ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
თეთრი ხის თეთრი ყურძენი: ჩინური-ს დასახელების ეტიმოლოგიისათვის
თეთრი ხის თეთრი ყურძენი: ჩინური-ს დასახელების ეტიმოლოგიისათვის
2023-01-30

აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშთაგან ჩინური ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მისი დასახელების შინაარსი, დიდი ხანია, თანამედროვე ქართველის ყურისთვის გაუგებარია და, ამიტომ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდება ხოლმე. მაგალითად, დღეს მრავალი მეღვინე აქტიურად იყენებს დასახელებას „ჩინებული“[1], აქაოდა, საუკეთესო რამააო. არის სხვა, მეტ-ნაკლებად კომიკური ინტერპრეტაციებიც და საინტერესო სამეცნიერო მოსაზრებებიც, თუმცა, ჩინურის ისტორიული მნიშვნელობის სარწმუნო ახსნა, ჩემი რწმენით, ჯერ არ არსებობს.

ჩინის ფერი?

ყველაზე ნიშანდობლივია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ ჩინური უნდა მომდინარეობდეს ჩინ- ძირიდან, რომელიც ძველად ზეთისხილის ფოთლის ფერს აღწერდაო. უნდა ითქვას, რომ ამ ვერსიის სისწორეში ბატონი ივანე არც თავადაა დარწმუნებული. აი, რას წერს იგი: „ჩინი ძველ ქართულში, საბას განმარტებით, ზეისხი[ლი]ს ფოთლის ფერის აღმნიშვნელია. ამ ახსნის სისწორე ლექსიკოგრაფს 2 სჯულის წიგნით აქვს დამოწმებული, მაგრამ თავისა და მუხლის მითითება დაჰვიწყებია.“[2] როგორც ჩანს, ჯავახიშვილი საბას ცნობას ეყრდნობა, მისი გადამოწმება კი ვერ მოუხერხებია და, სხვა საბუთის უქონლობის გამო, შემდგომ მსჯელობასაც ამ ცნობას აყრდნობს: „მართ-ლაც, ჩინურად სახელდე-ბული ყურძნის მარცვლებ-საც ხომ მომწვანო-მოქარ-ვისფრო ელფერი აქვსო.“[3]

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ჩინ-ის მომწვანო-მოქარვის-ფრო ფერად მონათვლა სულხან-საბას არ ეკუთვნის. საბა მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ჩინი ზეთისხილის ფოთლის ფერიაო, მაგრამ რა ფერია ეს, არ აკონკრეტებს.

ასე რომ, თუ ბატონი ივანეს ხსენებულ ვერსიას მკაცრად შევაფასებთ, ის სულაც არ არის გამყარებული რამე უტყუარი საბუთით. ის მხოლოდ საბას ვერსიას იმეორებს, თუმცა გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ამ ვერსიას მომწვანო-მოქარვისფრო ფერი მაშინ, როცა ჯერ ერთი, ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს და ზეთისხილის ფოთოლი კი ცალ მხარს ხასხასა მწვანეა, ცალ მხარეს კი - მოვერცხლისფრო თეთრი.

ქართულ ენაში ჩინი-ს გამოყენება ფერის აღსანიშნად ჩვენთვის ცნობილი სხვა წყაროებით არ დასტურდება. არც ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი, არც იდიომების, ეტიმოლოგიური, განმარტებითი თუ სხვა ლექსიკონები ამ განმარტებას არ ადასტურებს[4]. ამის გარდა, სპეციალურად გადავამოწმე ქართლის ცხოვრებისა და ვეფხისტყაოსნის ტექსტები და ჩინის გამოყენება ფერის მნიშვნელობით ვერსად დავადასტურე.

