ასოციაცია ღვინის ოსტატები
  • კალათაშია :
  • image 0
კალათშია : 0
ავტორიზაცია
ღვინის ბლოგი
მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში. თეოფილ დეიროლი
მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში. თეოფილ დეიროლი
2023-01-27

ანა ჭეიშვილი

თეოფილ დეიროლის "მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში".

ქართული წყაროთმცოდნეობა XXIII. 2021. გვ.236-246 // Ana CHEISHVILI. Viticulture in the Western Caucasus Provinces by Théophile Deyrolle. Georgian Source-Studies. XXIII. 2021.pp.236-246 

  

 

 

1869 წელს, საფრანგეთის საიმპერატორო და მთავარი მებაღეობის საზოგადოების კრებულში გამოქვეყნდა ფრანგი ენტომოლოგისა და მხატვრის, თეოფილ დეიროლის (1844-1923) სტატია „მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში" (Théophile Deyrolle. La viticulture dans les provinces occidentales du Caucase. Journal de la société impériale et centrale d'horticulture de France. 2e série, Tome III. Paris : Au siège de la Société, 1869. pp. 489-506.). დეიროლმა ამავე წელს იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში და ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშების ნიმუშები მოიძია მათი საფრანგეთში გაგზავნის მიზნით. სწორედ ამ მოგზაურობის დროს შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერა ავტორმა ეს სტატია, რომელიც ევროპულ სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ პირველ პუბლიკაციას წარმოადგენს. ავტორი აღწერს XIX საუკუნეში საქართველოში გავრცელებული ვენახის ფორმებს, მათ მოვლას, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდსა და ღვინოებს. ამავე დროს, ეს კრიტიკული სტატიაა, რომელშიც დეიროლი ცდილობს, იმ პერიოდის ფრანგულ ლიტერატურაში საქართველოს მეღვინეობის შესახებ არსებული ცნობების დაზუსტებას და, ასევე, საკუთარ აზრს გამოთქვამს ქართული ღვინის შესახებ. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტორის მიერ სტატიაში ჩამოთვლილი ვაზის ჯიშების აღწერა, რომელთაგან ზოგიერთის დასახელება დღეისათვის უცნობია და სამომავლო კვლევას საჭიროებს. აღნიშნული სტატია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართათვის მნიშვნელოვანი წყაროა.

თეოფილ დეიროლის მიერ სტატიაში მითითებული ბატონი დე ლ***-ს პიროვნების დაზუსტებისათვის, აღვნიშნავთ, რომ აქ სავარაუდოდ იგულისხმება ბარონი დე ლონგოილ, საქართველოში დამკვიდრებული ფრანგი მევენახე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ენდემური ჯიშების ევროპის სანერგეებში გაგზავნაში. სწორედ მისი დახმარებით მოხვდა პირველ ევროპულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში ქართული ვაზის ჯიშების აღწერა. ფრანგული სტატიის შესაბამისად, თარგმანშიც ასევე დახრილი შრიფტით არის მოცემული ქართული სიტყვები, ვაზის ჯიშებისა და გეოგრაფიული დასახელებები.    

მევენახეობა კავკასიის დასავლეთ პროვინციებში[1]

