ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
ჩინური: სახელწოდების ეტიმოლოგიისთვის
ჩინური: სახელწოდების ეტიმოლოგიისთვის
2023-01-30

აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშთაგან ჩინური ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. მისი დასახელების შინაარსი, დიდი ხანია, თანამედროვე ქართველის ყურისთვის გაუგებარია და, ამიტომ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდება ხოლმე. მაგალითად, დღეს მრავალი მეღვინე აქტიურად იყენებს დასახელებას „ჩინებული" , აქაოდა, საუკეთესო რამააო. არის სხვა, მეტ-ნაკლებად კომიკური ინტერპრეტაციებიც და საინტერესო სამეცნიერო მოსაზრებებიც, თუმცა, ჩინურის ისტორიული მნიშვნელობის სარწმუნო ახსნა, ჩემი აზრით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ჩინის ფერი?

ყველაზე ნიშანდობლივია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ ჩინური უნდა მომდინარეობდეს ჩინ- ფუძიდან, რომელიც ძველად ზეთისხილის ფოთლის ფერს აღწერდაო. უნდა ითქვას, რომ ამ ვერსიის სისწორეში ბატონი ივანე დარწმუნებული არაა. აი, რას წერს იგი: „ჩინი ძველ ქართულში, საბას განმარტებით, ზეთის ხის ფოთლის ფერის აღმნიშვნელია. ამ ახსნის სისწორე ლექსიკოგრაფს 2 სჯულის წიგნით აქვს დამოწმებული, მაგრამ თავისა და მუხლის მითითება დაჰვიწყებია." როგორც აქ კარგად ჩანს, ივანე ჯავახიშვილი მხოლოდ სულხან-საბას ცნობას ეყრდნობა, მისი გადამოწმება კი ვერ მოუხერხებია და, სხვა საბუთის უქონლობის გამო, შემდგომ მსჯელობას ამ ცნობას აყრდნობს. შემდეგ კი ასკვნის: „მართლაც, ჩინურად სახელდებული ყურძნის მარცვლებსაც ხომ მომწვანო - მოქარვისფრო ელფერი აქვსო."
დავუკვირდეთ: ჩინ-ის მომწვანო - მოქარვისფრო ფერად მონათვლა სულხან -საბას არ ეკუთვნის. საბა მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ჩინი ზეთისხილის ფოთლის ფერიაო, მაგრამ რა ფერია ეს, არ აკონკრეტებს. არც რომელიმე ყურძენთან აკავშირებს.
ასე რომ, თუ ბატონი ივანეს ხსენებულ ვერსიას მკაცრად შევაფასებთ, ის არ არის ბოლომდე გამყარებული უტყუარი საბუთით. ის, მართალია, ჩინურს ჩინიდან წარმომდგარად მიიჩნევს, მაგრამ გაუგებარი რჩება, რატომ უკავშირებს ჩინ-ს მომწვანო-მოქარვისფრო ფერს. ჯერ ერთი, ასეთი ფერი ბუნებაში არ არსებობს და ზეთისხილის ფოთოლი კი ცალ მხარეს ხასხასა მწვანეა, ცალ მხარეს კი - მოვერცხლისფრო მოთეთრო.
ფუძე "ჩინი"-სთვის სულხან-საბა სამ მნიშვნელობას იძლევა. აქედან ერთია ზემოხსენებული "ზეთის ხის ფოთლის ფერი", მეორე - "თვალის ჩენა", მესამეზე კი ამბობს, რომ "სხვათა ენაა, ქართულად აკაური ჰქვიან კარაპსა". სხვაგან "აკაური" განმარტებულია როგორც "გედი" (თეთრი ფრინველი - ა.ბ.), კარაპა კი სომხურად ასევე „გედს" ნიშნავს.
ამრიგად, სანამ იმას გავარკვევთ, რამდენად შეიძლება „ჩინური"-ს ჩინ- ფუძე ყურძნის ფერს აღნიშნავდეს, ჯერ ის გვაქვს გამოსარკვევი, თუ კონკრეტულად რა ფერს შეიძლება აღნიშნავდეს და, საერთოდ, შეიძლება თუ არა, ფერს მიემართებოდეს იგი.
შესაძლებლობა მრავალგვარია. იმის გამო, რომ ზეთისხილის ფოთლის ფერი თავისთავად ერთგვარი არ არის, შესაძლოა, ჩინ- სულაც არ არის ფერი; თუ მაინც რომელიმე ფერია, მაშინ შესაძლოა, თეთრი, ან მწვანე იყოს. შესაძლოა, აგრეთვე, თავდაპირველი მნიშვნელობა სრულებით სხვა ქონოდა და რომელიმე ფერი მხოლოდ ალეგორიულად აღენიშნა; შესაძლოა, ფერი კი იყო, მაგრამ ყურძნის რომელიმე სხვა მახასიათებელს მიემართებოდა, არა - მარცვალს ან მტევანს;
