ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ამავე ჯიშისგან დამზადებული ღვიანოები
კრახუნა

მდებარეობა:
დახასიათება:

                                                       კრახუნა

კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან მზადდება იმერული ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო. ჯიში გამოსადეგია აგრეთვე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. კრახუნა გავრცელებულია ძირითადად იმერეთში. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან_თვისებებით კრახუნა თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს _ prol. pintica, sub prol. georgica Negr.-ის ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს, რომელიც კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან არის წარმომდგარი. დასავლეთ საქართველოს ვაზის მთავარ საწარმოო ჯიშებისაგან კრახუნა განსხვავდება ძირითადად უფრო ნაადრევი (ერთი პერიოდით) სიმწიფით და მარცვლის ოვალური ფორმით. აღნიშნულის გამო ზოგიერთი სპეციალისტი (ვ. სტაროსელსკი და სხვ.) კრახუნას კახეთიდან შემოტანილ ჯიშად თვლიდა, მაგრამ აღნიშნულის დასადასტურებლად არავითარი საბუთი, გარდა საკუთარი მოსაზრებისა, არა აქვთ მოყვანილი. ეს მოსაზრება არ უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს, რადგან, ერთი მხრივ, კრახუნა თავისი მორფოლოგიური ნი- შან_თვისებებით გაცილებით უფრო ახლო დგას დასავლეთის, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული წყაროების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა ძველად გავრცელებული არ ყოფილა და არც ახლა არის. მეტად საინტერესო მოსაზრება ჯიშ კრახუნას წარმოშობასთან დაკავშირებით მოყვანილი აქვს თავის კაპიტალურ ნაშრომში აკად. ივ. ჯავახიშვილს (8). მისი განმარტებით `კრახუნა~ მარცვლის თვისების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. დასავლეთ საქართველოში ამბობენ: `მარცვალი პირში სკდება, კრახუნობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა _ კნატა_კნუტს, კნატუნს~ ნიშნავსო. ცხადია, ჯიში რომ აღმოსავლეთ საქართველოდან იყოს წარმოშობილი მას ალბათ ან `კნატუნა~ ერქმეოდა, ან სხვა ამის მაგვარი და მორფოლოგიური ნიშან_თვისებებითაც მათი მსგავსი იქნებოდა. ჯიშის წარმოშობის დროის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ კრახუნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში საკმაოდ ცნობილი ჯიში იყო უფლებას გვაძლევს იგი საშუალო ხნიერების ვაზის ჯიშთა ჯგუფს მივაკუთნოთ. ძველად კრახუნა უფრო ფრთოდ იყო გავრცელებული და იმერეთის ზოგიერთ მიკრორაიონს (სვირი, ობჩა) მან საერთო აღიარება და საპატიო სახელი მოუპოვა, როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირშიაც. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრის შემდეგ კრახუნას ჭრაქისა და ფილოქსერის მიმართ სუსტი გამძლეობის გამო მისი ვენახები სწრაფად შემცირდა, ხოლო ახალ ნაგრავებშიაც აღნიშნული მიზეზების გამო მას შედარებით ნაკლებად ავრცელებდნენ. ამჟამად კრახუნას გავრცელების ძირითადი ადგილებია შუა იმერეთის შემდეგი სოფლები: სვირი, კვალითი, ობჩა, დიმი, ფერსათი, მაიაკოვსკი, ზესტაფონი, ქვედა საქარა, არგვეთა და სხვა. ზემო იმერეთში კრახუნა მცირედ არის გავრცელებული, ხოლო ქვემო იმერეთში იგი იშვიათად გვხვდება. ვენახების 1940 წლის საკავშირო აღწერის მასალების მიხედვით, საქართველოში კრახუნას ეჭირა 102 ჰექტარი ფართობი. მევენახეობის ძირითად რაიონების მიხედვით იგი განაწილებულია შემდეგნაირად (იხ. ცხრ. 1).

1947 წლის აღწერის უფრო ზუსტი მონაცემების მიხედვით კრახუნას ფართობი 132 ჰექტარამდე აღწევდა. იმერეთში მას ეკავა 121,24 ჰექტარი, რაჭა_ლეჩხუმში 6,54 ჰექტ., სამეგრელოში 2,66 ჰექტ., ხოლო დანარჩენი ფართობი აფხაზეთსა და ქართლ_კახეთში. ვენახების 1953 წ. აღწერის მიხედვით კრახუნას 80 ჰექტ. ფართობი უჭირავს. მათგან 52 ჰექტ. ზესტაფონის და 13 ჰექტ. მაიაკოვსკის რაიონში, ხოლო იმერეთის დანარჩენ ადგილებში იგი შედარებით უფრო მცირედაა გავრცელებული და სულ 10 ჰექტარამდე ფართობი უჭირავს. საქართველოს გარეთ კრახუნა გვხვდება საბჭოთა კავშირის მევენახეობის საცდელ სადგურებზე ძირითადად საკოლექციო ვენახებში _ მისი შესწავლა_გამოცდის მიზნით.

