 38 სმ უდრის, ხოლო ცალკეული ტოტები 26 სმ აღწევს. ყვავილების რაოდენობა თანაყვავილში შეადგენს 15_20 ათას, ზოგჯერ 30 ათას აღწევს (ჩვეულებრივ საფერავში კი 500_600 ყვავილია). ყვავილი ორსქესიანია, ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება ოთხი მტვრიანაც. მტვრიანების ძაფის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან მერყევია. ხშირად ეს შეფარდება 1,5_2,0 და მეტსაც აღწევს.

სამეურნეო თვალსაზრისით ეს ვარიაცია არაა საინტერესო, რადგანაც მცირემოსავლიანია, გვიან და გაჭიანურებულად ყვავილობს, ძლიერი ყვავილცვენა და ნაგვიანევი სიმწიფე ახასიათებს. ნორმალური მარცვლების რაოდენობა მტევანში 85, ხოლო წვრილი უწიპწო მარცვლებისა 150 აღწევს. საინტერესოა სელექციურ მუშაობაში გამოსაყენებლად.

3. მსხვილმარცვალა საფერავი. ეს ვარიაცია გამოვლენილია მეცნ. კანდ. ვ. ლოლაძის მიერ 1932 წელს. იგი გავრცელებულია საწარმოო ვენახებში ნარევის სახით. განსხვავდება ჩვეულებრივი საფერავისაგან მტევნის აგებულებით და მარცვლის სიმსხოთი. ყვავილი ორსქესიანი აქვს. სამეურნეო ნიშან_თვისებებით იგი ჩვეულებრივ საფერავს ჩამორჩება. მისი მოსავლიანობა 1 კგ არ აღემატება ძირზე. ხოლოდ 1945 წელს მისმა მოსავალმა 2 კგ მიაღწია. შაქრიანობა მაღალი აქვს შესაფერი მჟავიანობით (23%_8,2‰), მისგან კარგი ხარისხის ღვინო დგება. საჭიროა გამოიცადოს იმ რაიონებში, სადაც ჩვეულებრივი საფერავი ცუდად ხარობს ან ღვინო უხარისხო დგება, რათა შეირჩეს მისთვის შესაფერი რაიონი.

4. ყვავილმცვენი საფერავი. ეს ვარიაცია გავრცელებულია სოფ. ყვარლის ვენახებში მინარევის სახით და ცნობილია მამალი საფერავის სახელწოდებით. ყვავილი ორსქესიანი აქვს. ხოლო თანაყვავილი პატარა. ვარიაცია ყვავილმცვენია. მტევანში ივითარებს 5_30 მარცვალს, მათში მხოლოდ ერთი მესამედია ნორმალური, დანარჩენი წვრილი და უწიპწოა. მცირემოსავლიანია, ისხამს 130_150 გ ყურძენს ძირზე. ათი წლის მანძილზე მისმა მოსავალმა მხოლოდ 1945 წელს 1,5_2,0 კგ მიაღწია. საინტერესოა სელექციური მუშაობისთვის, შაქარს დიდი რაოდენობით აგროვებს (28%, 8‰ მჟავიანობის დროს).

საერთო შეფასება და დარაიონება

საფერავი მაღალხარისხოვანი, სიმწიფის III პერიოდის ვაზის ჯიშია. იგი გავრცელებულია საბჭოთა კავშირის მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში. მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს იგი იძლევა კახეთში, ხოლო სადესერტოს _ უზბეკეთსა და ყირიმში.

სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების მიხედვით საფერავს ტოლი არ გააჩნია მსოფლიო ასორტიმენტის წითელ ჯიშებს შორის. მას ახასიათებს შედარებით მაღალი მოსავლიანობა, გარემოსთან კარგი შეგუება და ღვინის მაღალი ხარისხი. მსოფლიოს საუკეთესო წითელი ღვინის ჯიშები _ კაბერნე_სოვინიონი და პინო_შავი საფერავს საგრძნობლად ჩამორჩება მოსავლიანობით, ხოლო ღვინის ხარისხით მას მეტოქეობას უწევს. კახეთის საუკეთვესო ადგილების საფერავის ღვინო თავისი ღირსებით არ ჩამორჩება ბორდოს კაბერნესა და ბურგუნდიის პინოს განთქმულ ღვინოებს.