ამიტომ, სანამ ივანე ჯავახიშვილის დასკვნის სისწორეზე ვიმსჯელებთ, პირველ რიგში ის გვაქვს გამოსარკვევი, თუ სინამდვილეში რა ფერია სულხან-საბას მიერ მოცემული „ჩინი - ზეთის ხის ფოთლის ფერი". ანდა, არის კი, საერთოდ, რომელიმე ფერი?
***
რადგან ზეთისხილის ფოთოლზე ვლაპარაკობთ, რომელიც ცალი მხრიდან მწვანეა, მეორე მხრიდან კი თეთრი/ვერცხლისფერი, პირველ რიგში ვაზთან მის მსგავსებას უნდა შევხედოთ. მართლაც, არსებობს ზოგიერთი ვაზი, რომელიც შებუსვისას ცალი მხრიდან მწვანე რჩება, მეორე მხრიდან კი თეთრი ქათიბით იფარება. იქნებ, ჩინ- ფუძე რამენაირად სწორედ ამ ორფერ ფოთოლს აღნიშნავდეს? ასე ვიფიქრებდით, მაგალითად, გორულ მწვანეზე რომ გვქონდეს საუბარი, მაგრამ ჩინურის ჯიშის ვაზი ასეთი ნამდვილად არაა და, ამიტომ, ჩინურის ფოთოლთან ამ ძირის მიმართება უნდა გამოვრიცხოთ.
ზეთისხილის ფოთლის ფერი ძნელი დასაკავშირებელია ჩინურის ნაყოფთანაც. მწიფობისას სხვა მრავალი ჯიშის ყურძნის მარცვალი იღებს ჩინურის მსგავს ფერს, ჩინურის მარცვალი კი არც მომწვანო-მოქარვისფროა, არც - მწვანე და არც - ვერცხლისფერი. როგორც წესი, მწიფე ჩნური მოყვითალო-მოქარვისფროა, მწვანე ელფერი ნამდვილად არ დაკრავს. ასე რომ, თუ ჩინ- ფუძე თერთ-მწვანე ფოთოლს აღნიშნავდა, მაშინ ჩინურის ნაყოფთან კავშირიც უნდა გამოვრიცხოთ.
ქართულ ენაში ჩინ- ფუძის გამოყენება ფერის აღსანიშნად ჩემთვის ცნობილი სხვა წყაროებით არ დასტურდება. არც ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი, არც იდიომების, ეტიმოლოგიური, განმარტებითი თუ სხვა ლექსიკონები ამ განმარტებას არ ადასტურებს . ამის გარდა, სპეციალურად გადავამოწმე ქართლის ცხოვრებისა და ვეფხისტყაოსნის სრული ტექსტები და ჩინ- ფუძის გამოყენება ფერის მნიშვნელობით ვერსად დავადასტურე.
ამ ფონზე, ფაქტი, რომ ამ სიტყვას სულხან საბა იცნობს, ორ შესაძლებლობაზე მიუთითებს: (1) სიტყვა გვიანაა შემოსული ქართულში, ან (2) სიტყვა ადრევე არსებობდა, მაგრამ "ფერს" მხოლოდ გადატანითად აღნიშნავდა, პირველადი მნიშნვნელობა კი სხვაა. საყურადღებოა, რომ სულხან საბა არსად ახსენებს ამ ძირის რაიმე კავშირს ვაზთან და, კერძოდ, ყურძენთან. ყურძენთან და კერძოდ „ჩინურთან" ამ სიტყვის დაკავშირება მთლიანად ივანე ჯავახიშვილის მსჯელობის შესაბამისად მოხდა.
თუ "ჩინი" მართლაც ფერია და ქართული სიტყვაა (საბა არ უთითებს, უცხო სიტყვააო), მაშინ მომიჯნავე ფორმები და მნიშვნელობები ქართულ ენაშივე უნდა იძებნებოდეს, ან ამის ირიბი დასტური მაინც უნდა ჩანდეს სხვა ფუძეეებში. თუ ეს ფორმები არ დასტურდება, მაშინ მისი ნასესხობის ვერსია იქნება განსახილველი. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ სამი ომონიმიდან ერთის შესახებ თავად სულხან-საბა გვეუბნება, რომ „სხვათა ენააო" (ჩინი: აკაური, გედი). იქნებ, ზეთის ხის ფოთლის ფერი „ჩინიც" სხვათა ენა იყოს და სულხან-საბას, უბრალოდ, აღნიშვნა გამორჩა?
ამ და სხვა დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემას ნაბიჯ-ნაბიჯ, ქვემოთ განვითარებული მსჯელობის მსვლელობისას ვეცდებით.