თეოფილ დეიროლი  

მოგზაურობისას, რომელიც წელს წამოვიწყე ამიერკავკასიის დასავლეთ პროვინციების ბუნების საკვლევად, განცვიფრებული დავრჩი ზოგადად მცენარეულობის სიუხვით, რომელიც ზაფხულის ცხელი ჰავისა და ხშირი წვიმების გავლენით გასაოცარ ზომებს აღწევს. არაფერია იმაზე უფრო საუცხოო სანახავი, ვიდრე ტყეებით დაფარული იმ დიდი მდინარეების ხეობები, რომლებიც ამ მხარეს რწყავს. ყველაზე მეტად გავრცელებულ მარცვლეულს შორის სიმინდი და ღომი აღწევს გასაოცარ ზომებს. ვაზი განსაკუთრებით უხვად ხარობს; მე მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებოდი ხან გაველურებულს, ცოცხალ ღობეებსა თუ ბუჩქნარს შორის ან ტყეში ხეებზე გაშვებულს, ხანაც კულტივირებულს, მაგრამ ისეთივე სიძლიერით მცოცავს ავად თუ კარგად გასხლულ ხეებზე. ერთმანეთისგან დაშორებით მდგარ სახლებიან სოფლებში ყოველი საცხოვრებლის გარშემო არის შემოღობილი ადგილი, სადაც გრძელ ხარდანზე დაყრდნობილი ვაზი სიმინდშია შერეული. უფრო მშრალ და მთიან მხარეებში - რაჭასა და ლეჩხუმში - ვნახე ვენახები, რომლებმაც თავისი პატარა სარებზე დამაგრებული ან მიწაზე გაწოლილი ვაზით ჩვენი ფრანგული ბექობები მომაგონა.

მე ვიფიქრე, რომ შესაძლებელია, ვინმე დაინტერესდეს იმ მარტივი და იშვიათი მეთოდებით, რომლებსაც ქართველები ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენებისას მიმართავენ და თავი მოვუყარე ადგილზე გაკეთებულ ჩანაწერებს. უსაზღვროდ დიდი სამსახური გამიწია კავკასიაში მრავალი წლის წინ დამკვიდრებულმა მევენახეობის ფრანგმა სპეციალისტმა ბატონმა დე ლ***-მ, რომელმაც მომაწოდა ცნობები სტატისტიკისა და სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რომელთა დადგენაც მე თვითონ ვერ შევძელი. სწორედ ამ შესანიშნავ მეგობარს უნდა ვუმადლოდეთ, თუ ეს მცირე ნაშრომი ერთ დღეს ვინმეს გამოადგება.

ვაზი უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი კავკასიის ყელში და, გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი უნდა იყოს მისი აკვანი; სწორედ აქედან უნდა გავრცელებულიყო იგი მცირე აზიაში, არქიპელაგის კუნძულებზე, საბერძნეთსა და დანარჩენ ევროპაში.

თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ამ ძვირფასი მცენარის გაკულტურება და გაუმჯობესება სხვაგან მოხდა და მისი ახალი სახეობები კავკასიაში დასახლებულმა ბერძენთა, რომაელთა, გენუელთა და გერმანელთა კოლონიებმა უკანვე შემოიტანეს. რასაკვირველია, კავკასიური ვაზის ჯიშების შედარებითი შესწავლა საფრანგეთში ცნობილ რამდენიმე ჯიშთან მათი იდენტურობის დადგენის საშუალებას მოგვცემდა.

ამ ფაქტს მხოლოდ იმისთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენი კოლექციონერების ყურადღება გავამახვილო იმ კვლევაზე, რომელიც ყველასთვის საინტერესო და გამოსადეგი იქნებოდა.

აქ გადმოგცემთ მოკლე რეზიუმეს დარგვის, გაშენებისა და გასხვლის სხვადასხვა ფორმების შესახებ, აღვწერ ღვინის დაყენების მეთოდებს და, დასასრულ, მოგაწვდით ღვინოებისა და ვაზის ჯიშების ჩამონათვალს. მე ვესტუმრე სხვადასხვა ვენახებს,  პირადად შევძელი მათ შესახებ მემსჯელა და შევეცდები უარვყო  შეცდომები, რომლებიც ბატონ ჟულიენს გაეპარა თავის შესანიშნავ წიგნში „ყველა ცნობილ ვენახთა ტოპოგრაფია"; ამ შეცდომების წყარო იყო ტფილისში საფრანგეთის ყოფილი კონსულის, გამბას მიერ მიწოდებული არასწორი ცნობები.