ბოტანიკური აღწერა

ჯიშის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია მევენახეობისა და მეღვინეობის საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონში, ხოლო ახალგაზრდა ნაზარდი და ყვავილი აღწერილია მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტისსაკოლექციო ნაკვეთზე ქ. თელავში. ვენახი გაფორმებულია სარ_მავთულზე და გასხლულია ორმხრივი შპალერის წესით.ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, მომწვანო თეთრი ფერისაა, რომლებსაც ღია მოვარდისფრო არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მესამე და მეოთხე ფოთლების შებუსვა ზემო მხრიდან მცირდება და მომწვანო_ყვითელი ხდება _ ნარინჯის იერით, ხოლო ქვედა მხრიდან შებუსვის შემცირების გამო მორუხო თეთრია. ყლორტის შებუსვა ზევიდან ქვევით მცირდება.ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული რქა შემოდგომით ღია ყავისფერია მოწითალო იერით; მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთაშორისები. მუხლთაშორისების სიგრძე მერყეობს საშუალოდ 8_დან 12 სმ_მდე. გრძლივი ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ კარგადაა გამოსახული.ფოთოლი. შუა იარუსის (9_12) კარგად განვითარებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. ფოთლის ფირფიტა მომრგვალოა, უფრო ხშირად იგი განიერ_ოვალურია, ვიდრე მოგრძო. ფოთლის სიგრძე საშუალოდ 17_18 სმ, ხოლო განი 18_19 სმ უდრის. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, უფრო ხშირად იგი ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი ხშირად მსხვილბურთულებიანი, იშვიათად იგი ბადისებრ დანაოჭებული, ან წვრილბურთულებიანია. ფოთლის ზედა ნაკვთი თითქმის მუდამ ბლაგვკუთხიანია. ფოთლის მოხრილობა უსწორმასწოროა, ხშირად ქვედა ნაკვთების ზევით აწევის გამო ფოთოლი ძაბრისებრ ფორმას იღებს.

ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად საშუალო სიღრმისაა, იშვიათად გვხვდება ძლიერ ღრმა და ზეზეური ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფორმა ბუნებრივ პირობებში ხშირად ჩანგისმაგვარია, იშვიათად იგი პარალელურგვერდებიანია, გვხვდება აგრეთვე ოვალურთვლიანი დახურული ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფუძე ხშირად მომრგვალებული, იშვიათად იგი წამახვილებულია. ზოგჯერ ამონაკვეთების ფუძე ცალდეზიანია. ძლიერ იშვიათად გვხვდება აგრეთვე ზეზეური _ შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც.

ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, ოდნავ ღრმაა, ზეზეურებია. ამონაკვეთების ფორმა პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად იგი შეჭრილი კუთხისმაგვარი, ან დახურული ოვალურთვლიანია. ამონაკვეთების ფუძე მომრგვალებული ან იშვიათად წამახვილებულია.

ყუნწის ამონაკვეთი უმრავლეს ფოთლებზე ღიაა, ფორმით იგი ჩანგისმაგვარია _ შევიწროებული ფუძით. ბუნებრივ პირობებში ფოთლის ქვედა ნაკვეთების ზევით აწევის გამო ყუნწის ამონაკვეთი დახურული გვეჩვენება. ნაკვეთების ბოლოების ერთი მეორეზე გადასვლის გამო, შუაში ოვალური ფორმის თვალი კეთდება. ძლიერ იშვიათად გვხვდება აგრეთვე ისრისებრი და კვადრატული ფორმის ამონაკვეთებიც.

ფოთლის მთავარი ძარღვი უფრო ხშირად ბოლოვდება გამოწეულგვერდებიან სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი ფორმისა და მასზე უფრო იშვიათად გუმბათისებრი ფორმის კბილები. გვერდითი ძარღვები ჩვეულებრივ ბოლოვდება ცალგვერდგამოწეული ან სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომლის ქვეშ მოფენილია მოკლე ჯაგრისებრი ბუსუსი, ხოლო ორივე ერთად საკმაო სქელ ქეჩისებრ შებუსვილობას ქმნის.