ჩნ/ცნ ბგერათკომპლექსის ქართული სემანტიკა

სიტყვაწარმოების თვალსაზრისით, ჩინური ნაწარმოებია ჩინ- ფუძეზე -ურ სუფიქსის დართვით. ანუ, მასში გამოიყოფა ჩინ ძირი, რომლის ისტორიული სემანტიკაც უნდა ვეძებოთ.

ცნობილია ჩენ/ჩინ ძირის მნიშვნელობები, საიდანაც ერთი ანბანის 26-ე ასოს აღნიშნავს (რიცხვითი მნიშვნელობა - 1000), ერთი კი - სინათლეს, ნათებას, მზერას (თვალის ჩინი). ეს მნიშვნელობა სულხან-საბას სამი ომონიმიდან მეორეს (თვალის ჩენა) შეესაბამება, თუმცა ჩვენ უნდა ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ, ზეთის ხის ფოთლის ფერთანაც ხომ არ შეიძლება იყოს ის კავშირში.

ქართულ ენაში ჩნ / ჩან / ჩინ / ჩენ ბგერათკომპლექსი ხმოვანმონაცვლე ფუძის სახითაა ცნობილი: (მი)-ჩან-ს (მი-ჩნ-ს); ა-ჩენ-ს / (გა)ა-ჩინ-ა. ამ პირველადი მნიშვნელობებისგან შემდეგში ნაწარმოებია მრავალი სხვა მნიშვნელობა, როგორიცაა, მაგალითად: საჩინო, ჩინებული (საუკეთესო), გამოჩენილი (ცნობილი), განაჩენი (დასკვნა, გადაწყვეტილება), უჩინარი (უხილავი, გამქრალი), გაჩენა (მოვლინება, დაბადება), ჩუენება (დანახება), ჩინება (ხმობა) და მრავალი სხვა. განსაკთრებით თვალშისაცემია:

„ნათელი", „ხილული", „არსებული" < > "უხილავი", „მალული"
ჩინ/ჩენ- ფუძეში ადვილად იძებნება ხედვის, საგნების სინათლეზე აღქმის, უფრო ზუსტად კი - საგნების სიბნელიდან სინათლეზე გამონათების პირველადი სემანტიკა: ჩანს ის, რაც სინათლეზეა, გამოჩინებულია, სინათლეზე გამოტანილია. მაგრამ ჩინი თავადაა გამონათების, გაცოცხლების უნარი, რადგან თუ ვინმემ ჩინი დაკარგა, მაშინ ის უ-ჩინ-არ-ი, უ-ჩინ-ო ხდება, ქრება, [ღმერთის] თვალთაგან იკარგება. ამგვარად, სა-ჩინ-ო საგნებს უპირისპირდება უ-ჩინ-ო საგნები, როგორც არსებულნი - არარსებულებს, როგორც ცოცხალნი - არაცოცხალთ. ამ აზრით, ჩინ- ცოცხალს, გა-ჩენ-ილ-საც აღნიშნავს.
„ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნა-ჩინ-ისა" (ვეფხისტყაოსანი, 419)
„პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?" (იქვე, 1213)
„მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა" (იქვე, 264)