სამეგრელოს, იმერეთის, გურიისა და აფხაზეთის სხვადასხვა მაზრებში არსებობს ვაზის გაშენების სამი სხვადასხვა წესი: მაღლარი ვენახი, ანუ ხეებზე გაშვებული, საშუალო ვენახი და დაბლარი ვენახი.

მაღლარი ძირითადად გაშენებულია ან დაბლობში, ან ფერსათისა და კავკასიონის ქედების ქართულ განტოტებებსა და ფერდობებზე, მდინარის ნაპირებზე ალუვიურ ნიადაგში, ან ნესტიან ადგილებში წყაროების მახლობლად.

თხუთმეტი, ზოგჯერ კი ოცი ან ოცდასამი მეტრის სიმაღლის ხის ძირში ათავსებენ გადანაწვენს, ორი წლის დაფესვიანებულ მცენარეს, რომელიც მეზობელი ვაზის რქის გადანაწვენიდან მოდის. ერთი ან ორი წლის განმავლობაში იგი უხეშად არის მიბმული იმ ხის ძირზე, რომელმაც ის უნდა დაიჭიროს და როგორც კი ხის პირველივე ტოტებს მიაღწევს, მას თავის ნებაზე მიუშვებენ, შემდეგ კი მალე იგი ხის კენწერომდეც ადის.

ხშირად ადამიანის ჩარევით ან ქარის დახმარებით, ვაზის რქები მეზობელ ხეებს ეჭიდება და მათ ფარავს. ამგვარად, არც თუ იშვიათად, ვხედავთ, თუ როგორ ამშვენებს ერთი ძირი ვაზი ხუთი ან ექვსი ასწლოვანი ხის კენწეროს. ზოგჯერ ვაზის ვარჯიდან წამოსული ნამხრევი გადაწვენილია და მიემართება ყველაზე მახლობელი ხის ტანისკენ, რომელიც მისი საყრდენი უნდა გახდეს. ხდება ხოლმე, რომ ვაზის განუსაზღვრელი რაოდენობის გადანაწვენი მიდის დედა ვაზიდან და მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო თუ მოსწყდება მას.

ამგვარი ვენახები, რომლებიც რამდენიმე ასეული ვაზისგან შედგება და ძირითადად გაშვებულია ხურმისა და თხმელის ხეებზე, ყველაზე თვალწარმტაცი და, ამასთანავე, ველური სანახაობაა. ბევრგან ვნახე 30 სმ დიამეტრის ვაზები, რომლებიც მთლიანად შთანთქმული იყო 2 მეტრზე მეტი გარშემოწერილობის ხეების მერქანში.

შედარებით უკეთ მოვლილ ვენახებში 5-6 წელიწადში ერთხელ ვაზის საყრდენ ხეს წალდით ან ცულით უხეშად აჭრიან მსხვილ ტოტებს, რათა ყურძენს დამწიფება გაუადვილონ. შემდეგ, ერთგვარი სასხლავი დანით აცაბაცად ჭრიან ვაზის რქებს, გასხვლის ყოველგვარი წესის დაცვისა და მომდევნო მოსავალზე ზრუნვის გარეშე.

როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ეს ვაზები დარგულია უზარმაზარი ხეების ძირში, ნესტიან და ჭაობიან ადგილებში. ცხოველები ქერქს აცლიან და ასახიჩრებენ ვაზს, რომელიც ამგვარი ცუდი პირობების მიუხედავად ნაცრის შემოსვლამდე საკმაოდ დიდ მოსავალს იძლეოდა. ამასთანავე, ძლიერ იშვიათია ამგვარ ვაზზე უნაკლოდ სრული და თანაბარი სიმწიფის მტევნების ნახვა. ორპირი ქარი, აღმოსავლეთის ძლიერი ქარები და კავკასიისთვის ასე დამახასიათებელი ტემპერატურის უცაბედი ცვლილება ვაზის ყვავილობისას მომავალი მარცვლის, სულ მცირე, ერთ მესამედს აცვენს და მეორე მესამედს კი წვავს.