ფოთლის ყუნწი უდრის ფოთლის შუა ძარღვის სიგრძეს, ან ოდნავ მასზე მოკლეა. ყუნწი შეფერილია მოწითალო ღვინისფრად და ოდნავ შებუსვილია.ყვავილი. ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. ყვავილში 5 ან 6 მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება 4 და 7 მტვრიანაც, მტვრიანათა ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან მერყეობს 1,25_დან 1,5_მდე, უფრო ხშირად იგი 1,25 უდრის. ბუტკო სწორი კონუსისებრი ფორმისაა, კარგად გამოსახული სვეტით და მომრგვალო დინგით.მტევანი. მტევანი საშუალო სიდიდისაა, მისი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 12_დან 16 სმ_მდე, ხოლო განი 8_დან 10 სმ_მდე. მტევანი განიერ კონუსისებრი ფორმისაა, ხშირად მხრიანია, მხრის სიგრძე აღწევს მტევნის სიგრძის ერთ მესამედს, ზოგჯერ ნახევარსაც. მტევანი მკვრივია, იშვიათად საშუალო სიმკვრივის. მტევნის ყუნწი ბალახისებრია, ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მისი სიგრძე მერყეობს 2_დან 5 სმ_მდე, საშუალოდ იგი 2,5_3 სმ უდრის,. მარცვლის ყუნწი მწვანე ფერისაა, მისი სიგრძე 6_8 მმ უდრის. მარცვლის ბალიში ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია მუქი ყავისფერი ხორკლებით (მეჭეჭებით). მარცვალი მჭიდროდ არის მიმაგრებული ყუნწზე და ადვილად არ წყდება მას.მარცვალი. მარცვალი საშუალოზე უფრო მსხვილია, მისი სიგრძე საშუალოდ 1,7_1,8 სმ, ხოლო განი 1,5_1,6 სმ უდრის. მსხვილი მარცვლების სიგრძე 2,0_2,1 სმ, ხოლო განი _ 1,8_1,9 სმ აღწევს. მარცვლის ფორმა ოვალურია, იშვიათად მომრგვალო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მარცვალი შუაში განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვალი მომწვანო_ყვითელია, ხოლო სრულ სიმწიფეში და გადამწიფებისას იგი ლამაზ მოქარვისფრო ყვითელ იერს იღებს. მარცვალი დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ფიფქით, ხოლო მზისაკენ მიქცეულ მხარეზე მას უჩნდება სიდამწვრის მოყავისფრო ლაქები. მარცვლის კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია, იგი ადვილად არ ეცლება რბილობს. რბილობი მკვრივი, კნატუნა, წვენი უფერული, მეტად ტკბილი. ჯიშური არომატი მარცვალში მკრთალადაა გამოსახული.წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1_დან 4_მდე მერყეობს. საშუალოდ ერთ მარცვალზე მოდის 2,6 წიპწა. წიპწის ტანი ოვალური ფორმისაა ნისკარტისაკენ შევიწროებული, იგი შეფერილია მუქ ყავისფრად. ხოლო ნისკარტი და მუცლის ღარები ნარინჯისებრ ყვითელია. წიპწის სიგრძე მერყეობს 6,5_დან 7,5 მმ_მდე, ხოლო განი 4_დან 4,5 მმ_მდე. ქალაძა წიპწის ზემო ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალურია, ოდნავ ამოზნექილი და ირგვლივ შემოხაზულია არაღრმა ღარატაფით. ღარი ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ განიერია, ხოლო ნისკარტისაკენ კარგად გამოსახულია. წიპწის მუცლის მხარე ოდნავ ქედიანია, მისი ღარტაფები საშუალო სიღრმისაა და პარალელურად მიემართება ნისკარტისაკენ. ნაწიბური ვიწროა, მაგრამ იგი კარგად ემჩნევა მთელ სიგრძეზე. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა და წვერისაკენ ვიწროვდება. ნისკარტის სიგრძე აღწევს 2,0 მმ, ხოლო განი 1,5 მმ.

აგრობიოლოგიური დახასიათებასავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი ფენოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა თელავისა და საქარის მევენახეობა_მეღვინეობის ზონალურ საცდელ სადგურებზე და უკრაინის მევენახეობის ინსტიტუტში ქ. ოდესაში. საქარის საცდელი სადგურის ვენახი მდებარეობს შედარებით სწორ ადგილზე ზღვის დონიდან 149,2 მ სიმაღლეზე. ნიადაგი ალუვიური ქვეთიხნარია; თელავის საცდელი სადგურის ვენახი მდებარეობს სოფ. კურდღელაურში. ვენახი გაშენებულია ცივ_გომბორის მთის ჩრდილო_აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ნიადაგი რუხი ყავისფერი ჩონჩხიანია, მექანიკური შედგენილობით იგი თიხნარია, ხოლო ქვენიადაგი ქვა_ღორღისაგან შემდგარი კირნარია. ვენახი სარ_მავთულზეა გამართული. ვაზის კვების არე 3 მ2 უდრის და გასხლულია ქართული წესით ორი ნეკისა და ორი მოპირისპირე საკავებლის დატოვებით. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენებია კრახუნას სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა თელავში, ზესტაფონსა და ოდესაში (იხ. ცხრ. 2).

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა, როგორც ზემოთ მოყვანილ მონაცემებიდან ჩანს, დამოკიდებულია, ძირითადად, ჰავაზე და ცალკეულ წლების მეტეოროლოგიურ პირობებზე. თბილ, ჰავიან რაიონებში ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი მოკლდება. ხოლო გრილჰავიან რაიონებში ჯიში აგრძელებს სავეგეტაციო პერიოდს, რათა მეტი სითბო დააგროვოს ყურძნის დასამწიფებლად.