საფერავის მთავარი ღირსება მისი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების მთლიანობაშია, რაც გამოიხატება მის შედარებით მაღალმოსავლიანობაში, სოკოვან ავადმყოფობის მიმართ კარგ გამძლეობაში, ყინვის ამტანობაში, ეკოლოგიური პირობებისადმი კარგ შეგუებაში, ღვინის მაღალ ხარისხში (მისგან თითქმის ყველა ტიპის: სასუფრე, მაგარი და სადესერტო ღვინო დგება), ღვინის ხანგრძლივი დაძველებისას დავარგება_გაუმჯობესებაში და, დასასრულს, მისი მეტად მყარ სამეურნეო თვისებებში.

საფერავის უარყოფით თვისებას წარმოადგენს ის, რომ იგი ნაკლებად უძლებს ფილოქსერას და გარდა ამისა ზოგიერთ ადგილებში ნორმალურზე მეტი ყვავილცვენა იცის. ეს ნაკლი შედარებით ადვილად შეიძლება გამოსწორდეს _ პირველი ფილოქსერაგამძლე საძირეებზე შენობის საშუალებით, ხოლო მეორე ყვავილობის წინ ან მის დასაწყისში მოზარდი ყლორტების წვერების წაწყვეტით.

აღნიშნული მაღალი სამეურნეო თვისებებით აიხსნება ის გარემოება, რომ საფერავი ფართოდ გავრცელდა საბჭოთა კავშირის მევენახეობის რაიონებში და მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელება ახლო მომავალში. ამჟამად საფერავის ვენახებს საბჭოთა კავშირში 3600 ჰექტარი ფართობი უჭირავს.

საფერავი შეტანილია საკავშირო სტანდარტულ ასორტიმენტში მევენახეობის თითქმის ყველა რაიონისათვის და შესაბამისად დაგეგმილია მისი შემდგომი გავრცელება დიდ ფართობებზე.

საქართველოში, გარდა კახეთისა, სადაც მისი ხვედრითი წონა აუცილებლად უნდა იქნეს გადიდებული, ფართოდ უნდა გავრცელდეს საფერავი აგრეთვე ქართლის სამხრეთ_აღმოსავლეთ ნაწილში (თბილისის, მცხეთისა და კასპის რაიონებში) და ფართო ცდები უნდა ჩატარდეს ქართლის დანარჩენ რაიონებშიაც. დასავლეთ საქართველოში ფართოდ უნდა გავრცელდეს საფერავი ზემო იმერეთში _ ზესტაფონის და საჩხერის, აფხაზეთში _ გუდაუთისა და სოხუმის და რაჭა_ლეჩხუმში _ ამბროლაურისა და ნაწილობრივ ცაგერის რაიონებში. საფერავის ღვინის ნიმუშები (საგურამოს, მუხრანის, არგვეთის, გულრიპშის, ამბროლაურის და სხვ.) მიგვითითებს საფერავის ამ რაიონებში გავრცელების აუცილებლობაზე. მით უმეტეს, რომ საფერავზე უკეთესი ჯიში წითელი ღვინოებისათვის აღნიშნულ რაიონებში არ მოიპოვება, ხოლო მისთვის შესაფერი შემაღლებული ადგილები ნახსენებ რაიონებში უეჭველად მოიძებნება.

საფერავი პერსპექტიულია აგრეთვე საბჭოთა კავშირის სამხრეთ, სამხრეთ_დასავლეთ და სამხრეთ_აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც უხვ მოსავალთან ერთად უზრუნველდოფილი იქნება საუკეთესო ხარისხის ღვინის მიღება.

ამავე ჯიშისგან დამზადებული ღვიანოები