ვაზის გადაჭარბებული სიმაღლე, შესაძლებელია ყურძნით დატვირთული ტოტების გადამეტებული სიგრძეც, მთიან რეგიონებში ღამით ტემპერატურის მნიშვნელოვანი ვარდნა, გამთბარი მიწიდან არეკლილი სითბოს არარსებობა იმდენად აგვიანებს ყურძნის დამწიფებას, რომ ხშირად მაღლარში რთველი იწყება 15 ნოემბრის შემდეგ, მაშინ, როდესაც ხეების ძირში უკვე 30 სმ სიმაღლის თოვლი დევს. ამ დროისთვის, ყურძნის კარგა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის სრულად დამწიფებული და ვინაიდან ადგილობრივი მცხოვრებლები არანაირ გადარჩევას არ მიმართავენ, ამიტომ მიღებული პროდუქტის ხარისხი ძალიან გაუარესებულია. მეორე მხრივ, ღვინის დუღილი, რომელიც მხოლოდ 3-4 გრადუსი ტემპერატურის პირობებში და ცუდად გადახურულ ადგილას მიმდინარეობს (ამის შესახებ ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ), ძლიერ არასრულია და ხელახლა იწყება გაზაფხულის პირველივე სითბოს დადგომასთან ერთად, რაც ღვინის ამღვრევასა და ხშირად მის გაფუჭებას იწვევს.

იმერეთში ხეებზე გაშვებული ძირითადი ვენახები მდებარეობს ბაღდათში, ქუთაისის მაზრაში, და ბაღდათიდან სამი ვერსით დაშორებულ დიმში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვენახები ეკუთვნით თავად ჩხეიძეებს. შემდეგ მოდის რიონის პირას მდებარე ამაღლების ვენახები საჩხეიძეოს უძველეს პროვინციაში და სალომინაოს ვენახები.

გურიაში ეს არის ჩოხატაურის ვენახები, რომლებიც გურიის ძველ ერისთავებს, თავად შერვაშიძეებს ეკუთვნით, ოზურგეთის მახლობლად - ვარდანიძეთა ოჯახის კუთვნილი ლეხაურის ვენახები და გურიანთის ბექობებზე - თავად მიხეილ ნაკაშიძის ვენახები.

ხეზე გაშვებული ვენახის კულტურა ყველაზე მეტად სამეგრელოშია გავრცელებული. სამწუხაროდ, რიონისა და ცხენისწყლის ხეობის ყველა ვენახი, რომლებიც დიდი რაოდენობით იძლეოდა ყოველდღიური მოხმარების ღვინოს, თითქმის მთლიანად გაანადგურა ნაცარმა. ვერც მისი უბრწყინვალესობის, სამეგრელოს მთავრის ნიკო ჩიქოვან-დადიანისა და მისი ბიძის, კონსტანტინე დადიანის კუთვნილი ოჯალეშის სახელგანთქმული ვენახი გადაურჩა ამ უბედურებას.

აფხაზეთსა და სამურზაყანოში, რომლებიც ასევე ნაწილია კავკასიის დასავლეთ პროვინციებისა, არის ხეებზე გაშვებული რამდენიმე ვენახი. აფხაზეთის ძველ მმართველს, თავად მიხეილ შერვაშიძეს ასევე ჰქონდა კარგი ხარისხის მსუბუქად შამპანურისებრი ღვინო, მაგრამ ეს პროვინციები, ისევე როგორც ახალციხისა, თითქმის მთლიანად მუსლიმურია და ამიტომ იქ ცოტა ვენახია.

საშუალო ვენახი, ანუ ოლიხნარი, მიუხედავად იმისა, რომ მაღლართან შედარებით ნაკლებ ფართობზეა გაშენებული, გაცილებით უფრო მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. ოლიხნარს ყველაზე ხშირად რგავენ ფერდობებზე, ან ზღვის დონიდან შედარებით ამაღლებულ ვაკეზე, სადაც ტენიანობა ნაკლებია.