ყველაზე გვიან კრახუნა სამხრეთ უკრაინაში მწიფდება, შემდეგ კახეთში და ყველაზე ადრე შუა იმერეთში. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის შესაბამისად იცვლება აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც. სავეგეტაციო პერიოდის გახანგრძლივება ხდება, როგორც პირველი ფაზის _ კვირტის გაშლის დასაწყისის, ისე სრული სიმწიფის ვადის ცვალებადობით. ასე მაგალითად იმერეთში კრახუნა 26 სექტემბერს მწიფდება, კახეთში იგი სრულად მწიფდება 12 ოქტომბერს. ხოლო უკრაინაში იშვიათ წლებში აღწევს სრულ სიმწიფეს და ისიც 20 ოქტომბრისათვის. უკრაინაში ყურძნის მომწიფებას, საგრძნობლად ნაკლები აქტიურ ტემპერატურათა ჯამის პირობებში, ხელს უწყობს ნალექების რაოდენობის სიმცირე. ასე, მაგალითად, ნალექების წლიური ჯამი შეადგენს: ოდესაში 368,0 მმ, თელავში 800 მმ, ხოლო ზესტაფონში 1300 მმ.

სიმწიფის დასაწყისის და სრული სიმწიფის დადგომის ვადის მიხედვით, კრახუნა სიმწიფის III პერიოდის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს, იგი იმერეთის ძირითად საწარმოო ვაზის ჯიშებზე (ციცქა, ცოლიკოური) ერთი პერიოდით უფრო ადრე მწიფდება.

შუა იმერეთში კრახუნას ერთწლიანი რქა ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის უკვე იღებს საშემოდგომო შეფერვას და 100_120 სმ სიგრძეზე საკმაოდ ხევდება. სრული სიმწიფის მომენტიდან ფოთოლცვენამდე ერთწლიანი ნაზარდი მთლიანად ასწრებს მომწიფებას და კარგად გახევებული და შემოსული ხვდება ზამთრის ყინვებს. კახეთში და სამხრეთ უკრაინაში წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით კრახუნას ერთწლიანი რქები კარგად ხევდება და მწიფდება.მოსავლიანობა. კრახუნა შედარებით ადრე იწყებს პირველ და სრულ მოსავლის მოცემას. მისი ნამყენები დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ ნიშანს, ხოლო მესამე_მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს.

კრახუნა საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება ცალკეულ წლებში, ჰავისა და მოვლა_დამუშავების ხელმშემწყობ პირობებში, იგი იძლევა უხვ მოსავალს.

საქარის საცდელ სადგურზე წარმოებული აღრიცხვებით კრახუნას მოსავლიანობა ცალკეული წლების და მიკრორაიონების მიხედვით მერყეობს საშუალოდ 80_100 ცენტნერამდე ჰექტარზე. შედარებით უფრო უხვ მოსავალს კრახუნა ზესტაფონის რაიონში იძლევა, ძირითადად ალუვიურ ქვეთიხნარ ნიადაგებზე.

კრახუნას მოსავლიანობის ცვალებადობის დასახასიათებლად ქვემოთ მოგვყავს საქარის საცდელ სადგურზე 1905_დან 1912 წლამდე წარმოებული აღრიცხვების შედეგები (იხ. ცხრ. 3).

როგორც მე_3 ცხრილიდან ჩანს 8 წლის საშუალო მოსავალი ჰექტარზე 100 ცენტნერს შეადგენს, ხოლო უდიდესი 140 ცენტნერამდე აღწევს. მოსავლიანობასთან ერთად პროდუქციის ხარისხიც მაღალია. ტკბილის შაქრიანობა საშუალოდ 23% შეადგენს, ხოლო უმცირესი 20,8% ნაკლები არ ყოფილა.

შედარებით უფრო ნაკლებ მოსავალს თანაბარ კვების არეზე (1,5X1,5 მ) კრახუნა ეწერ ნიადაგებზე იძლევა. ასე მაგალითად, არგვეთის საბჭოთა მეურნეობის ეწერ ნიადაგებზე კრახუნას მოსავალი უკანასკნელ წლებში 60 ცენტნერს არ აღემატებოდა.

კახეთში წარმოებული დაკვირვებების მიხედვით კრახუნას მოსავლიანობა წლების მიხედვით მერყეობს 1,6_დან 3 კგ_მდე ძირზე, საშუალოდ იგი 2,0 კგ უდრის. სხვა რაიონებში ჯიშის მოსავლიანობის დასახასიათებლად მოგვყავს უკრაინის ინსტიტუტის მონაცემები კრახუნას მოსავლიანობის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით კრახუნას მოსავლიანობა მერყეობს 818 გ_დან 2260 გ_მდე ძირზე და შეადგენს საშუალოდ ოთხი წლის მანძილზე 1220 გ ერთ ძირზე.

კრახუნას მოსავლიანობის უნარის დასახასიათებლად მოგვყავს საქარის საცდელ სადგურზე და მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტში წარმოებული აღრიცხვების შედეგები. ამ მონაცემების მიხედვით ვაზზე ნაყოფიანი ყლორტების რაოდენობა მერყეობს ზესტაფორში 87_დან 96%_მდე, ხოლო თელავში 86_დან 100%_მდე; მსხმოიარობის კოეფიციენტი იმერეთში მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე, კახეთში 1,34_დან 1,56%_მდე; მტევნის საშუალო წონა მერყეობს იმერეთში (ზესტაფონი) 118_დან 160 გ_მდე, კახეთში (თელავი) 120_დან 200 გ_მდე, ხოლო საშუალოდ იგი 160 გ უდრის. უკრაინაში (ქ. ოდესა) საშუალო ზომის მტევნების წონა 140_150 გ უდრის, ხოლო დიდი მტევნებისა 350_450 გ. აღწევს.