„დაბადება", „მოვლინება", „გაჩენა"
ჩენ/ჩინ- ძირი რომ უშუალოდ უკავშირდება სიცოცხლის სემანტიკას, კარგად ჩანს გა-ჩენ-ა, გაა-ჩინ-ა ფორმებში - „მზის სინათლეზე მოავლინა" (დაბადა) მნიშვნელობით. როდესაც დედა შვილს გააჩენს (დაბადებს), ის მზის სინათლეზე მოავლინებს მას. როდესაც ვინმე რამეს აღმოა-ჩენ-ს // აღმოა-ცენ-ებს (აღმოა-ჩინ-ა // აღმოა-ცენ-ა), ისიც სიბნელიდან მზის სინათლეზე გამოიტანს დაკარგულს. იგივეს აკეთებს მ-ცენ-არე (წაიკითხე: მ-ჩენ-არე), როდესაც მიწის სიბნელიდან, არარსებობიდან მზის სინათლეზე (სიცოცხლეზე) გამოაღწევს. შესაბამისად, აქ კარგად ჩანს, რომ ქართული ენობრივი მსოფლხედვისთვის, არსებობა, სიცოცხლე უკავშირდება სინათლეს, სადაც, უჩინო მკვდართაგან განსხვავებით, ჩანან ცოცხლები.
„გამოჩენა", „მოვლინება", <კვალის დატოვება"
აჩნდა, ჩნდის:
"მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან" (1391)
„მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, არცა თუ ჰქონდეს დანანი." (1608)
„ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე" (1659)
„განკურნება" / "გა/დარჩენა"
ეს მნიშვნელობა კარგად ჩანს მორ-ჩენ-ა / მოარ-ჩინ-ა / და(რ)-ჩენ-ა // დაა(რ)-ჩინ-ა ფორმებში. განკურნება გაიგება როგორც ამქვეყნად დარჩენა.

„ცოდნა" / „შეცნობა"
ეს მნიშვნელობა გვიდასტურდება მია-ჩნ-ია / მი-ჩნ-ს ფორმებში. ასევე ცნ ალოფორმაში: ცნ-ობა, მა-ცნ-ე, ვი-ცან.

„მართალი", „ნამდვილი" < > ცრუ, მოჩვენებითი, არანამდვილი
„თუ ვერ ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უ-ჩინ-არი" (ვეფხისტყაოსანი, 132)
„უჩინარის" მნიშვნელობიდან ადვილად ვასკვნით, რომ სიტყვა „მ-ჩინ-არი", რომელიც ლექსიკონურად განმარტებულია როგორც „რაც ჩანს, მოჩანს", უფრო ძველ პლასტში უნდა აჩვენებდეს მნიშვნელობებს „მართალი", „ნამდვილი", „არსებული". ეს აზრი მტკიცდება „მცენარეს" განმარტებითაც, როგორც მ-ჩენ-არე, ანუ როგორც ის, რაც აღმოჩინდა თუ აღმოცენდა, რამაც ჩინი, ანუ არსებობა და ნამდვილობა მოიპოვა.

„ნათელი", "სინათლე"
ეჭვს არ იწვევს, რომ ქართული ენისთვის -ჩინ- ძირი ორგანულია. თუ გავითვალისწინებთ მის ზმნურ ფუნქციებსა და მნიშვნელობათა ძალიან ფართო სპექტრს, რომელსაც ეს ძირი აწარმოებს, შეგვიძლია თავიდანვე ვივარაუდოთ, რომ -ჩინ- ძირი ენის უძველესი პლასტის წარმომადგენელია და მისი პირველადი მნიშვნელობა არის „სინათლე", „ნათება". არ არის გამორიცხული, რომ უფრო ადრეულ ეტაპზე, ჩინი ასევე აღნიშნავდა თვალს, როგორც საგნების სიბნელიდან გამონათების უნარის მქონე ორგანოს. მასვე უნდა ჰქონოდა „ფოსოს", „ბუდეს", „ღრმულის" მნიშვნელობა (შდრ. წყაროსთვალი), სადაც წყალი ანუ სიცოცხლე დგება და საიდანაც უკვდავების ხე ამოდის.
სხვადასხვა მითოსში თვალი და ხედვის უნარი ცოცხლების ატრიბუტია. ღვთაებას თვალს პარავენ/თხრიან, რომ უნარები წაართვან/მოკლან, თვალის დაბრუნება კი მის აღდგომას (მზის სინათლის დაბრუნებას) ნიშნავს; ღვთაების თვალი ხეთურ, ბალტიურ, სლავურ თუ სემიტურ ტრადიციაში აღქმულია როგორც წყარო (სათავე), საიდანაც წყალი (პროტო ინდოევროპული *wódr̥, ძველ-სლავური voda, ბერძნ. ύδωρ- ა.ბ.), ანუ ცრემლები მოედინება (შდრ: ქართული „წყაროს თვალი" = წყლის სათავე). პერსონაჟი კვდება (მარილის სვეტად გადაიქცევა), როდესაც ტირილს წყვეტს, ანუ როდესაც მისი თვალი ცრემლს / წყალს / ცოდნას / სინათლეს აღარ იდენს, ანუ, როდესაც ჩინი აღარ აქვს. ამიტომ, აქვე განსახილველია ფორმები ცა, ციმციმი, ციცინი, რაც სინათლეს, ნათებას, ან თეთრ ფერს უნდა უკავშირდებოდეს.

