ASSOCIATION WINE ARTISANS
  • Cart :
  • image 0
Cart: 0
Authorization
WINE BLOG
ჩინური ჩინარზე: სიცოცხლის ხეზე გასული ვაზი (დასახელების წარმოშობის ისტორია)
ჩინური ჩინარზე: სიცოცხლის ხეზე გასული ვაზი (დასახელების წარმოშობის ისტორია)
2023-01-30

აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშთაგან ჩინურიერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მისი დასახელების შინაარსი, დიდი ხანია, თანამედროვე ქართველის ყურისთვის გაუგებარია და, ამიტომ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდება ხოლმე. შედეგად, დღეს მრავალი მეღვინე აქტიურად ტირაჟირებს დასახელებას „ჩინებული" - აქაოდა, საუკეთესო რამააო. ენათმეცნიერული დაკვირვება რამდენადმე განსხვავებული, ძალიან საინტერესო დასკვნების საშუალებას იძლევა...

ცნობილია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ „ჩინური" უნდა მომდინარეობდეს „ჩინ-ი" ფუძიდან, რომელიც ძველად ზეთისხილის ფოთლის ფერს აღწერდაო. ბატონი ივანეს არგუმენტი აქ ის იყო, რომ ჩინური რომ მწიფდება, მისი მარცვალი მართლაც ჩინის (ზეთისხილის ფოთლის) ფერს იღებს, სახელწოდებაც ამიტომ მიუციათო.

ჩემი გადმოსახედიდან, „ჩინ" ფუძესთან „ჩინურის" დაკავშირება ნამდვილად სწორი უნდა იყოს, თუმცა გაუგებარია, რა კავშირშია მასთან ზეთისხილი და მისი ფოთოლი. ჯერ ერთი, მწიფობისას ყურძნის სხვა მრავალი ჯიშის მარცვალი იღებს მსგავს ფერს და, ესეც არ იყოს, არც ჩინურის მარცვლისა და ზეთისხილის ფოთლის ფერის მსგავსებაა ასე საჩინო, რომ ხალხს ვაზის ჯიშის დასახელებად ექცია. როგორც ქვემოთ წარმოდგენილი მოკლე მიმოხილვა გვაჩვენებს, თავად სიტყვა „ჩინის" (ფერის) მნიშვნელობა ან მეორეული უნდა იყოს და ეს ფუძე ფერთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მისი პირველადი, დამოუკიდებელი მნიშვნელობის გამო, ანდა - ფუძე „ჩინ-" ფერის მნიშვნელობით ომონიმიად შეგვიძლია განვიხილოთ და მისი ფესვები კი სხვაგან ვეძებოთ.

***

მაშ ასე, რას აღნიშნავს ძირი „ჩინ-"? ქართულ ენაში ჩნ / ჩან / ჩინ / ჩენ ბგერათკომპლექსი ხმოვანმონაცვლე ფუძის სახითაა ცნობილი: მი-ჩან-ს (მი-ჩნ-ს); ა-ჩენ-ს / (გა)ა-ჩინ-ა. ამ პირველადი მნიშვნელობებისგან შემდეგში ნაწარმოებია მრავალი სხვა მნიშვნელობა, როგორიცაა მაგალითად: საჩინო (საუკეთესო), გამოჩენილი (ცნობილი), განაჩენი (დასკვნა, გადაწყვეტილება), გაუჩინარება (გაქრობა, დაკარგვა) და მრავალი სხვა.

საერთოდ, სიტყვათა ეტიმოლოგიების კვლევა მრავალ რისკს შეიცავს, თუ სემანტიკითაც არ გაუმაგრდა ზურგი. ასე თუ არ მოვიქეცით, ერთმანეთს შეიძლება სრულიად დაუკავშირებელი ძირები დავუკავშიროთ. ამისი მაგალითი ბევრია და აქ აღწერას არ შევუდგები, თუმცა, ცხადია, რომ როდესაც სიტყვის ეტიმოლოგიას ვეძებთ, მისი პირვანდელი მნიშვნელობის, პირველადი მითის აღდგენა უნდა ვცადოთ, რისი მასალაც კვლავ ენაშია დასაძებნი.