ეს ვენახები ძირითადად შენდება ორწლიანი დაფესვიანებული გადანაწვენი ნერგების ან კალმებისგან. სავენახე ადგილას მიწას წინასწარ ამუშავებენ ხის გუთნით, რომლის ფორმაც, დარწმუნებული ვარ, ნოეს შემდეგ არც კი შეცვლილა, და ფარცხავენ ტოტებისგან დამზადებული ლასტით, რომელსაც ხარები მიათრევენ და რომელზეც ადამიანი დგას. შემდეგ ნახევარნიჩბის ფორმის ხის უხეში იარაღის - ძელბარის საშუალებით, ორივე მიმართულებით ავლებენ თითქმის სწორ ხაზებს. გადანაწვენს ან კალამს, აქ ცნობილი ერთადერთი ხელის სამუშაო იარაღის - თოხის საშულებით გაკეთებულ ორმოებში ათავსებენ.

ახალგაზრდა ნერგს გასხვლისას 5-6 კვირტს უტოვებენ მიწის ზემოთ, შემდეგ კი ორი წლით ასვენებენ. რიგებს შორის თესავენ სიმინდს, იმისათვის რომ ნერგები მზემ არ დაწვას და ხელი შეუწყოს მათ გახარებას.

დარგვიდან მეორე წელს ვაზს მიწის ზემოთ ორ კვირტზე სხლავენ. აქედან ვითარდება 4 ძლიერი ყლორტი, რომლებიც ზოგჯერ 5-6 მეტრს აღწევს. მომდევნო ზაფხულს ვაზის ძირიდან წამოსულ ახალგაზრდა ყლორტებს დანით ან წალდით ფრთხილად აჭრიან სიგრძის ნახევარს. რა თქმა უნდა, ვენახის მთელი არსებობის მანძილზე სიმინდი მუდამ არის დათესილი ვაზის რიგებს შორის.

მეორე გასხვლისას ვაზის ძირიდან ამოსულ სამ ყველაზე სუსტ რქას აცლიან და დარჩენილი ყლორტი 2 კვირტზე ისხვლება, ანუ მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე, რადგან, როგორც უკვე აღვინიშნეთ, ვაზის ძირში ყველა კვირტი სათუთად იყო მოცლილი წინა ზაფხულს. შემდეგ ყოველი ვაზის ძირში, ისე, რომ რიგში სისწორეს არანაირი ყურადღება არ ექცევა, არჭობენ 2-დან 4 მეტრამდე სიგრძის ხარდანს, და მასზე რქას ერთი ან ორი ბმით აბამენ. დარჩენილ 2 კვირტზე ოთხი ახალი ყლორტი ვითარდება და რამდენიმე მტევან ყურძენს ისხამს. სწორედ მესამე გასხვლისას იწყება რეალურად ვაზის დამაგრება ოლიხნარზე: ვაზის ძირში 2 ტოტს ჭრიან; მესამეს სხლავენ 2 ან 3 კვირტზე; მეოთხეს უბრალოდ შეჭრიან 8 ან 10 კვირტზე, ახვევენ, ზოგჯერ ტეხენ კიდევაც, ხარდნის გარშემო და თავით დაბლა აბამენ. მომდევნო გასხვლებიც იმავე პრინციპით ხდება - იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ვაზი, და თითოეულ ძირზე ვაზის სიძლიერის შესაბამისი რაოდენობის ყურძნით დატვირთულ ტოტს ტოვებენ.