„მცოდნე", „გრძნეული"
ცოდნის, სიბრძნის მოპოვების, გრძნეულობის ასპექტი ასევე სიცოცხლის ხის მითოლოგიური პარადიგმის წევრია და ეს საუკეთესოდ ჩანს ინდოევროპულ vid / ved ძირებში (შდრ: სლავური вид(еть) <> вед(ать)//ведь(ма) , ბერძნული εἶδον, οἶδᾰ). ჩვენთვის ეს შედარება საინტერესოა, რადგან ამ გზით ადვილად ვხედავთ ქართული -ჩნ- ბგერათკომპლექსის არამარტო ფონეტიკურ, არამედ - სემანტიკურ პარალელიზმს -ცნ- ბგერათკომპლექსთან, სადაც მე-ცნ-იერი, ვ(ი)-ცან, მა-ცნ-ე მნიშვნელობები გამოდის წინ. ამიტომ, უეჭველია, რომ ქართველებისთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ხალხთა დიდი უმეტესობისთვის, სიცოცხლის, სინათლის, მზერის, ცნობი(ერები)ს, სიბრძნის და მაგიის მნიშვნელობები ურთიერთ-დაკავშირებული იყო და ისინი ერთ დიდ მითოლოგიურ პარადიგმას წარმოადგენდნენ.

„ლაპარაკი", „კეთილმოუბრობა", „ენიანობა"
ამავე პარადიგმის ნაწილია ლაპარკის მნიშვნელობა, რაც მითში მდინარის სინონიმია „შემეცნებისა" და „ნათების" მნიშვნელობების პარალელურად. აქ შეგვიძლია მოვიაზროთ სვანური შონ-(იშ) ფორმა („ხსენება", „რამის შესახებ საუბარი") და, სავარაუდოდ, მასთანვე დაკავშირებული სვანი/სვანები თვითდასახელება შუა̈ნ- ფუძით (მუშუ̂ა̈ნ // შუ̂ანა̈რ) > მეგრ. შონ. ასევე - ურშუ̂ნა - უხსენებელი, „უჩინი" (გველი). აქ სვანი / სვანები თვითდასახელება მუ-შუა̈ნ, შუ̂ან-ა̈რ შეგვიძლია ვთარგმნოთ „ცოცხლების", „(გა)ჩენილების", „მოსაუბრეთა", „ენის მატარებელთა" პირველადი მნიშვნელობით, როგორც ოპოზიცია „უჩინოებთან"/უენოებთან. ვფიქრობ, ამავე სემანტიკას უნდა უკავშირდებოდეს ქართულში ფრიად გავრცელებული ჩიჩინი < ჩინჩინი (?), რომელიც ჩინ ფუძის რედუპლიკაციით უნდა იყოს მიღებული.
ჩამოთვლილი მნიშვნელობები პირდაპირ მიუთითებს სიცოცხლის ხის სიუჟეტზე, რომელსაც, ლოგიკურად, -ჩ(ც)ნ- ბგერათკომპლექსი შეიძლება უკავშირდებოდეს. საინტერესოა, რა კავშირი შეიძლება გვიჩვენოს ჩნ/ცნ - ბგერათკომპლექსმა ქართული სიცოცხლის ხის სიუჟეტში.