ასე რომ, რომც დავუშვათ ჩინი-ს ასეთი (ფერის) მნიშვნელობა, ის მომწვანო-მოქარვისფრო ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს. არც ზეთისხილის ფოთლია მომწვანო-მოქარვისფრო, ის სინამდვილეში ცალ მხარეს მწვანეა, მეორე მხარეს კი - ვერცხლისფერი (თეთრი). რომელ ფერს შეიძლება აღნიშნავდეს ჩინი? იქნებ, ფერს კი არა, არამედ - ზეთისხილის მსგავსად - ცალი მხრიდან თეთრ ფოთოლს ნიშნავს? მაგრამ ჩინურის ფოთლი, სუსტი შებუსვით, ნამდვილად არ არის ცალ მხარეს თეთრი. ამიტომ ამ მსგავსების დაშვებაც შეუძლებელია. თუ „ჩინს“ მაინცდამაინც თეთრი ზურგის მქონე ფოთოლი უნდა აღენიშნა, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ჩინურის კი არა, გორული მწვანეს ფოთოლს თუ აღნიშნავდა, რადგან შებუსვის პერიოდში ის ფერებით მართლაც მიაგავს ზეთისხილის ფოთოლს, რომელიც ამ დროს ცალ მხარეს ხასხასა მწვანეა, მეორე მხარეს კი - თეთრი.

ზეთისხილის ფოთლის ფერს ვერ დავაკავშირებთ ჩინურის ნაყოფთანაც. მწიფობისას სხვა მრავალი ჯიშის ყურძნის მარცვალი იღებს ჩინურის მსგავს ფერს, ჩინურის მარცვალი კი არც მომწვანო-მოქარვისფროა, არც - მწვანე და არც - ვერცხლისფერი. ასე რომ, ჩინის, როგორც რაღაც ფერის, მნიშვნელობა, სავარაუდოდ, უნდა გამოირიცხოს.

ამის მიუხედავად, სულხან საბასთან დაფიქსირებული მნიშვნელობა მინიმუმ იმითაა საინტერესო, რომ გვაძლევს ცნობას ჩინ ძირის შესაძლო მიმართებაზე ზეთისხილის ხესთან. ამიტომ, თუ ზეთისხილსა და ვაზთან ოდესმე მართლაც გამოიყენებოდა ეს სიტყვა (ჩინი), მაშინ გასარკვევია, რა სემანტიკა აერთიანებდა ამ ორ მცენარეს? რა არის ამ ძირში ამოსავალი მნიშვნელობა? იქნებ, არა ფერის, არამედ - სხვა სემანტიკის გამო დაუკავშირდა ეს სიტყვა ზეთისხილისა და ვაზს? ფაქტია, რომ არც ზეთია ქართული სიტყვა და მაშ, რა ექვა ამ მცენარეს თურქული ზეითუნის[5] შემოსვლამდე?

თუ ჩინი ფერია და ქართული სიტყვაა (საბა არ უთითებს, უცხო სიტყვააო), მაშინ მომიჯნავე ფორმები და მნიშვნელობები ქართულ ენაშივე უნდა იძებნებოდეს, ან ამის ირიბი დასტური მაინც უნდა ჩანდეს სხვა ფუძეეებში. თუ ეს ფორმები არ დასტურდება, მაშინ მისი ნასესხობის ვერსია იქნება განსახილველი.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას ნელ-ნელა, ქვემოთ განვითარებული მსჯელობის მსვლელობისას ვეცდებით.

ჩნ/ცნ ბგერათკომპლექსის ქართული სემანტიკა

სიტყვაწარმოების თვალსაზრისით, ჩინური ნაწარმოებია ჩინ- ფუძეზე -ურ სუფიქსის დართვით. ანუ, მასში გამოიყოფა ჩინ ძირი, რომლის ისტორიული სემანტიკაც უნდა ვეძებოთ.

ცნობილია ჩენ/ჩინ ძირის მნიშვნელობები, საიდანაც ერთი ანბანის 26-ე ასოს აღნიშნავს (რიცხვითი მნიშვნელობა - 1000), ერთი კი - სინათლეს, ნათებას, მზერას (თვალის ჩინი).