რვა-ათი წლის ვაზები ერთმანეთში უწესრიგოდ არის არეული; მიწამდე დაშვებული ყურძნის მტევნებით დატვირთული ურიცხვი რქა ერთმანეთშია გადახლართული და ვაზსა და რიგებს შორის დათესილ სიმინდის ღეროებს ეხვევა. ვაზის ძირიდან ამოსული ნამხრევი მიწას ფარავს და ვაზს აუძლურებს. არავის მოსდის აზრად ნამხრევების და ზედმეტი კვირტების მოშორება, რაც მხოლოდ ყურძნის დამწიფებას კი არ გააადვილებდა და უკეთეს მოსავალს მოიტანდა, არამედ მფლობელებისთვის ზამთარში საქონლის გამოსაკვებად კარგი წყარო იქნებოდა - იმ ქვეყანაში, სადაც თივის მოგროვება სრულიად უცნობი რამაა და სადაც პირუტყვს ისღა დარჩენია, რომ 4 თვის მანძილზე გადამშრალ ტყეებში ძოვოს.

ზოგჯერ წარმოუდგენელი რამ ხდება! როდესაც მიწა აღარ იძლევა სიმინდის ხშირ და უხვ მოსავალს, მას მიატოვებენ ხოლმე. ცრუ სიმინდი, ღომი, დიდი ქოლგოსანი მცენარეები, მაყვალი მთლიანად იპყრობს მიწას. ამ დროს, საკუთარი სიზარმაცის გასამართლებლად გლეხების უმეტესობა ამბობს, რომ ბალახის გამარგვლა ნიადაგს გამოაშრობს და თესლის განვითარებას ხელს შეუშლისო. ეს მიზეზი სრულიად მიუღებელია, ვინაიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში, ნახევარზე მეტ დროს წვიმს ყველა იმ მხარეში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

მიუხედავად ამისა, ნაკლებად ზარმაცი ან უფრო საზრიანი რამდენიმე მფლობელი (ასეთები ძალიან ცოტანი არიან!), გულმოდგინედ მარგლავს საკუთარ ვენახებს და ისეთ შედეგებს იღებს, რომ მათ მაგალითს სხვებმაც უნდა მისდიონ: ვაზი გაცილებით უფრო ძლიერია, ყურძენი უფრო უხვი და ღვინო კი უკეთესი ხარისხის; მაგრამ უდარდელობა და უმოქმედობა იმდენად ჩვეულია ქართველთა ბუნებისთვის, რომ ეს ხალხი გაკილვის საგანი გამხდარა.

ერთი და იმავე სახეობის ყურძენი 2-3 კვირით უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე მაღლარ ვენახში. ერთნაირად ჩატარებული რთველი და დაყენებული ღვინო დაახლოებით მსგავს პროდუქტებს იძლევა. მხოლოდ ამ უკანასკნელი ვენახებიდან დაყენებულ ღვინოს ძირითადად ჩამიჩის გემო აქვს, რაც დიდი რაოდენობის დაჩამიჩებული მარცვლების გამოა, რომლებსაც რთვლის დროს არ აცლიან.

ისევე როგორც ყველგან, ნაცარმა მაღლარ ვენახებთან შედარებით ნაკლებად გაანადგურა ოლიხნარი. გოგირდის შეფრქვევა შეიძლება აქ წარმატებით იყოს გამოყენებული,  მხოლოდ თუ რუსეთის მთავრობა მოინდომებს გოგირდისა და საბერვლების საწყობების დაარსებას ქუთაისსა და მევენახეობის მხარეების ძირითად ცენტრებში და მათი გამოყენებით დაეხმარება მოსახლეობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიხნარები არის იმერეთში - ბაღდათი, დიმი, ხანი, დიმიტრაო, ამაღლება, შემდეგ საბეკა, გეგუთი, ობჩა, სვირი, შორაპანი, საჩხერე არგვეთში, - და რაჭასა და ლეჩხუმში. ამ ორ უკანასკნელ მაზრაში ვენახების უდიდესი ნაწილი ოლიხნარია და გაცილებით უკეთ არის გაშენებული, ვიდრე სხვაგან.

სამეგრელოში არ არის ისეთი ოლიხნარი ან დაბლარი ვენახები, რომლებიც აქ ჩამოთვლას იმსახურებდეს.