***

ამ მაგალითებიდან ჩანს, რომ ჩნ/ცნ ფუძე ქართულში მუდამ უკავშირდება სინათლეს, ხილვადობასა და სიცოცხლეს, თანაც სემანტიკათა ისეთ ფართო სპექტრსა და მრავალფეროვან წარმოებას აჩვენებს, რომ მისი ორგანულად ქართულ ძირად მიჩნევა სრულიად ლოგიკური უნდა იყოს. თუმცა, მნიშვნელობათა სიახლოვის მიუხედავად, არ ხერხდება ჩნ-ძირის დადასტურება უშუალოდ რომელიმე ფერის სემანტიკით.
ასე რომ, შუალედური დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჩნ/ჩინ/ჩენ- ძირი ორგანულად ქართულია, ღრმად ფესვგადგმულია ენის ორგანიზმში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ჩინურის" ჩინ- ფუძე გვიანდელი ბარბარიზმი აღმოჩნდება, მას ვერ ექნება პირდაპირი კავშირი სხვა ენობრივ ფაქტებთან.
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილია, ინახოს, როგორია პარალელურ ბგერათკომპლექსთა მითოლოგიური და ლინგვისტური გაფორმება იმ ენებში, რომლებთანაც საქართველოს ისტორიული მჭიდრო კულტურული ან პოლიტიკური ურთიერთობა აკავშირებს.
აქ ძირითადად გვაინტერესებს ალტაური, ინიდოევროპული და აფრო-აზიური (რომლის ნაწილია სემიტური ენები) ჯგუფები, რადგან ჩვენი განვითარება სწორედ ამ ისტორიულ გარემოში მიმდინარეობდა და სავარაუდო კონტაქტებიც აქვეა საძიებელი.

čn /cn /gn /tn ბგერათკომპლექსის მნიშვნელობები სხვა ენებში

შესადარებლად მნიშვნელოვანია, როგორ ვლინდება იგივე ბგერათკომპლექსი სხვა ენებში, სადაც ის ხშირ შემთხვევაში იმავე სემანტიკურ ველს (თეთრი / ნათელი / სუფთა) უკავშირდება.

ალტაურ ჯგუფში čn / cn / ĉn კომპლექსი მნიშვნელოვანი პარადიგმითაა წარმოდგენილი და მოცემულია c/t/g/j - n/l/r ალოფორმებით.
CN (TN)
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფუძე cn, რომელიც თეთრს, წმინდას, ნათელს ნიშნავს და ამოსავალი სემანტიკაა მრავალი სხვა სიტყვისათვის:
თეთრი "cine-reg" - თეთრი სითხე, რძე; očang (*ča-ng) - სითეთრე, რძის პროდუქტი; čelmyyh (čelmeg) - ნათელი, სუფთა; očen / qun / ХУН (~ цэн)- თეთრი წერო, გედი, čenhüü / čas - თოვლი, qa-čin [← qa-tïn] - საკვირველი, ბრწყინვალე; ნათება: čegen (*če-gen) - მნათობი, ვარსკვლავი,  цэгээ, კუმისი (აქლემის რძე/თეთრი); თვალი, წყარო: čegel - წყარო, წყაროსთვალი, საგუბარი; ნამდვილი, ცოცხალი - činar - თვისება, არსი [← ძვ. თურქ. *tïn, *tïnar, სუნთქვა] ამ სიტყვამ ბურიატულ, ხალხაურ, ყალმუხურ, ორდიულ დიალექტებზე შეინარჩუნა მნიშვნელობა „თეთრი" ǰing / čing - ჭეშმარიტი, მართალი, ნამდვილი (გაიგება როგორც „ის, რაც არსებობს") < ძვ. თურქული čïn ჭეშმარიტება, სიმართლე; მცოდნე - čečen - ბრძენი, მოხერხებული. ყირგიზულში - მჭევრმეტყველი, čeǰen - გული(ს ფიცარი), გონი (მეხსიერება) და ა.შ.

სემიტურ ენებში ჩვენთვის საინტერესო წარმოებას გვიჩვენებს ძირი ש-נ(sh-n), საიდანაც თითქმის ყველა ზემოხსენებული მნიშვნელობა იწარმოება:
თეთრი - Canarian (Ferro) achemen ‘milk' (<*a- šVmVn); Egyp. (Med.) smy ‘fat milk, cream. ზრდა, ცხიმი - Ugr. šmt, šmn // < Sem. *šam(an)- ‘fat, oil' (cf. SED I 248) < Afras. *sim-an- ~ *sin-am- 75 ‘oil, fat, (fat) milk': Brb.: Ghat isim ‘graisse (de tout animal)', ésim ‘graisse fondu', Qabyle ṯa-ssm-ṯ ‘graisse animal', Canarian (Ferro) achemen ‘milk' (<*a- šVmVn); Egyp. (Med.) smy ‘fat milk, cream'; W. Chad.: Jimi sin, Diri sinama ‘oil', E. Chad.: Somrai swānī, Kera sNn, Migama séwén, Sokoro súnu ‘oil'; N. Cush.: Beja símma ‘fat' (n.), C. Cush.: Bilin, Khamir, Qemant sna, Aungi sni ‘butter', E. Cush.: HEC: Gollango šiinan-ko ‘fat', Gawwada (Dalpena) šiinán-ko, pl. šiinam-aane ‘butter', S. Cush.: Qwadza sum- ‘to milk'. ნათება - Sem. *saw- > Hrs. ẑawt // MSA: Hrs. ẑaw, Mhr. Zaw; ნამდვილი, ცოცხალი - נְשָׁמָה (ne-sham-ah) - სიო, სული, სუნთქვა, დაბადებული, ცოცხალი არსება, გონება; მცოდნე - מַשְׁכִּיל (ma-skil) - ბრძენი, მცოდნე. პროტ. სემ. *šVrVH-. აქად. šerû; სინათლე - პროტ. სემ. *ŝam(ŝam)-; საუბარი - לְשׁוֹן (la-shon) - ენა