ჯიშისათვის შესაფერ ჰავისა და ნიადაგურ პირობებში, ვენახების მოვლა_დამუშავებისას მოწინავე წესების გამოყენებით კრახუნა მოგვცემს უხვ და მაღალხარისხოვან მოსავალს _ საშუალოდ 80_100 ცენტნერ ყურძენს ჰექტარზე.მავნებლებისა და ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა. ვაზის სოკოვან დაავადებათა შორის დასავლეთ საქართველოში ვაზისათვის ყველაზე საშიშია ჭრაქი (მილდიუმი) და ნაცარი. საქარის საცდელ სადგურზე წარმოებული დაკვირვებების მიხედვით კრახუნა მილდიუმს ნაკლებად უძლებს, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია დაბლობზე გაშენებულ ვენახებში, ხოლო ნაცრის მიმართ იგი საშუალო გამძლეა. მთავარ საწარმოო ვაზის ჯიშებთან შედარებით ამ მხრივ იგი ჯობნის ციცქას და ჩამორჩება ცოლიკოურს. კახეთში 9თელავში) წარმოებული დაკვირვებების მიხედვით კრახუნას შედარებითი გამძლეობა, როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის მიმართ შეფასებულია საშუალოდ.

ადგილობრივ იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კრახუნა ფილოქსერასაც სუსტად უძლებს. ყველაზე ადრე იმერეთში ფილოქსერისაგან კრახუნას ვენახები დაიღუპა. ამ გარემოების და მილდიუმის მიმართ სუსტი გამძლეობის გამო ჯიში ფართოდ ვერ გავრცელდა ახალ ნამყენ ვენახებში.გარემო პირობებისადმი გამძლეობა. კრახუნა კარგად გვარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებულ და მლაშე ნიადაგებისა, მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს იგი ნეშომპალა კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწრებულ ნიადაგებზე იძლევა.

ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს. ყინვიან 1932_1933 და მომდევნო წლებში საქარის საცდელ სადგურზე მეცნ. კანდიდატ ალ. მიროტაძის მიერ (3) წარმოებულ დაკვირვების თანახმად კრახუნამ შედარებით უკეთ გაუძლო ყინვებს და ამ მხრივ პირველი ადგილი დაიჭირა იმერეთის მთავარ საწარმოო ჯიშებს შორის.

გვალვების მიმართ კრახუნას გამძლეობა იმერეთის პირობებში ძნელი დასადგენია, ხოლო კახეთში ურწყავ ვენახებში იგი კახურ ჯიშებთან შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება.ჯიშის საძირეებთან მონათესაობა. ადგილობრივი მევენახეების დაკვირვებით კრახუნა შედარებით უფრო ცუდად ეგუება ამერიკულ ვაზის საძირეებს, ვიდრე ციცქა და ცოლიკოური და მათზე დამყნობისას პირველხარისხოვან ნამყენებს მცირე რაოდენობით იძლევა. შედარებით უკეთ ემყნობა და ხარობს კრახუნა რუპესტრის დულოზე, ხოლო რიპარიაXრუპესტრის ჰიბრიდებიდან იგი უკეთეს შედეგს იძლევა საძირე 3306 რიპარიასთან. ამ საძირეზე იგი უკეთ ემყნობა, მოსავალსაც მეტს იძლევა და უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს.

ახალი ვენახების გაშენებისას გაეწრებულ მძიმე ნიადაგებზე უნდა შეირჩეს საძირე რიპარიXრუპესტრის 3306, ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე ბერლანდიერი რიპარიას ჰიბრიდები, ძირითადად 5ბბ, ხოლო მშრალ ქვიან მწირ ნიადაგებზე საძირე რუპეტსრის დულო.

ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნების გარეგნული შეხედულებით, ხოლო უფრო მეტად მარცვლისმექანიკური შედგენილობით და წვენის ქიმიური შეცულობით კრახუნა საღვინე ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. ნაწილობრივ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს და იყენებენ კიდეც, როგორც სასუფრე (საჭმელ) ყურძენს. მართლაც, იმერულ საწარმოო ვაზის ჯიშებს შორის (ციცქა, ცოლიკოური, დონდღლაბი, ოცხანური საფერე და სხვ.) კრახუნა როგორც სასუფრე (სადესერტო) ყურძენი ყველაზე უმჯობესია გარეგნული შეხედულებითა და თავისებური გემოთი.მტევნისა და მარცვლის მექანიკური შედგენილობა. კრახუნას მტევნების და მარცვლების მექანიკური შედგენილობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საქარის საცდელ სადგურზე ვალ. დემეტრაძისა და ვლ. კინწურაშვილის (1) მიერ შესრულებული ანალიზების შედეგები. შესადარებლად მოყვანილია აგრეთვე უკრაინაში (ოდესა) ჩატარებული ანალიზების შედეგები. ყურძენი საანალიზოდ აღებულია, როგორც საქარის საცდელ სადგურის ნაკვეთებიდან, ისე შუა იმერეთის რაიონებიდან მიღებულ მოსავლიდან (იხ. ცხრ. 4).

