ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
"შავკაპიტოს" დასახელების შესახებ
2023-01-25

 

შავკაპიტო ბოლო წლებში განსაკუთრებულად პოპულარული ჯიში გახდა შიდა ქართლის მეღვინეობაში. ცნობილია, რომ მისი დედა-ტერუარები ლიახვის ხეობის მიდამოებს მოიცავს, ანუ კავკასიონის სამხრეთ ფერდობს, ისტორიულ სამაჩაბლოს. ამის მიუხედავად, შავკაპიტო ქართლის სხვა ტერუარებზეც შესანიშნავ შედეგებს იძლევა, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას, თუ რატომ არ იყო ეს ჯიში ადრევე გავრცელებული მთელი შიდა ქართლის მასშტაბით.

თუმცა, შავკაპიტოს სამაჩაბლოურ ჯიშად გამოცხადება არც ისე ცხადი ფაქტი უნდა იყოს. ქართლში მოგვეპოვება კიდევ ერთი მსგავსი დასახელების ჯიში „კაპიტა“ / „კაპიტო“, რომელიც უკიდურესად მცირედაა გავრცელებული, მაგრამ მისი გავრცელების ისტორიული არეალი მთელი შიდა ქართლი ყოფილა. ფოთლის, მტევნისა და მარცვლის მოყვანილობით კაპიტა უკიდურესად გავს შავკაპიტოს და სხვა ამპელოგრაფიული და სამეურნეო მახასიათებლებითაც მასთან ძალიან ახლოს დგას (ივანე ჯავახიშვილი კაპიტას, შავკაპიტოსა და კაპისტონს ერთი ჯიშის სახესხვაობებს უწოდებდა და, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, არცთუ უსაფუძვლოდ).

ეს გარემოება მაფიქრებინებს, რომ დასახელება „შავკაპიტო“ არსებითად იგივეა, რაც „კაპიტა“, რომელიც დამატებითაა გაფორმებული „შავ“ თავსართით. ანუ, „შავკაპიტო“ არის ყურძნის არსებითად იმავე, ან ძალიან მსგავსი ჯიშის - „კაპიტას“დასახელების სახესხვაობა. ამიტომ, როდესაც „შავკაპიტოს“ ეტიმოლოგია გვაინტერესებს, მთავარი საკვლევი აქ სწორედ „კაპიტო“ ნაწილია.

„კაპიტას“ ეტიმოლოგია თითქოს ბუნდოვანია, მაგრამ საკმარისი დაკვირვებისას საფუძვლიანი დასკვნების საშუალებას იძლევა. ამისათვის, პირველ რიგში, დავაკვირდეთ, რა ვიცით შავკაპიტოს, როგორც ჯიშის შესახებ. რას გვეუბნება მისი ვიზუალური მხარე?

ზოგადად, შავკაპიტო ცნობილია როგორც „ლურჯფოთოლა“ ვაზი (უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 416). შავკაპიტოს ფოთლებს მართლაც დაკრავს ლურჯი იერი, მაგრამ მისი ლერწიც მოლურჯოა. ცნობილია, რომ გერმანელ კოლონისტებს ბოლნისის მიდამოებში გაუშენებიათ შავკაპიტო, თუმცა მისთვის გერმანული სახელი Blauhöezer უწოდებიათ, რაც ლურჯლერწიანს ნიშნავს (საქართველოს ამპელოგრაფია, გვ. 402). ამას გარდა, ვისაც შავკაპიტო ერთხელ მაინც დაუყენებია, დამეთანხმება, რომ ქვევრიდან ღვინის ამოღების შემდეგ პირველი ნარეცხი წყალი მუქი ლურჯი ფერისა ამოდის. თავად ღვინის მუქი შავი შეფერილობაც იმის ბრალია, რომ მასში ჭარბადაა ლურჯი პიგმენტები. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ შავკაპიტო ყველა მისი ვიზუალური მახასიათებლით ლურჯი ყურძენია.