ქართულ ენაში ჩნ / ჩან / ჩინ / ჩენ ბგერათკომპლექსი ხმოვანმონაცვლე ფუძის სახითაა ცნობილი: (მი)-ჩან-ს (მი-ჩნ-ს); ა-ჩენ-ს / (გა)ა-ჩინ-ა. ამ პირველადი მნიშვნელობებისგან შემდეგში ნაწარმოებია მრავალი სხვა მნიშვნელობა, როგორიცაა, მაგალითად: საჩინო, ჩინებული (საუკეთესო), გამოჩენილი (ცნობილი), განაჩენი (დასკვნა, გადაწყვეტილება), უჩინარი (უხილავი, გამქრალი), გაჩენა (მოვლინება, დაბადება), ჩუენება (დანახება), ჩინება (ხმობა) და მრავალი სხვა. განსაკთრებით თვალშისაცემია:

„ნათელი“, „ხილული“, „არსებული“ < > “უხილავი“, „მალული“

ჩინ/ჩენ- ფუძეში ადვილად იძებნება ხედვის, საგნების სინათლეზე აღქმის, უფრო ზუსტად კი - საგნების სიბნელიდან სინათლეზე გამონათების პირველადი სემანტიკა: ჩანს ის, რაც სინათლეზეა, გამოჩინებულია, სინათლეზე გამოტანილია. მაგრამ ჩინი თავადაა გამონათების, გაცოცხლების უნარი, რადგან თუ ვინმემ ჩინი დაკარგა, მაშინ ის უ-ჩინ-არ-ი, უ-ჩინ-ო ხდება, ქრება, [ღმერთის] თვალთაგან იკარგება. ამგვარად, სა-ჩინ-ო საგნებს უპირისპირდება უ-ჩინ-ო საგნები, როგორც არსებულნი - არარსებულებს, როგორც ცოცხალნი - არაცოცხალთ. ამ აზრით, ჩინ- ცოცხალს, გა-ჩენ-ილ-საც აღნიშნავს.

„ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნა-ჩინ-ისა“ (ვეფხისტყაოსანი, 419)

„პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?“ (იქვე, 1213)

„მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა“ (იქვე, 264)

„დაბადება“, „მოვლინება“, „გაჩენა“

ჩენ/ჩინ- ძირი რომ უშუალოდ უკავშირდება სიცოცხლის სემანტიკას, კარგად ჩანს გა-ჩენ-ა, გაა-ჩინ-ა ფორმებში - „მზის სინათლეზე მოავლინა“ (დაბადა) მნიშვნელობით. როდესაც დედა შვილს გააჩენს (დაბადებს), ის მზის სინათლეზე მოავლინებს მას. როდესაც ვინმე რამეს აღმოა-ჩენ-ს // აღმოა-ცენ-ებს (აღმოა-ჩინ-ა // აღმოა-ცენ-ა), ისიც სიბნელიდან მზის სინათლეზე გამოიტანს დაკარგულს. იგივეს აკეთებს მ-ცენ-არე[6] (წაიკითხე: მ-ჩენ-არე), როდესაც მიწის სიბნელიდან, არარსებობიდან მზის სინათლეზე (სიცოცხლეზე) გამოაღწევს. შესაბამისად, აქ კარგად ჩანს, რომ ქართული ენობრივი მსოფლხედვისთვის, არსებობა, სიცოცხლე უკავშირდება სინათლეს, სადაც, უჩინო მკვდართაგან განსხვავებით, ჩანან ცოცხლები.

„გამოჩენა“, „მოვლინება“, <კვალის დატოვება“

აჩნდა, ჩნდის:

“მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან” (1391)

„მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი.“ (1608)

„ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე“ (1659)

„განკურნება“ / “დატოვება“

ეს მნიშვნელობა კარგად ჩანს მორ-ჩენ-ა / მოარ-ჩინ-ა / და(რ)-ჩენ-ა // დაა(რ)-ჩინ-ა ფორმებში. განკურნება გაიგება როგორც ამქვეყნად დარჩენა.