როგორც მე_4 ცხრილში მოყვანილ მონაცემებიდან ჩანს ყურძნის წვენის გამოსავალი ლაბორატორიულ პირობებში მერყეობს ცალკეულ წლებისა და ნაკვეთების მდებარეობის მიხედვით 74%_დან 85%_მდე.

წარმოების პირობებში ყურძნის წვენის გამოსავლიანობა საგრძნობლად ნაკლებია და იგი ვ. დემეტრაძის (1) მონაცემების მიხედვით ხელის წნეხში გამოწურვისას შეადგენს: ჭაჭა კლერტით 26%, ხოლო წვენი 71%, 1945_1948 წწ. საქარის საცდელ სადგურზე, სოფ. არგვეთაში, ქვედა საქარაში და სვირში ვლ. კინწურაშვილის მიერ ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ჭაჭის გამოსავალი მერყეობდა 20_დან 23,38%_მდე, ხოლო ტკბილისა 4%_დან 78,08%_მდე.ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. რთველის ერთნაირ პირობებში იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კრახუნა შაქარს ყველაზე მეტი რაოდენობით აგროვებს. მისი შაქრიანობა ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების მიხედვით 28_30%_მდე აღწევს. უფრო მეტი რაოდენობით შაქარს კრახუნა შუა იმერეთში _ ზესტაფონის, მაიაკოვსკის და თერჯოლის რაიონებში აგროვებს ზემო იმერეთში ორჯონიკიძის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში კრახუნა შაქრის დაგროვების შედარებით უფრო ნაკლები უნარით ხასიათდება, თუმც მისი შაქრიანობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯიშებისა. საერთოდ კრახუნა ერთი პერიოდით უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ციცქა და ცოლიკოური და მათთან შედარებით თითქმის ყველგან უფრო მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს. კრახუნას 10_12 დღის დაგვიანებით, ანუ ციცქა და ცოლიკოურთან ერთად დაკრეფის შემთხვევაში შაქრიანობა 24_26%_მდე შიეძლება გადიდდეს და მისგან მაგარი ან სადესერტო ღვინო დამზადდეს, თუ კი წვიმიანი შემოდგომა ხელს არ შეუშლის ყურძნის გადამწიფებას, კრახუნას შაქრის დაგროვების უნარიანობის დასახასიათებლად მოყვანილია მისი წვენის გლუკოაციდომეტრიული ანალიზების შედეგები (იხ, ცხრ. 5).

მე_6 ცხრილში მოყვანილია კრახუნას ყურძნის მწიფობის დინამიკა სოფ. მაიაკოვსკში და სოფ. საქარაში.

როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, კრახუნა შუა იმერეთში საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. მისი შაქრიანობა ზოგიერთ წლებში 28_30% აღწევს, 6,5_7,0‰ მჟავიანობის დროს.

შედარებით ასეთივე მაღალი შაქრიანობა_მჟავიანობით ხასიათდება კრახუნა კახეთში და უკრაინაშიც, სადაც მისი შაქრიანობა 23_24% აღწევს. ჯიშის ეს თვისება საშუალებას იძლევა სუფრის ღვინის გარდა მისგან (ზოგიერთ წლებში) მაგარი და სადესერტო ღვინოები დამზადდეს.ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი. კრახუნას ყურძენს ძირითადად იყენებენ იმერული და ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასაყენებლად, ცდების სახით მისგან მზადდება აგრეთვე მადერისა და პორტვეინის ტიპის ღვინოებიც.

იმერული და ევროპული ტიპის მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო დგება კრახუნას ყურძნიდან შუა იმერეთში, ზესტაფონისა და მაიაკოვსკის რაიონებში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა კვალითი_სვირის უბანი გაეწრებული ნიადაგებით.

ამ ზონის ნიადაგებზე კრახუნა იძლევა მაღალხარისხოვან სრულ, სხეულიან, ვაჟკაცურ ღვინოს. ზემო იმერეთში კრახუნა უკეთეს მასალას იძლევა ევროპული ტიპის ღვინისათვის, ვიდრე ამ კატეგორიის იმერული ღვინისათვის. დასავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში _ გურია_სამეგრელოში, აჭარა_აფხაზეთში და რაჭა_ლეჩხუმში კრახუნა ძლიერ მცირედაა გავრცელებული, რადგან ადვილად ზიანდება სოკოვან ავადმყოფობით (ჭრაქი), თუმცა აფხაზეთის ზოგიერთ რაიონში (გუდაუთის რ_ნი) და ნაწილობრივ სამეგრელოში (მთიანი ზოლი) კრახუნა მეტად საინტერესო სრულ, სხეულიან სუფრის ოდნავ მოტკბო სასიამოვნო ღვინოს იძლევა. ამ რაიონებში კრახუნასაგან თავისუფლად შეიძლება დამზადდეს მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, თუ რთველი ოდნავ დაგვიანებით ჩატარდება.