ჩინ/ჩენ- ფუძის მნიშვნელობაში ადვილად იძებნება მზერის, საგნების სინათლეზე აღქმის სემანტიკა: ჩანს ის, რაც სინათლეზეა, გამოჩინებულია, მაგრამ „ჩინი" სავარაუდოდ თავადაა სინათლე, რადგან თუ საგანმა ჩინი დაკარგა, მაშინ ის გა-უ-ჩინ-არ-დ-ებ-ა, ანუ უ-ჩინ-ო გახდება, გაქრება და თვალთაგან დაიკარგება. ამგვარად, საჩინო საგნებს უპირისპირდება უჩინო საგნები, როგორც არსებულნი - არარსებულს.

შეგვიძლია გავიხსენოთ, აგრეთვე, ფართოდ გამოყენებული გამოთქმა „თვალის ჩინი", რაც პირდაპირ თვალის სინათლეს, ხედვის უნარს ნიშნავს. „ჩინის წართმევა", რაც დაბრმავებას, სინათლის წართმევას ნიშნავს და ა.შ. და ა.შ.

როგორია პირველადი მითი „ჩინ-ის" (სინათლის) შესახებ?

მითოსში ზეცისა და მიწიერი საგნების დამაკავშირებელი და ამ კავშირის უპირველესი სიმბოლოა სიცოცხლის ხე, რომელიც ანდრეზში ამოდის და ტოტებს ზეცას შეაბჯენს ხოლმე. სხვადასხვა მითოლოგიურ სისტემაში თუ თვით ერთი სისტემის ფარგლებშიც კი, სიცოცხლის ხის „დანიშნულებას" სხვადასხვა მცენარე შეიძლება ასრულებდეს, მაგრამ როგორც წესი, ეს უნდა იყოს მაღალი, სწრაფად მზარდი და დიდვარჯიანი ხეები. ამიტომ ხშირად ხდება, რომ საერთო სემანტიკის გამო, აღმნიშვნელი ძირები ერთი დედა-ვარიანტიდან განიტოტება და მონათესავე ეტიმოლოგიას გვიჩვენებს ხოლმე. შევხედოთ ამას ჩვენი საკვლევის მაგალითზე:

სხვა შესაძლო ვარიანტებთან ერთად, ჭადარი (ალვის ხე) ნამდვილად შედის ქართული „სიცოცხლის ხეების" ნუსხაში. სულხან საბას მიხედვით ჭადარი (ჭანდარი), ჯანდარი და ჩანდარი ურთირთმონაცვლე სახელებია. ა მაყაშვილის „ბოტანიკური ლექსიკონის" მიხედვით, ქართული ენის სხვადასხვა დიალექტზე ალვის ხის სინონიმებად დასტურდება: ჭანდარი, ჩირანი და ჩინარი, ხოლო ი. აბულაძე ასევე ადასტურებს „ჩინარს" ალვის ხის სინონიმად.[1] კიდევ ერთი ასეთი სინონიმია „ჯავარი", რაც ასევე სულხან-საბასთან გვხვდება.

ასევე საინტერესოა, რომ ერთის მხრივ, ძველ ქართულში ალვის ხე ცნობილია სახელით „ჩინარი", ხოლო მეორეს მხრივ აღმოსავლეთ საქართველოში „ჩინარი" დღესაც დასტურდება "ნატვრის ხის" მნიშვნელობით. მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში დღემდე შენარჩუნებულია ნატვრის ხის ტრადიცია, რომელსაც „ჩინარს" ეძახიან[2]. ამ დროს მოსახლეობა (ამჟამად - ეთნიკური აზერბაიჯანელები) ჩინარის წინაშე ლოცულობს, სწირავენ საკლავს და კარგ მოსავალს შესთხოვენ. აშკარაა, ეს ძალიან ძველი ტრადიციაა, რომელიც, საბედნიეროდ, ადგილობრივ მოსახლეობას დამახინჯებული სახით, მაგრამ დღემდე შეუნარჩუნებია.