„ცოდნა“ / „შეცნობა“

ეს მნიშვნელობა გვიდასტურდება მია-ჩნ-ია / მი-ჩნ-ს ფორმებში. ასევე ცნ პარალელურ წარმოებაში: ცნ-ობა, მა-ცნ-ე, ვი-ცან.

„მართალი“, „ნამდვილი“ < > ცრუ, მოჩვენებითი, არანამდვილი

„თუ ვერ ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უ-ჩინ-არი“ (ვეფხისტყაოსანი, 132)

„უჩინარის“ მნიშვნელობიდან ადვილად ვასკვნით, რომ სიტყვა „მ-ჩინ-არი“, რომელიც ლექსიკონურად განმარტებულია[7] როგორც „რაც ჩანს, მოჩანს“, უფრო ძველ პლასტში უნდა აჩვენებდეს მნიშვნელობებს „მართალი“, „ნამდვილი“, „არსებული“. ეს აზრი მტკიცდება „მცენარეს“ განმარტებითაც, როგორც მ-ჩენ-არე, ანუ როგორც ის, რაც აღმოჩინდა თუ აღმოცენდა, რამაც ჩინი, ანუ არსებობა და ნამდვილობა მოიპოვა.

„ნათელი“, „თეთრი“

ეჭვს არ იწვევს, რომ ქართული ენისთვის -ჩინ- ძირი ორგანულია. თუ გავითვალისწინებთ მის ზმნურ ფუნქციებსა და მნიშვნელობათა ძალიან ფართო სპექტრს, რომელსაც ეს ძირი აწარმოებს, შეგვიძლია თავიდანვე ვივარაუდოთ, რომ -ჩინ- ძირი ენის უძველესი პლასტის წარმომადგენელია და მისი პირველადი მნიშვნელობა არის „სინათლე“, „ნათება“. არ არის გამორიცხული, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე, ჩინი ასევეაღნიშნავდა თვალს, როგორც საგნების სიბნელიდან გამონათების უნარის მქონე ორგანოს. მასვე უნდა ჰქონოდა „ფოსოს“, „ბუდეს“, „ღრმულის“ მნიშვნელობა (შდრ. წყაროსთვალი), სადაც წყალი ანუ სიცოცხლე დგება და საიდანაც უკვდავების ხე ამოდის.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა მითოსში თვალი და ხედვის უნარი ცოცხლების ატრიბუტია. ღვთაებას თვალს პარავენ/თხრიან, რომ უნარები წაართვან/მოკლან, თვალის დაბრუნება კი მის აღდგომას (მზის სინათლის დაბრუნებას) ნიშნავს; ღვთაების თვალი ხეთურ, ბალტიურ, სლავურ თუ სემიტურ ტრადიციაში აღქმულია როგორც წყარო (სათავე), საიდანაც წყალი (პროტო ინდოევროპული *wódr̥,ძველ-სლავურიvoda, ბერძნ.  ύδωρ- ა.ბ.), ანუ ცრემლები მოედინება[8] (შდრ: ქართული „წყაროს თვალი“ - წყლის სათავე). პერსონაჟი კვდება (მარილის სვეტად გადაიქცევა), როდესაც ტირილს წყვეტს, ანუ როდესაც მისი თვალი ცრემლს / წყალს / ცოდნას / სინათლეს აღარ იდენს, ანუ, როდესაც ჩინი აღარ აქვს. ამიტომ, აქვე განსახილველია ფორმები ცა, ციმციმი, ციცინი, რაც სინათლეს, ნათებას, ან თეთრ ფერს უნდა უკავშირდებოდეს.