ციცქასა და ცოლიკოურის ღვინოებთან შედარებით კრახუნას ღვინო უფრო შეფერილი, ენერგიული და სხეულიანია, მაგრამ აკლია სინაზე, თუმცა ზოგიერთ წლებში მისი ევროპული წესით დაყენებული ღვინო არ ჩამოუვარდება სინაზით ციცქის ღვინოს. იმერულ ჯიშებს შორის ყველაზე უკეთეს მასალას მაგარ დასადესერტო ღვინოებისათვის (მადერა, პორტვეინი და სხვ.) კრახუნა იძლევა. მისი უპირატესობა მდგომარეობს, ერთი მხრივ, შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვებაში და მეორე მხრივ, მისი ღვინო ადვილად ინვითარებს მადერის ტიპისათვის დამახასიათებელ გემოსა და იერს, ღვინის შენახვის ჩვეულებრივ პირობებშიაც კი.

კრახუნას ყურძენს მოსახლეობა ნაწილობრივ იყენებს აგრეთვე საჭმელად ად შესანახად. კრახუნას ყურძენი კარგი გემური თვისებისაა, ახასიათებს მოქარვისფრო ოვალური ფორმის მარცვალი, კნატუნა რბილობი, სიტკბო და სასიამოვნო სიხალისე. კრახუნა იმერული საწარმოო ვაზის ყურძენს შორის გარეგნული შეხედულებით ყველაზე უკეთესია.

კრახუნას მოსავალი ძირითადად სუფრის ღვინის დასაყენებლად მიდის. იმერეთში კრახუნადან ევროპული და იმერული ტიპის ღვინოს აყენებენ. აღნიშნულის შესაბამისად კრახუნას რთველი სხვადასხვა ვადებში წარმოებს. ევროპული ტიპის სუფრის ღვინოების დასამზადებლად კრახუნა 20_22% შაქრიანობისა და 7_8‰ მჟავიანობის დროს უნდა დაიკრიფოს. ამაზე მეტი შაქრიანობა ღვინოს მატებს ზედმეტ სხეულს, სიმძიმეს და მადერის ტონს, რაც ამ ტიპის სუფრის ღვინოებისათვის არასასურველია, ხოლო იმერული ტიპის სუფრის ღვინოებისათვის კრახუნა უმჯობესია დაიკრიფოს უფრო გვიან 23_25% შაქრიანობისა და 5_6‰ მჟავიანობის დროს. რაც ადგილმდებარეობისა და წლის მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად სხვადასხვა დროს დგება. შუა იმერეთის პირობებში ევროპული ტიპის ღვინის დასაყენებლად კრახუნა საშუალოდ სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა დაიკრიფოს, იმერული ტიპის ღვინოებისათვის კი ოქტომბრის პირველ რიცხვებში, ხოლო მაგარი და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად ოქტომბრის შუა რიცხვებში. ამ ვადისათვის კრახუნას შაქრიანობა 26_28%, ხოლო მჟავიანობა 5_5,5‰ აღწევს.

საბჭოთა მეურნეობები და დამამზადებელი პუნქტები კრახუნასაგან ძირითადად ევროპული, ხოლო კოლმეურნეობები და კოლწევრები იმერული ტიპის სუფრის ღვინოს აყენებენ.ღვინის ორგანოლეპტიკური და ქიმიური დახასიათება. კრახუნა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს იძლევა. ევროპული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო მოყვითალო_ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქად არის შეფერილი, იგი მოქარვისფრო_ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავი უხეშობით ახალგაზრდობაში.

შენახვისას (დავარგებისას) ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს, ინვითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეთს, რომელშიაც მკაფიოდ გამოსჭვივის გუდრონის იერი და გემო, უფრო ნაზი და ჰარმონიული ხდება.

კრახუნას ყურძნიდან საქარის ზონალურ საცდელ სადგურზე დამზადებული მადერა და პორტვეინის საცდელი ნიმუშები კარგი თვისებებისა იყო, ახასიათებდათ _ ძლიერი არომატი. საკმაო სინაზე სუფთა გემო და სასიამოვნო სიხალისე. საერთოდ იმერულ საწარმოო ჯიშებს შორის კრახუნა თავისებური ჯიშური თვისებების გამო ყველაზე უკეთ გამოსადეგია მაგარ და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად.

კრახუნას სუფრის ღვინო მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება, იგი სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე მუდამ მაღალ ნიშანს და შეფასებას იღებს. ღვინის 8 ბალიანი სისტემით შეფასების დროს საცდელი სადგურის კრახუნას 1945 წლის მოსავლის ღვინომ საშუალოდ 7,6, ხოლო იმავე წლის ქვედა საქარის ღვინომ 7,8 ბალი მიიღო. ასეთივე მაღალი ნიშნები მიიღეს სვირის 1945 წლის და სოფ. არგვეთის 1946 წლის მოსავლის ღვინოებმაც.

ხანგრძლივი შენახვისას კრახუნა ინვითარებს ძლიერ ბუკეტს, ნაზ გემოს და იგი უფრო ჰარმონიული ხდება. ახალგაზრდობაში ოდნავი სიუხეშე, განსაკუთრებით გვიან დაკრეფილ ყურძნიდან დამზადებულ ღვინისა, მალე ქრება და ღვინო სასიამოვნო და ჰარმოუნიული ხდება. ღვინო კასრებში სამი, სამნახევარ წლის განმავლობაში მწიფდება, რომლის შემდეგ შეიძლება ჩამოისხას მოსახმარებლად ან შემდგომი დაძველებისათვის.