ინდოევროპულ ენებში ანალოგიურად გავრცელებულია ძირი gn/cn/kn, პრაქტიკულად იმავე სემანტიკური პარადიგმით. ისინი ნაწილობრივ უკვე ვახსენეთ ზემოთ და, ამიტომ, აქ მეტად არ შევჩერდებით.
ეს პარალელები აჩვენებს, რომ „ჩინ"-ის მნიშვნელობები ქართული ძირის ბუნებრივი განვითარება კი არ არის, არამედ ფართო ენობრივი რეგიონის საერთო მახასიათებელი.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, საკმაოდ უცნაური რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ერთის მხრივ, აშკარაა, რომ ჩნ ძირი ორიგინალური ქართული განვითარებისაა და ისეთ სემანტიკურ რიგს აწარმოებს, საიდანაც "თეთრი" მნიშნველობის მიღება ძალიან ადვილი უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ქართულისთვის ორგანული ჩანს "ჩინ/ჩენ" ფუძის გამოყენება ნათლის, სინათლის მნიშვნელობით, უშუალოდ ფერის მნიშვნელობა კი არ დასტურდება. ამიტომ, უფრო მოსალოდნელია, რომ ფერის მნიშვნელობით ამ ძირის გარედან შემოსვლა ვივარაუდოთ.
როგორც ვნახეთ, სულხან საბა ჩინი-ს ერთ-ერთ ომონიმს სხვათა ენად განმარტავს და „გედის" მისთვის მნიშვნელობას იძლევა. ჩვენს მიერ მოძიებული მონღოლური სიტყვის očen / qun / ХУН (~ цэн) მნიშვნელობა კი ანალოგიურად არის "თეთრი წერო, გედი", ანუ „თეთრი ფრინველი". ამას გარდა, როგორც ზემოთაც დეტალურად გამოჩნდა, იმავე ძირით აღნიშნავდნენ მონღოლები მრავალ თეთრ საგანს (რძე, ცხიმი) და საკუთრივ თეთრ ფერსაც.
სამწუხაროდ, სულხან-საბა ზეთის ხის ფოთლის ფერის აღმნიშვნელ "ჩინ"-ზე არ უთითებს, უცხო სიტყვააო, თუმცა აქ ცხადად ჩანს, რომ ამ შემთხვევაშიც, ჩინი სწორედ თეთრია და ზეთის ხის ფოთოლს, როგორც ჩანს, მისი ცალი მხრის სითეთრის გამო მიემართებოდა, ანდა - ახალგაზრდა ფოთლების ვერცხლისფერი შეფერილობის გამო.
შეიძლებოდა, რომ ბარბარიზმი „ჩინი" (თეთრი) ყურძნის დასახელებას დადებოდა საფუძვლად? - ცხადია, შეიძლებოდა და ამის მაგალითები საკუთრივ ქართულში გვაქვს. ჩვენ ადრე განვმარტეთ „შავკაპიტო"/"კაპიტო" დასახელება სპარსული კაპოეტ (ლურჯი, მწვანე) ლექსემიდან, საკუთრივ ქართულში გვაქვს ყურძნის დასახელებები „თეთრა", „თეთრი". ფერის აღმნიშვნელი სიტყვები სხვადასხვა დროს ქცეულა ფრინველთა თუ თევზთა დასახელებებად (იგივე კაპუეტი/ხრამული) და ა.შ. ასე რომ, ჩინი - ბარბარიზმის შემოსვლა და მისი ყურძნის დასახელებაში დამკვიდრება სრულიად სარწმუნოდ გამოიყურება.
ამ ფონზე, მართებული ჩანს ივანე ჯავახიშვილის მიერ „ჩინური"-ს სულხან-საბასეულ „ჩინი - ზეთის ხის ფოთლის ფერთან" დაკავშირება, ოღონდ, იმ დათქმით, რომ ეს ფერი არის არა მომწვანო-მოქარვისფრო, არამედ - სწორედ თეთრი.
რაც შეეხება სულხან-საბას მიერ მოცემულ "ჩინის" მესამე მნიშვნელბას (თვალის ჩენა), ეს საკუთრივ ქართული უნდა იყოს. თავისთავად, ეს „საკუთრივ ქართული" ცალკე კვლევის თემაა, რადგან ხსენებული „ჩინი"-ც და ქართულ ენაში ფესვგადგმული სხვა მრავალი ძირი გასაოცარ მსგავსებას ავლენს სხვა ინდოევროპულ, ალტაურ თუ სემიტურ ძირებთან და ეს, თავის მხრივ, ქართველთა წინაპრების ხეთურ - ლუვიური მჭიდრო კონტაქტებით შეიძლება იხსნებოდეს, თუმცა მოცემული სტატიის ფარგლებში ასე ღრმად შესვლა შეუძლებელია.