1865 წელს მისმა აღმატებულება პრინცმა მირსკიმ, ქუთაისის მაშინდელმა გუბერნატორმა, ბაღდათში შეიძინა მამული, სადაც დაახლოებით 30 არის[2] ფართობის ოლიხნარი იყო გაშენებული მხოლოდ ადგილობრივი თეთრი ჯიშის ვაზით: შანთი, მელეორი და კუმსა მწვანე. ეს ვენახები ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით პარალელურ ხაზებად გადააწვინეს, გასხლეს, ლითონის მავთულზე ექიმ ჟიულ გუიოს სისტემის მიხედვით გაიყვანეს, ზედმეტი კვირტები მოაცალეს, გაფურჩნეს და გოგირდი შეაფრქვიეს. 1866 წელს, როდესაც ნაცარმა ბაღდათის გარშემო მოსავლის სამი მეოთხედი გაანადგურა, ეს ვენახები გადარჩა. 1867 წელს, ორი წლით ადრე გადაწვენილი 5 არი ვენახიდან 6 ჰექტოლიტრი ღვინო დააყენეს, ანუ სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე დამახასიათებელია ამ მხარისთვის.

ფრანგული ღვინოებივით დაყენებული და ხის კასრებში დავარგებული ეს ღვინო იმდენად განსხვავდება ყველა იმერული ღვინისგან, რომ მას ადგილობრივები მცხოვრებლებიც კი ვერ ცნობენ.

პრინცმა მირსკიმ ასევე დაარგვევინა ოჯალეშის, გურიისა და რაჭის საუკეთესო ჯიშები, ბურგუნდიის შავი, ნაცრისფერი და თეთრი პინო, ბოჟოლეს პეტი გამე, პეტიტ სირა და ერმიტაჟის რუსანი. ყველა ეს ვაზი კარგად ხარობს. მათი დარგვიდან მხოლოდ მეორე წელია და უკვე საკმაოდ ბევრი მტევანი ასხია.

1868 წლის 24 აგვისტოსთვის ბურგუნდიის პინოები და გამე უკვე თითქმის მთლიანად მწიფე იყო, მაგრამ მათი ხარისხის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო.

ხანის, ბაღდათის, დიმის, ობჩისა და სვირის ვენახები მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ორივე ნაპირზე და ძირითადად გაშენებულია თიხოვან-კაჟოვან ან კაჟოვან ნიადაგში, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა ჯიშისა და ბუნების კეჭნარებს, სადაც დიდი რაოდენით მაგნეზიურ კირქვაში აქა-იქ შერეულია კვარცული ძარღვები.

დიმიტრაოს, ამაღლების, საბეკას ვენახები ამავე ტიპის ნიადაგზე მდებარეობს.

რაც შეეხება დანარჩენს, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ყველა ვენახი მდინარეების: რიონის, ყვირილას, ენგურისა და სუფსის ნაპირებზე, არის ალუვიურ თიხნარ-კაჟოვან ნიადაგში, რომელიც ეყრდნობა იმავე ტიპის კეჭნარების ქვენიადაგს.

დაბლარი ვენახი ზუსტად ისევე ირგვება, როგორც ოლიხნარი, მხოლოდ შუალედები არ არსებობს; ძირები დარგულია 0,6-დან 1 მეტრამდე დაშორებით. გასხვლა, მდებარეობა და მიმართულება იგივეა. მიუხედავად ამისა, ხარდანი, რომელიც ოლიხნარის შემთხვევაში 2-დან 4 მეტრამდეა, აქ 1,2-დან 1,5 მეტრამდე სიგრძის პატარა ჭიგოა, რომლის გარშემოც შემოხვეულია და თავდაღმა მიბმულია ხილით დატვირთული ტოტი. ძალიან ახლო-ახლო დარგული და აგრეთვე გადაწვენით გამრავლებული ეს ვაზები, მალე უძლურდება და მათი სიცოცხლისუნარიანობა ოც წელიწადს არც კი აღემატება.