მაღალ გემურ თვისებებს და ბუკეტს კრახუნას ღვინო 10_15 წლის ასაკში ივითარებს, მასთან იგი სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობით (40_50 წელი) ხასიათდება. საქარის საცდელ სადგურის ღვინის ბიბლიოთეკაში დაცულია კრახუნას ღვინო 1903 და მომდევნო წლების მოსავლისა, რომლებიც კარგად არის შენახული, მათ გადაბერების ან სიკვდილის (გახრწნის) ნიშნები ჯერ არ ემჩნევათ.

დასასრულს, ღვინის ქიმიური თვისებების დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია საქარის საცდელ სადგურზე პროფ. კ. მოდებაძის (2), მეცნ. კანდ. ვალ. დემეტრაძის (1) და ვლ. კინწურაშვილის მიერ შესრულებული ანალიზების შედეგები (იხ. ცხრ. 7).

როგორც მოტანილი ცხრილი გვიჩვენებს კრახუნას ღვინო მეტად მდიდარი ქიმიური ბუნებით ხასიათდება. ღვინის ალკოჰოლიანობა უფრო ხშირად 12_13% უდრის, ზოგიერთ წლებში კი 14 და 14,5% აღწევს. ექსტრაქტი მერყეობს 1,8_დან 2,7%, ხოლო საშუალოდ იგი 2,0_2,2% შეადგენს.

საერთო მჟავიანობა საშუალოდ 5_6‰ უდრის, გლიცერინის რაოდენობა ღვინოში საშუალოდ 0,6_0,8% უდრის, ხოლო ზოგიერთ ნიმუშებში 0,9% აღწევს. ასეთივე მდიდარი ქიმიური ბუნებით ხასიათდება კრახუნას ღვინო უკრაინის პირობებშიაც. იქ მისი სიმაგრე 14_15% უდრის, ხოლო ექსტრაქტი 2,7_2,9%.ვარიაციები და კლონები. კრახუნას ჯიშის ფარგლებში ვარიაციები გამოვლენილი არაა. საქარის საცდელ სადგურზე ამჟამად წარმოებს მუშაობა მაღალმოსავლიან მოდგმების გამოსავლენად, შესამოწმებლად და წარმოების პირობებში დასანერგად.

ჯიშის დადებითი თვისებებია: კარგი მოსავლიანობა, ყინვების მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა, ღვინის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინის დასამზადებლად და ადგილზე მოსახმარ სასუფრე ყურძნად.

საერთო შეფასება და დარაიონება

კრახუნა ადგილობრივი, ამჟამად მცირედ გავრცელებული ჯიშია, იგი შედარებით ადრე მწიფდება და სიმწიფის მესამე პერიოდის ვაზის ჯიშებს ეკუთვნის. ჯიში ძირითადად ზესტაფონის და მაიაკოვსკის რაიონში გვხვდება, კარგი მოსავლიანობით და ღვინის მაღალი ღირსებით ხასიათდება.კრახუნასაგან მზადდება ევროპული და იმერული ტიპის სუფრის და ნაწილობრივ (ცდების სახით) მაგარი და სადესერტო ღვინოები _ მადერა, პორტვეინი. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. გარდა ამისა კრახუნას ყურძენს მოსახლეობა იყენებს საჭმელად და შესანახად. ამ მხრივ მისი ყურძენი ყველა იმერულ საწარმოო ვაზის ჯიშებს ჯობნის, მაგრამ მისი ამ მიმართულებით გამოყენება მიზანშეუწონელია.

ჯიშის უარყოფით თვისებებს შეადგენს _ ჯიშის შედარებით სუსტი გამძლეობა მილდიუმის, ფილოქსერის მიმართ და ცუდი შეხორცება ზოგიერთ ამერიკულ საძირეებთან, აგრეთვე მარცვლების ლპობა, განსაკუთრებით ტენიან შემოდგომაზე. აღნიშნული უარყოფითი თვისებები ადვილი გამოსასწორებელია თანამედროვე მოწინავე აგროტექნიკის გამოყენებით.

ჯიში შეტანილია ვაზის სტანდარტულ ასორტიმენტში და ვრცელდება შუა იმერეთის რაიონებში. აღნიშნულ რაიონებს გარდა ჯიში შეიძლება რეკომენდებულ იქნეს დასავლეთ საქართველოს მევენახეობის სხვა რაიონებში ფერდობ და შემაღლებულ ადგილებზე გასაშენებლად.

კახეთში კრახუნა თავისუფლად მწიფდება, შედარებით ნაკლებად ზიანდება მილდიუმისაგან და მარცვლების ლპობასაც არ განიცდის. კრახუნა ფართოდ უნდა გამოიცადოს აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიაც (კახეთი).

კრახუნა პერსპექტიულია აგრეთვე საბჭოთა კავშირის მევენახეობის სამხრეთ და სამხრეთ_აღმოსავლეთ რაიონებში ფართო საწარმოვო გამოცდისათვის.