***

ილია ჭყონია, 1910 წელს გამოცემულ მის სიტყვის კონაში ადასტურებს ფორმას ჩინურა, რაც მას გაზეთი ივერიას 1900 წლის რომელიღაც ნომერში, თედო რაზიკაშვილის ქართული ენის საუნჯის მასალებში უნახავს. გადასამოწმებლად, სათითაოდ, თუმცა წარუმატებლად ვძებნე 1900 წლის ივერიის ნომერები, თუმცა ათამდე ნომერი დაკარგულია და, ამიტომ, სრულყოფილი გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ილია ჭყონიამ ეს ფორმა მართლაც ნახა რაზიკაშვილის ნუსხაში, რაც ბუნებრივი იქნებოდა და იმას მოასწავებს, რომ ფშავში გამოიყენებოდა ფორმა ჩინურა, ან -ურ-ა და -ურ-ი დაბოლოებები პარალელურად გამოიყენებოდა. ჭყონიას სიტყვის კონაში ის განმარტებულია, როგორც თეთრი ყურძენი. თეთრი ყურძნის რომელიმე კონკრეტულ ჯიშს აღნიშნავდა ეს ფორმა, თუ - ზოგადად თეთრ ყურძენს, ავტორს მითითებული არ აქვს. ერთი კია, რომ დღესაც კი, ქართლში ჩინურს ბევრი ეძახის ნებისმიერ თეთრ ყურძენს, ანუ ის ხშირად კრებსითი მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც თეთრყურძნიანი ჯიშების ზოგადი დასახელება. ეს გარემოება ჩინურის მნიშვნელობის ამოსახსნელად მნიშვნელოვანი მგონია.
ასე რომ, საბოლოოდ დავასკვნათ: მიუხედავად იმისა, რომ ჩნ ბგერათკომპლექსი ორგანულია ქართული ენისათვის, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩენ/ჩინ ძირები არსებითად იმავე სემანტიკურ რიგს აწარმოებენ რასაც ინდოევროპული, სემიტური თუ ალტაური ენები, ისტორიული შესწავლით დგინდება, რომ სიტყვა „ჩინი", როგორც თეთრი ფერის აღმნიშვნელი, აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა გავლენითაა შემოსული, სავარაუდოდ, XIII-XIV საუკუნეებში. როგორც ჩანს, მონღოლთა განდევნის შემდეგ ეს სიტყვა ამოღებულ იქნა ხმარებიდან და მხოლოდ წარმოებულ სიტყვებში დაგვრჩა, რუდიმენტული ფუძის სახით. სწორედ ამ გარემოების ასახვას ვხედავთ „ჩინურის" მაგალითზე.
საბოლოოდ, დავასკვნათ, რომ ყურძნის დასახელება ჩინური ნიშნავდა უბრალოდ "თეთრს"/"თეთრ ყურძენს", რაც ბუნებრივია და, ასევე, ქართლში ამ ჯიშის ოდითგანვე დომინანტურ გავრცელებაზე მიუთითებს.
ანდრო ბარნოვი ©
21.02.2023

სიახლეები