დაბლარი ვენახი ოლიხნართან შედარებით უკეთაა მოვლილი და თითქმის ყველა ასეთი ვენახი გაშენებულია შედარებით მშრალ ნიადაგში და მზისგულზე. ვფიქრობ, რომ დარგვის უკეთესი ფორმით, ჯიშების უფრო ჭკვიანურად არჩევით, უკეთ გაშენებითა და გასხვლით ისინი სრულყოფილებას მიაღწევდნენ და შეძლებდნენ კავკასიის ყველა ღვინისთვის საუკეთესო სახელის მოპოვებას, რასაც ზოგიერთი მათგანი უდავოდ იმსახურებს. დაბლარი ვენახი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. ის მხოლოდ იმერეთშია და თითქმის ყველა მდებარეობს ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, ჭოგნარში, კაჟის შემცველ კირიან ნიადაგში; სიმონეთის, არგვეთის და შორაპნის ბექობებზე და ასევე ლეჩხუმსა და რაჭაში, სადაც თითქმის ყველგან ჭარბობს კირქვა.

გურიაში პროგრესულად მოაზროვნე თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ, გადაწყვიტა თავის ქვეყანაში ამ სფეროს გაუმჯობესება და საფრანგეთიდან და ყირიმიდან შემოტანილი ვაზის ჯიშებით სცადა დაბლარის გაშენება; თუმცა ეს ნარგავები ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ შედეგები შევაფასოთ.  

რთველი

ხეებზე გაშვებულ ვენახში ყურძენს კრეფენ და მცირე ზომის, დაწნულ, ქვედა მხარეს წვეტიან კალათებში (გიდელი) აწყობენ, რომლებიც ხის კაუჭით არის აღჭურვილი. როგორც კი ხეზე ასული კაცები ან ყმაწვილები კალათებს გაავსებენ, მათ ქვემოთ უშვებენ თოკით ან, უფრო ხშირად, ვაზის გრძელი ლერწით. ქალები, რომლებიც ამ შემთხვევაში ჩვეულებას გადაუხვევენ და მუშაობას ინებებენ, მიღებულ კალათებს ცლიან ერთ დიდ მოწნულ კალათში - ძარში. იგი დამაგრებულია პატარა ურემზე, რომელშიც წყვილი ხარია შებმული და მას მოკრეფილი ყურძნის გადასატანად იყენებენ.

რთველი ხშირად რამდენიმე კვირას გრძელდება როგორც იმ სირთულეების გამო, რაც კრეფას ახლავს თან, ისე მუშახელის სიმცირისა და იმ დიდი სივრცის გამო, რომელსაც ამგვარი ვენახები იკავებს, და რომლებიც ამავე მიზეზით მფლობელის სახლიდან კარგა დიდ მანძილზეა დაშორებული.

რთველში ძირითადად მხოლოდ ოჯახი ან მეზობლები მონაწილეობენ. ის ზოგჯერ სიმღერებით გაჯერებული პატარა დღესასწაულების საბაბი ხდება. მთელი დღის მანძილზე ისმის მერთველეთა გადაძახილი, რომელიც გარეულ ცხოველთა ყვირილს ჰგავს. ეს სიხარულის გამოხატვის მეტად გავრცელებული ჩვეულებაა.

ოლიხნარი 15-20 დღით უფრო ადრე იკრიფება. ყურძნის ზოგიერთი ჯიში ხშირად 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე უკვე დამწიფებულია.

ოლიხნარისა და დაბლარის რთველიც იმგვარადვე ტარდება, როგორც ხეებზე გაშვებული ვაზისა, ოღონდ აქ ქალები მამაკაცებთან ერთად კრეფენ ყურძენს.  

  

გააგრძელე ამ ნაშრომის კითხვა 

სიახლეები