ახლა ვნახოთ, რას შეიძლება ნიშნავდეს „კაპიტო“. ბევრი ფიქრისა და ძებნის შემდეგ ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა ძველმა ქართულმა სიტყვამ, რომელსაც ძირითადად მიმინოს აღსანიშნად ხმარობდნენ ხოლმე. ეს არის სიტყვა „კაპუეტი“, რომელსაც, თითქოს, სანადიროდ გაწვრთნილ მიმინოს ეძახდნენ, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ძველ ქართულში „კაპოეტი“ მწვანე ფერსაც აღიშნავდა. ბიბლიის ძველ ქართულ ნუსხებში, „ღია მწვანის“ (ბერძნ. “prasinos”) აღსანიშნად ერთმანეთს ენაცვლება „ქუაი მწუანე“ და „კაპოეტი“, თუმცა იგივე „კაპოეტი“ ზურმუხტისა და ონიქსის აღსანიშნადაც გამოიყენება (ბ. გიგინეიშვილი, ეტიმოლოგიური ლექსიკონი, გვ. 235). სომხურში kapojt „ცისფერსა“ და „ლურჯს“ აღნიშნავს, ფალაურში kapöt ასევე „ლურჯს“ აღნიშნავს და მრავალ სხვა ენაში ამ ფუძის სიტყვები გამოიყენებოდა სხვადასხვა ფრინველის (მტრედი, მიმინო) თუ თევზების აღსანიშნად.  (იქვე, გვ. 236)

გამოდის, რომ ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ვაზის ჯიში, რომელსაც ჩვენივე საკუთარი ტრადიციით ხან რქა-ლურჯს ვეძახით და ხან - ლურჯფოთოლას, რომლის ღვინოც ლურჯი შეფერილობისა დგება, მეორეს მხრივ კი გვაქვს სიტყვა „კაპოეტი“, რომელიც ძველ ქართულშივე ხან მწვანეს აღნიშნავდა და ხან - ლურჯს. ამის გარდა, გვაქვს ქართულშივე დადასტურებული ტრადიცია, რომ ამ სიტყვამ შეიძლება აღნიშნოს არა მხოლოდ ლურჯი და მწვანე ფერი, არამედ - უცვლელად მიესადაგოს სრულიად სხვა საგნებსაც. მაგალითად - მინიმოს, რომელსაც მოლურჯო შეფერილობის გამო „კაპოეტს“ ეძახდნენ.  

ვფიქრობ, უეჭველია, რომ ამავე წარმატებით „კაპოეტს“ სხვა ლურჯი საგნების აღნიშვნაც შეეძლო და, ერთი ასეთი, აშკარაა, იყო ლურჯ-ლერწიანი, ლურჯ-ფოთლებიანი და ლურჯ-ღვინიანი ვაზის ჯიში, ანუ ჩვენი საკვლევი „შავკაპიტო“. თავად ის ფაქტი, რომ საწყის ფუძეში გვქონდა ოე/უე გახმოვანება, საბოლოოდ კი "ი" გახმოვანება მივიღეთ, ვფიქრობ, იმავე მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული, რითაც - "შავ" თავსართის დამატება. კერძოდ, იმით, რომ "კაპოეტი", როგორც ბარბარიზმი, თანდათან ამოვიდა ხმარებიდან და მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომაც, ფუძის გახმოვანება ადვილად შეიცვალა იმ ფორმით, რაც ქართული კეთილხმოვნებისთვის უფრო შესაფერისი იყო. 

დასასრულ, კიდევ ერთხელ და აწ უფრო მეტი თავდაჯერებულობით გავიმეორებ თავში გამოთქმულ ვარაუდს, რომ „შავკაპიტოს“ საწყისი ფორმა არის „კაპიტო“, ხოლო „შავ“ თავსართი უკვე გვიანდელი დანამატია. სავარაუდოდ, იმ დროინდელი, როცა ძველი ბარბარიზმი „კაპუეტი“ / “კაპიტა“ / „კაპიტო“ უკვე ამოღებული იყო ხმარებიდან და მისი მნიშვნელობა აღარავის ესმოდა.

 

ანდრო ბარნოვი © 

25.01.2023

 

 

სიახლეები