საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
სიახლეები
ხიდისთავში ახალი ტიპის ღვინის კაფე გაიხსნა
ხიდისთავში ახალი ტიპის ღვინის კაფე გაიხსნა
2017-06-11

4 ივნისს შიდა ქართლში, გორი-უფლისციხის გზაზე, სოფელ ხიდისთავში „ქართლის საოჯახო მარნების გაერთიანების“ ღვინის კაფე „ატენის კარიბჭე“, გაიხსნა, სადაც სტუმარს ასოციაციის წევრების ღვინოს სთავაზობენ. გახსნის შემდეგ კი სტუმრებს "ქართლის საოჯახო მარნების ასოციაციამ" უმასპინძლა.

„ქართლის საოჯახო მარნების ასოციაცია“ პასუხისმგებლობას იღებს, რომ „ატენის კარიბჭეში“ მხოლოდ  მაღალი ხარისხის პროდუქცია მოხვდება. ყველა ღვინო ასოციაციის მიერ შექმნილი კომისიის გავლით და ასოციაციის ხარისხის ნიშნით - „ღვინის ოსტატები“ - მოხვდება კაფეს დახლზე.

ღვინის არჩევანი არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ქართლის რეგიონით და ჯიშებით. „საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანება“ მეღვინეობის ყველა რეგიონის ათეულობით საოჯახო მარანს აერთიანებს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა წევრის ღვინო „ატენის კარიბჭეშიც“  იქნება წარმოდგენილი.

კაფეს მფლობელი და მასპინძელი ასოციაციის წევრი, ემზარ ჩიტუაშვილია, რომლის გულღია მასპინძლობა და გემრიელი სამზარეულო დიდხანს დაამახსოვრდებათ მის სტუმრებს. ფასები კაფეში არ არის ძვირი. მასპინძლების სურვილი, რომ მაქსიმალურად ბევრმა სტუმარმა შეძლოს საოჯახო ღვინოების გასინჯვა და დაფასება, ფასებზეც სასიამოვნოდ აისახება.

საქართველოს საოჯახო მარნების გაერთიანების დამფუძნებლის, ანდრო ბარნოვის თქმით, კაფეს კონცეფცია ასოციაციების საქმიანობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ფესტივალების, დეგუსტაციების, მეღვინეობის დარგის პროფესიონალების მიერ ჩატარებული ათეულობით სემინარის თუ კონსულტაციის შედეგად მრავალმა საოჯახო მარანმა შეცვალა მიდგომა მეღვინეობისადმი: ვენახში აღარ იყენებენ სისტემურ პრეპარატებს და ჰერბიციდებს, შეიცვალა სამარნე იარაღი, ჭურჭელი, დამოკიდებულება მარნის ჰიგიენის, ვენახის დატვირთვის, რთველის დაგეგმვის მიმართ. შედეგად მივიღეთ შესანიშნავი ღვინო და ათეულობით საუცხოო მეღვინე, რომლებიც მყარად მკვიდრდებიან ღვინის ბაზარზე.

 

 

სხვა სიახლეები