„მცოდნე“, „გრძნეული“

ცოდნის, სიბრძნის მოპოვების, გრძნეულობის ასპექტი ასევე სიცოცხლის ხის მითოლოგიური პარადიგმის წევრია და ეს საუკეთესოდ ჩანს ინდოევროპულ vid / ved ძირებში (შდრ: სლავური вид(еть) <> вед(ать)//ведь(ма)[9], ბერძნულიεδον, οδ). ჩვენთვის ეს შედარება საინტერესოა, რადგან ამ გზით ადვილად ვხედავთ ქართული -ჩნ- ბგერათკომპლექსის არამარტო ფონეტიკურ, არამედ - სემანტიკურ პარალელიზმს -ცნ- ბგერათკომპლექსთან, სადაც  მე-ცნ-იერი, ვ(ი)-ცან, მა-ცნ-ე მნიშვნელობები გამოდის წინ. ამიტომ, უეჭველია, რომ ქართველებისთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ხალხთა დიდი უმეტესობისთვის, სიცოცხლის, სინათლის, მზერის, ცნობი(ერები)ს, სიბრძნის და მაგიის მნიშვნელობები ურთიერთ-დაკავშირებული იყო და ისინი ერთ დიდ მითოლოგიურ პარადიგმას წარმოადგენდნენ.

„ლაპარაკი“, „კეთილმოუბრობა“, „ენიანობა“

ამავე პარადიგმის ნაწილია ლაპარკის მნიშვნელობა, რაც მითში მდინარის სინონიმია „შემეცნებისა“ და „ნათების“ მნიშვნელობების პარალელურად. აქ შეგვიძლია მოვიაზროთ სვანური შონ-(იშ) ფორმა („ხსენება“, „რამის შესახებ საუბარი“)[10] და, სავარაუდოდ, მასთანვე დაკავშირებული სვანი/სვანები თვითდასახელება შუ̈ნ- ფუძით(მუშუ̂̈ // შუ̂ანა̈) > მეგრ. შონ.  ასევე - ურშუ̂ნა - უხსენებელი, „უჩინი“ (გველი). აქ სვანი / სვანები თვითდასახელება მუ-შუ̈ნ, შუ̂ან-ა̈შეგვიძლია ვთარგმნოთ „ცოცხლების“, „(გა)ჩენილების“, „მოსაუბრეთა“, „ენის მატარებელთა“ პირველადი მნიშვნელობით, როგორც ოპოზიცია „უჩინოებთან“/უენოებთან. ვფიქრობ, ამავე სემანტიკას უნდა უკავშირდებოდეს ქართულში ფრიად გავრცელებული ჩიჩინი < ჩინჩინი (?), რომელიც ჩინ ფუძის რედუპლიკაციით უნდა იყოს მიღებული.

ჩამოთვლილი მნიშვნელობები პირდაპირ მიუთითებს სიცოცხლის ხის სიუჟეტზე, რომელსაც, ლოგიკურად, -ჩ(ც)ნ- ბგერათკომპლექსი შეიძლება უკავშირდებოდეს. საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება გვიჩვენოს ჩნ/ცნ - ბგერათკომპლექსმა ქართული სიცოცხლის ხის სიუჟეტში.

 

čn /cn /gn /tn ბგერათკომპლექსის სხვა მნიშვნელობები

როგორც ვნახეთ, ჩნ/ცნ ბგერათ-კომპლექსი ქართულ ენაში სემანტიკათა ისეთ ფართო სპექტრსა და მრავალფეროვან წარმოებას აჩვენებს, რომ მისი ორგანულად ქართულ ძირად მიჩნევა სრულიად ლოგიკური ჩანს. ამის მიუხედავად, მიზანშეწონილია, ინახოს, როგორია პარალელურ ბგერათკომპლექსთა მითოლოგიური და ლინგვისტური გაფორმება იმ ენებში, რომლებთანაც საქართველოს ისტორიული მჭიდრო კულტურული ან პოლიტიკური ურთიერთობა აკავშირებს.

აქ ძირითადად გვაინტერესებს ალტაური, ინიდოევროპული და აფრო-აზიური (რომლის ნაწილია სემიტური ენები) ჯგუფები, რადგან ჩვენი განვითარება სწორედ ამ ისტორიულ გარემოში მიმდინარეობდა და სავარაუდო კონტაქტებიც აქვეა საძიებელი. </

სიახლეები