შავკაპიტო 2017 შესანიშნავი მსუბუქი, ძალიან არომატული ღვინოა შინდისა და ალუბლის მკვეთრი ტონებით. მაღალი, სასიამოვნო მჟავიანობა და ახალმოკრეფილი ხილის გემოები ამ ღვინოს სიცოცხლის მკაფიო შეგრძნებას ანიჭებს. აქვს ძალიან ინტენსიური, ნაკლებად ხანგრძლივი დაბოლოვება, მთლიანობაში კი საუკეთესო "ზაფხულის ღვინოა".
ყურადღება მიაქციეთ, რომ ყურძენი მოწეულია ქვიშხეთის ვენახში, სადაც შავკაპიტოც კი, რომელიც ზოგადად შაქრის ადვილი დაგროვების უნარითაა ცნობილი, მაღალი ტერუარის გამო ვერ იგროვებს ბევრ სიტკბოს და, ამიტომ, ამ ვენახიდან ნაწარმოები ღვინო გამოდის სრულიად განსხვავებული იმ შავკაპიტოებისგან, რაც შეიძლება სხვაგან გაგისინჯავთ. ეს ღვინო შედარებით დაბალალკოჰოლურია, თუმცა ზედმიწევნით აქვს შენარჩუნებული შავკაპიტოსთვის დამახასიათებელი საუკეთესო არომატები და გემო. ამ წამს გვერდზე მიდგას და საუცხოო ზაფხულის ღვინოა, დამერწმუნეთ.
ეს ღვინოც, ისევე როგორც ჩემი ყველა ღვინო, ნაწარმოებია გიჟურად, ყველა რისკის გაწევით და ნულოვანი ქიმიით, იმის ხათრით, რომ საბოლოო პროდუქტი ღირებული იყოს. არ არის გაფილტრული, ამიტომ ბოთლში მცირე ლექი არ გაგიკვირდეთ.
მიირთვით ეს ღვინო 12-14 გრადუსამდე შეგრილებული, ცხელ ამინდში, ნებისმიერ ხორცეულთან ერთად. პირობას გაძლევთ, ძალიან ისიამოვნებთ.
ხელს ვაწერ :)
ანდრო ბარნოვი