ჯანდარში შენარჩუნებული ჩინარის ტრადიცია პირდაპირ აჩვენებს, რომ სიცოცხლის ხე ყოფილა არა ნებისმიერი ჯანდარი (ჭადარი), არამედ - რომელიღაც კონკრეტული ჭადარი, რომელსაც სიცოცხლის ხედ დასახავენ და მას „ჩინარს" უწოდებენ (რაც, არსებითად, იგივე სიტყვაა). როგორც ჩანს, ჯანდარი / ჭადარი / ჩინარი ვარიანტები ენაში ბევრად ადრე გაიყო, თუმცა „ჩინის" სემანტიკა კიდევ დიდხანს რჩებოდა ხალხისთვის გასაგები. ამიტომაც, ეს სიტყვები პარალელურად კი იხმარებოდა, მაგრამ „ჩინარი" მიესადაგებოდა მაინცდამაინც იმ ჭადარს / ჯანდარს, რომელსაც სიცოცხლის ხედ დასახავდნენ.

მსოფლიოს არაერთ მითოსში სიცოცხლის ხე იგივე სასწაულების, ანუ ნატვრის ხეა, რაც დამატებით აჩვენებს, რომ ჭადარი / ალვის ხე სწორედაც სიცოცხლის ხის მნიშვნელობით იყო აღქმული და ძველ საქართველოში ზუსტად იგივე ტრადიცია შეგვიძლია დავინახოთ.

ამდენად, დადასტურებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ალვის ხის ერთ-ერთი ძველი სინონიმი სწორედ „ჩინარ-ია", რაც პირდაპირ უნდა ნიშნავდეს „სიცოცხლის ხეს".

„ჩინ-არ" კომპლექსში -არ მაწარმოებლის ფუნქცია ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მისი გაგება შესაძლებელია, მაგალითად, „ზღაპ-არ"-ის კვალად, სადაც ბ. გიგინეიშვილი „ზოპ" ძირს აღადგენს (ჭანური ბ-ზოპ-ონ „ვლაპარაკობ"), ხოლო -არ სუფიქსით ნაწარმოები მნიშვნელობა ესმის როგორც „სალაპარაკო რამ", „სა-თქმ-ელ-ი".[3]

ანალოგიურად, თუ „ჩინ" სინათლის სემანტიკას უკავშირდება, „ჩინ-არ" კი სიცოცხლის ხეს ნიშნავს, ეს უკანასკნელი შეიძლება ბუკვალურად ითარგმნოს როგორც „რაც ანათებს", „სინათლის გამღები".

უძველეს „-არ" მაწარმოებელ სუფიქსს რომ ინსტრუმენტული მნიშნველობა აქვს, ამის დადასტურება სხვა ფორმებშიც შესაძლებელია, როგორც მაგალითად „სავარცხნ-არ" (სავარცხელი), პარალელური -ოჯ გახმოვანებით მეგრულსა და ჭანურში, ხოლო სვანური -ირ სახეცვლილებით.[4] აქვეა „სა-ჴმ-არ-ი" და სხვა. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით კიდევ მრავალი თვასაჩინოების მოპოვებაა შესაძლებელი.

საბოლოოდ, გვაქვს შემდეგი რამდენიმე დასკვნა:

1.       „ჩინი" ქართული ენის უძველეს პლასტში სინათლეს ნიშნავდა.

2.       „ჩინარი" იგივეა, რაც ჭადარი თუ ალვის ხე (სიცოცხლის ხე). მისი გაგება ბუკვალურად შესაძლებელია როგორც „სინათლის/სიცოცხლის მომცემი" / „სიბნელეში სიცოცხლის გამომნათებელი" / „რაც უნდა გამონათდეს" (თავისი თავიდან) /ანუ რაც ერთადერთია, რაც ჩანს / რაც ჩინარია.

როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს ვაზის ჯიშს „ჩინური"? საბედნიეროდ, ეს კავშირი ბევრად მეტია, ვიდრე - უბრალო ომონიმია. მეტიც, -არ/-ურ სუფიქსების სხვაობის განმარტებაც სავსებით შესაძლებელი ჩანს.

პირველ რიგში, მოვიყვანოთ პეტრე უმიკაშვილის კრებულში დაცული ერთი ხალხური ლექსი, სადაც ვაზი ალვის ხეზე ასულა[5]:

„წმინდის გიორგის კარზედა ხე-ალვა ამოსულაო,

ზედ გამოსხმია ყურძენი, საჭმელათ შემოსულაო,

ჩვენი ბატონის ქალები საკრეფლად წამოსულაო"

ეს ლექსი ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გვამცნობს, რომ ალვის ხეზე (ჩინარზე) ვაზის აშვება ქართველებისთვის უცხო არ ყოფილა. წმინდა გიორგის კარზე ამოსული ხე-ალვაც ხომ სწორედ სიცოცხლის ხეა, რომელზეც ყურძენი დასხმულა და ბატონის ქალები კრეფენ.

ეს მცირე ხალხური ლექსი საუცხოოდ აჯამებს ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ვაჩვენეთ. აშკარაა, რომ ვაზის ჯიში „ჩინური" სწორედ „ჩინის ხეს" ანუ ჩინარს უკავშირდება და ან მის ალოფორმად უნდა ვიგულისხმოთ, ანდა უნდა დავუშვათ, რომ „-ურ" სუფიქსი ამ ვაზის ჩინის ხიდან წარმომავლობაზე მიუთითებს. შესაბამისად, „ჩინური" შეგვიძლია გავიგოთ როგორც „ვაზი ჩინის ხიდან", „ვაზი ჩინარიდან", „ჩინარის ვაზი".

ჩინარისა და ჩინურის ასეთი გაგება საინტერესო ისტორიასაც გადაშლის ჩვენს წინაშე. ეს ერთი სიტყვა გვიყვება, რომ „ჩინური" არის ვაზის ის ჯიში, რომელსაც ძველი ქართველები სიცოცხლის ხეზე შეუშვებდნენ ხოლმე. ის ფაქტი, რომ ხსენებული დასახელება ვაზის კონკრეტულმა ჯიშმა მიიღო, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს ჯიში ყველაზე გავრცელებული ყოფილა და ყველაზე მეტად დაფასებულიც. ვფიქრობ, ამ მოსაზრებას სრულად უჭერს მხარს ის გარემოება, რომ „ჩინურის" ჯიშის ვაზი დღესაც სწორედ ამ სტატუსით არსებობს ქართლში: ის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დაფასებული ჯიშია მთელი რეგიონის მასშტაბით.

მაშ, ასე: ვაზის ჯიშის დასახელება „ჩინური" ნამდვილად წარმოდგება ძირიდან „ჩინ" - როგორც ამას ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, თუმცა უკავშირდება არა რაიმე ფერის მნიშვნელობას, არამედ - სიცოცხლის ხეს, ჩინარს. დასახელება „ჩინური" კი მიიღო იქიდან, რომ ქართველები ამ ვაზს სიცოცხლის ხის მაღლარზე შეუშვებდნენ ხოლმე.


[1] მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. - თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961 (საქმთავარპოლიგრაფგამომც. მე-2 სტ). - 260გვ.;

[2] ნატვრის ხე ჩინარი და აზერბაიჯანელები: https://feedc.com/post/57596

[3] ბ. გიგინეიშვილი. ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, 2016, გვ. 181

[4] ბ. გიგინეიშვილი. ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, 2016, გვ. 154

[5] პ. უმიკაშვილი. ხალხური სიტყივერება, 1937, გვ. 104

Other news